Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვრის წარმომადგენლები განმარტავენ ცნებებს ”ომის ტყვე”, ”უკანონოდ მებრძოლი” და ”დაკავებული”


ჩვენს გადაცემებში არაერთხელ გვისაუბრია ორ ცნებაზე, რომლებსაც ხშირად მოიხსენიებენ ავღანეთში თალიბანისა და ”ალ ყაიდის” ასობით მებრძოლის შეპყრობასთან დაკავშირებით.

ეს ცნებებია ”სამხედრო ტყვე” და ”დაკავებული”. შაბათს ამ ორ ცნებასა და მათ შორის სხვაობაზე ვიმსჯელეთ 1949 წლის ჟენევის კონვენციაზე მითითებით და გაგაცანით ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ადამ რობერტსის მოსაზრებები. დღეს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ”წითელი ჯვრის” პოზიციაზე მოგითხრობთ.

”წითელი ჯვრის” პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვის და რა შემთხვევაში უნდა ეწოდოს ”სამხედრო ტყვე” ან ”დაკავებული”, კვირა საღამოს ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოხატეს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. პრესკონფერენციის მსვლელობაში ხშირად ახსენებდნენ კიდევ ერთ ცნებას, ”უკანონოდ მებრძოლს”, თუმცა, ვიდრე მას შევეხებოდეთ, ისევ ჟენევის კონვენციას უნდა დავუბრუნდეთ: კონვენციის მიხედვით, ”სამხედრო ტყვე” არის მებრძოლ მხარეთა შეიარაღებული ძალების რეგულარულ ან არარეგულარულ შემადგენლობაში მყოფი პირი, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდა. ”წითელი ჯვრის” შეფასებით, ”სამხედრო ტყვის” ეს განმარტება ესადაგება ავღანეთში შეპყრობილ თალიბანის მებრძოლებს და არ ესადაგება ”ალ ყაიდის” წევრებს. როგორც აღნიშნავენ, ”ალ ყაიდის” მებრძოლებს იმ შემთხვევაში მიაკუთვნებდნენ სამხედრო ტყვეებს, თუ დაცული იქნებოდა რამდენიმე წინაპირობა: მაგალითად, ”ალ ყაიდის” წევრებს დაუფარავად უნდა ეტარებინათ იარაღი და ოპერაციები უნდა განეხორციელებინათ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონების დაცვით.

”წითელი ჯვრის” მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, კატრინ დემანი აღნიშნავს, რომ ”სამხედრო ტყვე” იურიდიული ტერმინია. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ”სამხედრო ტყვედ” არ ითვლება, ანუ ”უკანონოდ მებრძოლებს”, მათგან თითოეულის სტატუსი სასამართლომ უნდა განსაზღვროს. ხოლო ეს სასამართლო უნდა იყოს დემოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო, რომელიც შექმნილი იქნება მებრძოლთა დამატყვევებელი ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე.

პრესკონფერენციაზე ახსენეს კიდევ ერთი ტერმინი, რომელსაც შეერთებული შტატების წარმომადგენლები ხმარობენ: ”ბრძოლის ველზე დაკავებულები”. როგორც ქაბულში ”წითელი ჯვრის” წარმომადგენელმა, მაიკლ კლაინერმა აღნიშნა, ეს არ არის იურიდიული კატეგორია. ამასთან, [მაიკლ კლაინერის ხმა] ”წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი არ იძიებს ადამიანების შეპყრობის მიზეზებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მხოლოდ ის, ამყოფებენ თუ არა დაკავებულებს მისაღებ პირობებში, ანუ აქვთ თუ არა მათ საჭმელი, სასმელი, დაბანისა და ლოცვის, სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა. ეს არის მინიმალური სტანდარტი, რომლის დაცვა აუცილებელია.”

ჩვენი რადიოს კორესპონდენტის, დან ალექსეს შეკითხვას, რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა პატიმრების ამყვანი მხარე ჟენევის კონვენციას არღვევს, კატრინ დემანმა ასე უპასუხა:

[კატრინ დემანის ხმა] ”როცა კონფლიქტში გახვეული სახელმწიფო თუ მხარე არ ასრულებს თავის ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ”წითელი ჯვარი” იწყებს ამ საკითხზე რაც შეიძლება ზუსტი და სანდო ინფორმაციის შეგროვებას, რის შემდეგაც პირდაპირ ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუკავშირდებით და ვცდილობთ, მათთან ერთად გამოვძებნოთ ვითარების გაუმჯობესების გზები. ეს, ცხადია, მათი მხრიდან თანამშრომლობისათვის მზადყოფნაზეა დამოკიდებული.”

დაბოლოს, რაც შეეხება სხვაობას ”ტყვესა” და ”დაკავებულს” შორის, ”წითელი ჯვარი” სემანტიკურ ნიუანსზე მიუთითებს: მისი განმარტებით, ავღანეთის შემთხვევაში ”ტყვეები” შეიძლება იყვნენ მხოლოდ ის პირები, ვინც ანტიტერორისტულმა კოალიციამ შეიპყრო, ხოლო დანარჩენებს, ანუ ავღანელი მებრძოლების მიერ შეპყრობილებს, ”დაკავებულები” უნდა ვუწოდოთ.
XS
SM
MD
LG