Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემები


საქართველოს მოსახლეობისადმი საახალწლო მიმართვაში ქვეყნის პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ქართული სახელმწიფოს მთავარ ორიენტირად და უკანასკნელ ნავსაყუდელად ევროპის გაერთიანება

- ევროკავშირი დაასახელა.

თუმცა, საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს ასე ერთმნიშვნელოვნად და გამჭვირვალედ არ აღიქვამს.

ია ანთაძე გესაუბრებათ საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემებზე.

გასული წლის ბოლო გადაცემაში, "კურიერ P.S."-ის სტუმარმა, ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საგულისხმო აზრი გამოთქვა. მისი შეფასებით, რუსეთთან საქართველოს აკავშირებს შიში, ხოლო დასავლეთთან - ხანგრძლივი მიზიდულობა. შესაბამისად, თუ ქვეყნის სამომავლო პოლიტიკურ ორიენტაციას საფრთხის შეგრძნება განსაზღვრავს, რუსეთისკენ გადავიხრებით; ხოლო თუ ჩვენი მისწრაფებების განხორციელებისთვის ვიზრუნებთ, შევეცდებით, დავუახლოვდეთ დასავლეთს.

გასული წლის პოლიტიკური მოვლენებიც და სოციოლოგიური კვლევის შედეგებიც ამ თვალსაზრისს ადასტურებს.

გაზეთ "ქრონიკის" სოციოლოგიურმა სამსახურმა სამი და ათი დეკემბრის ნომრებში საინტერესო შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხული 500 რესპოდენტიდან 59% მიიჩნევს, რომ საქართველოსადმი ყველაზე მტრულად განწყობილი სახელმწიფო რუსეთია. მტრულად განწყობილ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა თავად საქართველო - გამოკითხულთა 4% ფიქრობს, რომ საკუთარ თავზე დიდი მტერი არ გვყავს. ამერიკა საქართველოსადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ დაასახელა სამმა პროცენტმა.

არანაკლებ საინტერესოა მეორე გამოკითხვის შედეგები: 37% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე გადამწყვეტი გავლენა აქვს რუსეთს; ხოლო 27% ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის გავლენას ექვემდებარება.

თუ ამ ორი გამოკითხვის შედეგებს შევაჯამებთ, ასეთ სურათს მივიღებთ: ქართული საზოგადოება საფრთხის მთავარ წყაროდ რუსეთს მიიჩნევს; თუმცა, მისივე აზრით, ხელისუფლება სწორედ ამ საფრთხის გავლენით მოქმედებს და არა ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

გასული წლის პოლიტიკური მოვლენები კიდევ უფრო მკაფიო სურათს ქმნის. საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თვალსაზრისით მთავარი მოვლენები ასე დაჯგუფდება: 16 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა ეგრეთ წოდებულ "ნულოვან ვარიანტს"; 1 მარტს სრულად ამოქმედდა სავიზო რეჟიმი საქართველოსა და რუსეთს შორის, აფხაზეთში ლიბერალური ზონის შენარჩუნებით; 1 ივლისს რუსეთმა დაარღვია ეუთოს სტამბულის სამიტზე ხელმოწერილი შეთანხმება და არ მოახდინა გუდაუთის სამხედრო ბაზის ლიკვიდაცია; 9 ოქტომბერს ორჯერ დაიბომბა კოდორის ხეობა, იგივე განმეორდა 29 ოქტომბერს, 27 ნოემბერს კი რუსეთის მხრიდან შემოფრენილმა თვითმფრინავებმა პანკისის ხეობა დაბომბეს; 11 ოქტომბერს პარლამენტმა მიიღო დადგენილება რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ კონფლიქტის ზონიდან, თუმცა, გადაწყვეტილება არ შესრულებულა; 30 ნოემბერს ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ შევარდნაძე და პუტინი. ამ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა სერიოზული ვერბალური აგრესია დააფიქსირა საქართველოს მიმართ, რაც უპასუხოდ დარჩა. როგორც ვხედავთ, მთელი გასული წლის განმავლობაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობას რუსეთის მხრიდან ძალადობა და ძალის დემონსტრირება ახლდა.

ახლა ვნახოთ, როგორი იყო საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან. 20 მარტს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი ლუი ფრი, 15 დეკემბერს კი - ამავე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი; 5 ოქტომბერს ამერიკაში ერთმანეთს შეხვდნენ პრეზიდენტები ჯორჯ ბუში და ედუარდ შევარდნაძე; 11-23 ივნისს ნატოს პროგრამით "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ფოთში ჩატარდა ფართომასშტაბიანი სამხედრო წრთვნა, რომელშიც ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ოთხი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა; ხოლო 28-29 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა ნატოს სამეცნიერო კომიტეტის გასვლითი სხდომა, რომელიც, სხვათა შორის, ნატოს არსებობის ისტორიაში პირველად გაიმართა გასვლითი ფორმატით; 5 ივლისს შევარდნაძემ მიიღო ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი, ხოლო 12 სექტემბერს - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლორდი რასელ ჯონსტონი.

სტუმრებისა და მოვლენების ეს მშრალი და არასრული ნუსხა ნათლად ასახავს რუსეთიდან მომდინარე საფრთხესაც და დასავლეთის ინტერესსაც საქართველოს მიმართ. დავამატებთ, რომ ამ ნუსხაში არაფერია ნათქვამი გასულ წელს დასავლეთიდან მიღებულ გრანტებსა და კრედიტებზე, აგრეთვე, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პროექტებზე.

მოვლენათა ეს ჩამონათვალი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ჩვენს დაშინებასა და დათრგუნვას ცდილობს, დასავლეთი კი ჩვენს მიმართ პატივისცემას გამოხატავს და გვეხმარება.

ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა დავეთანხმოთ ბატონ რამაზ საყვარელიძეს: თუ ჩვენი ქვეყნის მომავალს შიში წარმართავს, პოლიტიკური ორიენტაციაც პრორუსული გვექნება, ხოლო თუ ღირსების გრძნობას არ დავკარგავთ, დასავლეთი სიხარულით მიგვიღებს თავის წიაღში.
XS
SM
MD
LG