Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გაკეთდა საქართველოში 2001 წელს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით


2001 წელი, წინა წლების მსგავსად ისტორიას დაპირებული გარდატეხების გარეშე ჩაბარდა. კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ისიც ისეთივე უღიმღამო იყო,

როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წლებად გამოცხადებული სხვა წლები. 1997 წლიდან მოყოლებული, (პირველად სწორედ ეს წელი გამოცხადდა კორუფციასთან ბრძოლის წლად) ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველი ახალი წლისთვის ერთსა და იმავეს გვპირდებოდნენ და აცხადებდნენ, რომ ახალი წელი კორუფციასთან გადამწყვეტი ბრძოლის წელი იქნებოდა. ასეა ახლაც, მაგრამ ასე იყო შარშანაც. თუ როგორც შესრულდა შარშანდელი, კორუფციასთან გადამწყვეტი ბრძოლის დაწყების მომასწავებელი დაპირებები?

კორუფციასთან წარუმატებელი ბრძოლის წლებს 2001 წელიც შეემატა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 2000 - ში პრეზიდენტის ბრძანებით კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფი შეიქმნა, 2001 წელს კი ანტიკორუფციული “თორმეტკაცა”, რომელსაც ანტიკორუფციული პროგრამის რეალიზაციის კოორდინაცია დაევალა, გასული წელი კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საწყისი გარდატეხების მომტანი მაინც უნდა ყოფილიყო. მით უფრო, რომ შარშან, ნაახალწლევს, პრეზიდენტმა საკმაოდ საქმიანი გამოსვლა შემოგვთავაზა და თქვა: “წლების მანძილზე ვიხვეწებოდი, ნუ გვაიძულებდნენ მიგვეღო რადიკალური ზომები. ზოგიერთები კიდევაც ქილიკობდნენ: აი, შევარდნაძის ათას მეჩვიდმეტე გაფრთხილება, ათას მეთვრამეტე გაფრთხილება და ასე შემდეგ. კი ბატონო, თუნდაც ათას მესამოცე ყოფილიყო. საზოგადოების და პრეზიდენტის მოთმინების ფიალა აივსო და ახლა ნუღარავინ ცდილობს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს მათ შეუძლიათ სიბრალული, შეწყნარება, პრეზიდენტს და ხელისუფლებას –კი არაო.”

ასეთი ომახიანი დასაწყისის მიუხედავად, წლის მიწურულს, პრეზიდენტი იძულებული გახდა თავისი მთავარი მიზნები გაეხსენებინა და კორუფციასთან ბრძოლით ძირეული გარდატეხების მიღწევა მომავლისთვის გადაელოცა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “მე ჩავთვლი ჩემს დარჩენილ საპრეზიდენტო ვადას ფუჭად ჩავლილად, როცა ის დამთავრდება, თუ უახლოეს 2-3 წელიწადში გარდატეხებს ვერ მივაღწევთ. უნდა მივაღწიოთ. მე მოვუწოდებ ზაზა შენგელიას, ცეცხლი დაანთე რა, ისეთი ცეცხლი, როგორიც ნიუ-იორკში დაანთეს. ვერ გადარჩება ადამიანი, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ არ იბრძვის. ის კორუფციის მსხვერპლი იქნება.”

მაგრამ, კორუფციასთან ბრძოლის ცეცხლი არ დანთებულა და არც კორუფციის მსხვერპლი გამხდარა ვინმე.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობის გათვალისწინებით, ბევრი – და მათ შორის ფილოსოფოსი გია ნოდიაც – ფიქრობდა, რომ საზოგადოების საპროტესტო განწყობის გასანეიტრალებლად პრეზიდენტი არაორდინალური ნაბიჯების გადადგმას შეეცდებოდა. მსგავსი არაფერი მომხდარა:

[გია ნოდიას ხმა] “პრეზიდენტი ახლა ფიქრობს, რა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს მოძრაობა პირადად მის წინააღმდეგ არ შეტრიალდეს. ყველა უყურებს შევარდნაძეს, რომელსაც უყვარს მოულოდნელი სვლების გაკეთება. სავარაუდოდ, ის შეეცდება რაღაც ისეთი გააკეთოს, რასაც მისგან არ ელიან, რამდენად მოახერხებს ამას, ეს უკვე სხვა ამბავია.”

შევარდნაძემ მოულოდნელი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხა. ყოფილ მინისტრებს, მათ შორის კახა თარგამაძეს და ვანო ჩხარტიშვილს, ის ძლივს შეელია.

მთავრობის გადადგომა და მისი ხელახალი ფორმირება უმტკივნეულოდ მოხდა, ისე, რომ არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და პრეზიდენტმაც მინისტრებად ისევ ისინი შეარჩია, რომლებსაც მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე “უსისხლოები და უნამუსოები” უწოდა. ეს აპრილში მოხდა, მაშინ როცა ჩვენი ხელისუფლების პირველ პირს ეყო გამბედაობა ეთქვა: “მე ძალიან მიკვირს რატომ არ გამოდის ქუჩებში მოსახლეობა, ან მართლა დაშინებული გვყავს ან აზროვნებას გადავაჩვიეთო”. ნოემბრის საპროტესტო მღელვარების შემდეგ, მოსახლეობის მიმართ ასეთ შენიშვნას ვეღარავინ გამოთქვამს, სამაგიეროდ საზოგადოებას ისევ აქვს საფუძველი, ხელისუფლებას დაპირებული და მიუღწეველი წარმატებებისთვის უსაყვედუროს.

მოკლედ, 2001 წელს კორუფციის წინააღმდეგ არც “ტოტალური” და არც “ჯვაროსნული” ლაშქრობა არ წამოწყებულა. სამაგიეროდ პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ რეალური ბრძოლის წელი ახლა უკვე 2002 წელი იქნება. ვნახოთ. დაპირებული ბრძოლა იმ ადამიანებმა, იმ მინისტრებმა უნდა აწარმოონ, რომელთა დამტკიცებისას, კობა დავითაშვილმა კოლეგა დეპუტატებს ერთი ცნობილი გამონათქვამი შეახსენა:

[კობა დავითაშვილის ხმა] “მეგობრებო, ნუ გეშინიათ ქურდების, მათ შეიძლება მხოლოდ გაგქურდონ. ნუ გეშინიათ მკვლელების, მათ შეიძლება მხოლოდ მოგკლან, მაგრამ თქვენს უკვდავ სულს ვერაფერს დააკლებენ. გეშინოდეთ გულგრილი ადამიანების, რადგან მათი ჩუმი თანხმობით ხდება ამ ქვეყანაზე ყველა მკვლელობა5 ყველა ქურდობა და ყველა ბოროტება.”
XS
SM
MD
LG