Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ომი ტერორიზმის წინააღმდეგ, შესაძლოა სომალიში გაგრძელდეს


ბოლო დროს ექსპერტები ხშირად გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ვაშინგტონისა და მის მოკავშირეთა ომი ტერორიზმის წინააღმდეგ ავღანეთის სამხედრო ოპერაციით არ დასრულდება და გაგრძელებას რომელიმე სხვა ქვეყანაში ჰპოვებს.

თუ ამ ”სხვა ქვეყნად” თავდაპირველად ერაყი ითვლებოდა, ახლა ფიქრობენ, რომ დარტყმას ერაყზე ადრე იგემებს სომალი, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე ქვეყანა.

გაზეთ ”ვაშინგტონ თაიმსის” ხუთშაბათის ნომერი გვამცნობს, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გაახშირეს სადაზვერვო ფრენა სომალის ნახევარკუნძულზე, რასაც, შესაძლოა, იქ ალ ყაიდის ბანაკებზე თავდასხმები მოჰყვეს. ამ ცნობას დამაჯერებლობა არ აკლია და არამარტო იმიტომ, რომ ”ვაშინგტონ პოსტს” ახლო კონტაქტი აქვს სამხედრო და სადაზვერვო წყაროებთან. სტატიის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე გერმანიამ 6 სამხედრო გემი გააგზავნა სომალის ნახევარკუნძულის ირგვლივ ზღვებში საგუშაგოდ. ხოლო ოფიციალური ვაშინგტონი სომალის ალ ყაიდის ტერორისტების შეკედლებაში ადანაშაულებს. გასულ თვეში სომალის ამერიკული დელეგაცია ეწვია- ექსპერტების ვარაუდით, იქ ტერორისტების ობიექტებზე იერიშების მოსამზადებლად.

მაგრამ ექსპერტები ვაშინგტონს სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ: მას ურჩევენ, არ დაივიწყოს 1993 წელი, როცა სომალიში სამშვიდობო მისიით განთავსებული 18 ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს.

როგორც ჩვენი რადიოს თანამშრომელს, ჯეფრი დონოვანს უთხრა ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის აფრიკის განყოფილების დირექტორმა, სტივენ მორისონმა:

[სტივენ მორისონის ხმა] ”იმედია, საქმე ამერიკული ჯარის ინტერვენციამდე არ მივა. მოგონებები სომალიზე, 93 წლის ტრაგედიაზე ჯერ არ გაფერმკრთალებულა”.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, დონალდ რამსფელდმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომი საწყის სტადიაშია და დროთა განმავლობაში ავღანეთის საზღვრებს გასცდება. მართალია, რამსფელდს არ მიუთითებია სომალისთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმის არსებობაზე, მაგრამ მისი თქმით:

[დონალდ რამსფელდის ხმა] ”ვიცით, რომ სომალიში საწვრთნელი ბანაკები არსებობს, რომ იქ წლების მანძილზე მუშაობენ და თუ ადამიანების ყურადღება მიიქციეს, მუშაობას წყვეტენ.”

რამსფელდმა ისიც აღნიშნა, რომ ანტიტერორისტული ომის შემდგომ ეტაპზე ვაშინგტონი სხვა სახელმწიფოებს კიდევ უფრო აქტიურ მხარდაჭერას სთხოვს. ხოლო სომალისა და სხვა ქვეყნებს, ვინც ანტიტერორისტულ კოალიციაში არ ჩაება და ტერორისტებს დახმარება გაუწია, სათანადო პასუხს გასცემს.

[დონალდ რამსფელდის ხმა] ”რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებიც ტერორისტებს იკედლებენ, ცხადია, მათ ანტიტერორისტული კოალიციისათვის დახმარება არ გაუწევიათ და ჩვენ მოგვიწევს სათანადო ზომების გამონახვა მათთან გასამკლავებლად”.

საინტერესოა, რომ გასულ კვირაში ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში სომალელი საველე მეთაურების ჯგუფმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას სომალიში სამხედრო ინტერვენციისაკენ, რახან ამჟამინდელი, დროებითი მთავრობა, მათი თქმით, მუსლიმან ექსტრემისტებს მფარველობს. მაგრამ არაერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ სომალიში ინტერვენციის მომთხოვნი საველე მეთაურები ექსტრემიზმით აღშფოთებული კი არ არიან, არამედ ეთიოპიის კარნახით მოქმედებენ. ეთიოპია კი სომალის დასუსტებისაკენ მიისწრაფვის.

და მაინც, ვინ არიან სომალიში მოქმედი მუსლიმანი ექსტრემისტები, რომლებზეც ამდენი ცნობა ვრცელდება? ლაპარაკი, როგორც წესი, არის ისლამურ ტერორისტულ ორგანიზაცია ალ იტიჰადზე, ალ ყაიდასთან დღემდე მჭიდროდ დაკავშირებულ ჯგუფზე. ალ იტიჰადს ადანაშაულებენ 1998 წელს აღმოსავლეთ აფრიკაში ამერიკული საელჩოების აფეთქებაში თანამონაწილეობაში. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სომალიში ალ იტიჰადისა და სხვა ექსტრემისტული ორგანიზაციების წარმატებას განაპირობებს მათი საქველმოქმედო საქმიანობა; სოციალურ და განათლების საკითხებზე ზრუნვა ქვეყანაში, სადაც სიღატაკე და განუკითხაობა სუფევს.

ექსპერტები, მათ შორის სტივენ მორისონი იმედოვნებენ, რომ დიპლომატიის მეშვეობით მოხერხდება სომალიში კრიზისთან დაკავშირებით წინსვლის მიღწევა. ამ მიზნით მომავალ კვირაში სუდანში გაიმართება დიპლომატთა შეხვედრა.

სხვათა შორის, სუდანიც მიეკუთვნება იმ ქვეყნებს, სადაც, შესაძლოა, ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ომი გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG