Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის აკადემიის პრობლემებით დაინტერესდნენ


გასული წლის სექტემბრიდან საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია ეროვნული თავდაცვის აკადემიად გარდაიქმნა.

თუმცა სახელწოდების შეცვლა ჯერჯერობით არაფრით დატყობია საქართველოს ერთადერთი უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სტატუსსა და სასწავლო - მატერიალური ბაზის მდგომარეობას. ამიტომ როგორც წინა წლებში, ახალი წლის პირველ დღეებშიც აკადემიის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა დახმარებისთვის ნატოს ქვეყნების სამხედრო ატაშეებისთვის მიემართა.
გესაუბრებათ კობა ლიკლიკაძე.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ გარდამავალ პერიოდში ქვეყანას სამხედრო ტექნიკაზე უფრო მეტად ახლებურად მოაზროვნე სამხედრო ლიდერები ესაჭიროება. სამწუხაროდ პერმანენტული ეკონომიკური კრისზისის გამო, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ისეთნაირად აიგება, რომ ხელფასებისა და კვების ხარჯების გარდა, მასში ფაქტიურად ადგილი არ რჩება ისეთი პრიორიტეტული სფეროს დასაფინანსებლად, როგორიც სამხედრო განათლების სისტემაა. ასეთ ვითარებაში ქართველი სამხედროები იმედს კვლავ უცხო ქვეყნების დახმარებაზე ამყარებენ. 4 იანვარს ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებთან შეხვედრაზე, თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორმა გენერალ - მაიორი ომარ ლეკვეიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და თურქეთის სამხედრო წარმომადგენლებს, სხვა საკითხებთან ერთად, აკადემიის წინაშე მდგარი პრობლემებიც შეახსენა.

როგორც გაირკვა, მწვავე ფინანსური პრობლემების გარდა, თავდაცვის ეროვნული აკადემია ამჟამად სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებლი ტექნიკური საშუალებების დიდ დეფიციტს განიცდის. აი, მათი არასრული ჩამონათალი:
[ომარ ლეკვეიშვილის ხმა] "სამხედრო - საინჟინრო ტექნიკა და მათი მოწყობილობის პლაკატები, სასწავლო ნაღმები, ნაღმების ამფეთქებელი მანქანები, სასროლო იარაღის მულიაჟი და პლაკატები, შეიარაღებისა და ტექნიკის ტარებაში სავარჯიშო ტრენაჟორ - სიმულატორები და კავშირგაბმულობის საშუალებები ძალიან ფართო არიალი"

ვერბალური პრეზენტაციის შემდეგ გენერალი ლეკვეიშვილი საერთოდ "ვა - ბანკზე" წავიდა, და სამხედრო ატაშეებს ვაზიანში განლაგებული ის სასწავლო ცენტრი დაათვალიერებინა, სადაც მომავალი სამხედრო ოფიცრები საწვრთნელ შეკრებას გადიან. ფარღალა საცხოვრებელი ყაზარმისა და კიდევ უფრო საშინელ მდგომარეობაში მყოფი სასადილოს ხილვამ მნახველებზე აშკარად დამთრგუნველად იმოქმედა. თუმცა მათთვის ძნელი გასაგები აღმოჩნდა, თუ რატომ ვერ ახერხებს წლების განმავლობაში სახელმწიფო რამდენიმე აუცილებელი ობიექტის აშენებას. საქართველოს ასეთ ვალდებულებაზე, ნატოს საკონტაქტო სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ენდრიუ კერიმ ჩვენთან საუბარში პირდაპირ მიანიშნა:
[ენდრიუ კერის ხმა] "მე მინდა აქვე აღვნიშნო, რომ თუ საქართველოს მართალა სურს სამხედრო განათლების სისტემის ჩამოყალიბება, ეს უნდა გაკეთდეს ქართველების მიერ და არა სხვა ქვეყნების იმედა და მათი გამოცდილების ბრმა წაბაძვით. აქვე მე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეების სახელით ვამბობ, რომ საქართველოს სამხედრო განათლების სისტემის დასახვეწად, ჩვენ მზად ვართ შემდომშიც ვითანამშრომლებთ თავდაცვის ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობასთან".

მიუხედავად სამხედრო ატაშეების მზადყოფნისა დაეხმარონ თავდაცვის აკადემიას, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივად რჩება. საქართველოს მთავარი სამხედრო უწყების მოხელეები კი ერთადერთი სამხედრო სასწავლებლის წინაშე მდგარი პრობლემებს ჯერჯერობით ბოლომდე ვერ აცნობიერებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG