Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლების მორიგი კომპრომისი -კოდორის ხეობას ბედის ანაბარა მიტოვება ემუქრება


ჭუბურხინჯის ოთხმხრივ შეხვედრაზე ხელმოწერილმა ოქმმა, რომელიც კოდორის ხეობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალების გამოყვანას ითვალისწინებს, პარლამენტარების აღშფოთება გამოიწვია.

საქართველოს ხელისუფლების უკანდახევას მკვეთრად უარყოფითად აფასებენ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებიც. თამაზ ნადარეიშვილის აზრით, საქართველოს არმიის რეგულარული ნაწილის კოდორის ხეობიდან გამოყვანას, ხეობის დაკარგვა მოჰყვება. მოუსმინეთ ეკა წამალაშვილს

გალის რიონის სოფელ ჭუბურხინჯში გაფორმებული ოქმი, რომელსაც “კონფლიქტის ზონაში ვითარების მოწესრიგების შესახებ” ოქმი ეწოდა, არის შეთანხმება, რომელსაც კოდორის ხეობიდან საქართველოს არმიის შეზღუდული კონტინგენტის გამოყვანა უნდა მოჰყვეს. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე ამ შეთანხმების კომენტირებისას ამბობს, რომ კოდორის ხეობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვეგანაყოფების რაოდენობის შემცირება, აფხაზთა მხარის მიერ ტყვარჩელის რაიონიდან მძიმე ტექნიკის გაყვანის პარალელურად უნდა მოხდეს. მალხაზ კაკაბაძის განმარტებით, შეთანხმება ხეობიდან ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას არ გულისხმობს. საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი დიტერ ბოდენი კი განსხვავებულ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, კოდორის ხეობიდან სამხედრო ქვეგანაყოფის გაყვანა და გაეროს სამხედრო მეთვალყურეების მიერ ხეობის ზედა ზოლის პატრულირება თებერვლის ბოლოდან დაიწყება.

როგორც ჩანს, აფხაზთა მხარის კატეგორიული მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნება. ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების განახლების პირობად, აფხაზები სწორედ კოდორის ხეობიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაყვანას აყენებდნენ. სოხუმის მოთხოვნას იზიარებდა ბოდენიც, რომელიც თვლიდა და თვლის, რომ მოლაპარაკების განახლებისთვის, კოდორის ხეობაში ოქტომბრის მოვლენებამდე არსებული სტატუს-კვო უნდა აღდგეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ კოდორის ხეობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კონტინგენტი გასული წლის ოქტომბერში ხეობის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შევიდა. ამით ოთხმხრივი შეთანხმება დაირღვა, თუმცა სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ხეობაში დღეს 350 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. უკანასკნელ პერიოდამდე საქართველოს ხელისუფლება ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონის დაცვაზე უარის თქმას გაურბოდა. მინისტრად დამტკიცებისას თავდაცვის მინისტრმა პარლამენტარებს განუმარტა, რომ კოდორში არმიის ქვეგანაყოფი მანამდე იდგებოდა, სანამ ეს საჭირო იქნებოდა.

დღეს ვერავინ იტყვის, რომ კოდორის ხეობას დაცვა აღარ ესაჭიროება, თუმცა პარასკევს, პარლამენტში მისულმა დიტერ ბოდენმა, ჭუბურხინჯის შეთანხმება დადებით მოვლენად შეაფასა.

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი პარლამენტში მას შემდეგ გამოცხადდნენ, რაც ჭუბურხინჯში ხელმოწერილი ოქმით შეშფოთებულმა დეპუტატებმა მათთან შეხვედრა მოითხოვეს.

დეპუტატი ივერი ჭელიძე თვლის, რომ ქართველი სამხედროების ხეობიდან გასვლის პარალელურად, იქაურობას ადგილობრივი მოსახლეობაც დატოვებს, რადგან მას უსაფრთხოების არავითარი გარანტია აღარ ექნება, თამაზ ნადარეიშვილი კი ოთხმხრივი შეთანხმების შესრულების შემთხვევაში კოდორის ხეობის დაკარგვას წინასწარმეტყველებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვეგანაყოფის კოდორის ხეობიდან გამოყვანას ის დაუშვებლად თვლის და შეგვახსენებს, რომ აფხაზების მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილებას 1992 წელს გაგრის დაკარგვა მოჰყვა, 93 -ში კი სოხუმის. ასეა თუ ისე, შეთანხმება უკვე მიღწეულია. საქართველოს მხარემ სოხუმის კიდევ ერთი კატეგორიული მოთხოვნის შესრულება გადაწყვიტა.
XS
SM
MD
LG