Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ომში ახალი ეტაპი დაიწყო


ავღანეთში შეერთებული შტატების მიზნები თვალსაჩინო იყო, როცა ვრცელდებოდა ცნობები ქაბულისა და ყანდაარის დაცემის თუ თორა ბორის დაბომბვის შესახებ,

როცა ყოველდღე მოელოდნენ ოსამა ბინ ლადენის, მოლა მოჰამად ომარისა თუ მათი უახლოესი თანამზრახველების შეპყრობას. მაგრამ ასე იყო გასულ თვეში. ბოლო ორი კვირა კი ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ომი, არაერთი მიმომხილვევლის შეფასებით, უფრო რთულ ფაზაში შევიდა. დღეს მიმოვიხილავთ ზოგიერთ მოვლენას, რომელიც ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს უფრო კომპლექსური სტრატეგიის შემუშავებისაკენ უბიძგებს.

დასავლეთ ავღანეთში, სადაც განუკითხაობა სუფევს, ირანი თავისი ზეგავლენის გაზრდას ცდილობს. პაკისტანში ჯერაც გაურკვეველი მიზეზით ჩამოვარდა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი. პაკისტანისა და ავღანეთის სასაზღვრო რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცები დაეძებენ თალიბანისა და ალ ყაიდის ლიდერებს, რომელთა უმრავლესობა ჯერაც არ შეუპყრიათ. როგორც ”ნიუ იორკ თაიმსის” მიმომხილველი, დევიდ სენგერი დაასკვნის, ანტიტერორისტული ომი მტრულ გარემოში პოლიციის მუშაობას დაემსგავსა.

”ჩვენ რთულ ეტაპზე ვიმყოფებითო”, აღიარა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა შაბათს, წინა დღით ავღანეთში სერჟანტ ნათან ჩეპმენის დაღუპვის, აგრეთვე გამოქვაბულების ჩხრეკის პროცესის კომენტირებისას. დევიდ სენგერი შენიშნავს, რომ ბოლო ხანს ჯორჯ ბუში იშვიათად თუ მოიხსენიებს ხოლმე ბინ ლადენისა და მოლა ომარის ძებნის საკითხს, თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტის ზოგად განცხადებებს ”საბოლოოდ ბოროტმოქმედთა მართლმსაჯულებისთვის გადაცემის” შესახებ. ხოლო მიმდინარე კვირაში გაირკვა, რომ პენტაგონი აღარ აპირებს კონკრეტულ პირთა ძებნაზე ინფორმაციის რეგულარულად გავრცელებას. მთავარ ეჭვმიტანილთა წარუმატებელ ძებნას სხვა პრობლემებიც ემატება: როგორ აღიკვეთოს ინდოეთ-პაკისტანის მორიგი ომი? მიზანშეწონილია თუ არა ანტიტერორისტულ ომში მეორე ფრონტის გახსნა? ან სად იქნება ეს მეორე ფრონტი?

მაშინ როცა საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში უმწვავეს საკითხად მაინც ბინ ლადენის ადგილსამყოფელი რჩება, ჯორჯ ბუშის თანაშემწეები წარმატებებზე ამახვილებენ ყურადღებას. ისინი აღნიშნავენ, რომ ახალი მთავრობა მოსალოდნელზე უმტკივნეულოდ ამოქმედდა, რომ ქვეყანაში ბრიტანელი მშვიდობისდამცველები ჩავიდნენ, რომ ქალები ქაბულის უნივერსიტეტში დასაბრუნებლად ემზადებიან და რომ გრძელდება სახმელეთო ნაღმების ამოღების პროცესი. გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში შეიპყრეს ალ ყაიდის ორი მაღალი რანგის წარმომადგენელი, ჩვენებაზე დაიყოლიეს ასობით ტყვე. პრეზიდენტი ბუში ამ ფაქტებზე მითითებით ირწმუნება, რომ ექსპერტები, რომელთა აზრით, ანტიტერორისტულ ომს წარმატება არ უწერია, ისევე ცდებიან დღეს, როგორც ცდებოდნენ ოქტომბრის დასაწყისში, თალიბანის რეჟიმის დამხობამდე.

და მაინც, არაერთი ექსპერტი, მათ შორის დევიდ სენგერი, დაეჭვებულია ბუშის ადმინისტრაციის მორიგი ნაბიჯებისათვის მზადყოფნაში. სენგერი იმოწმებს ოთხშაბათის ბრიფინგს, როცა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, არი ფლაიშერმა ფაქტობრივად უპასუხოდ დატოვა შეკითხვები: რამდენი ხანი იქნებიან დაკავებული ტყვეები, რომელთა რიცხვი სულ უფრო მატულობს? ან არიან თუ არა ეს ადამიანები ნამდვილი ”სამხედრო ტყვეები”?
XS
SM
MD
LG