Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ მეღვინეთუხუცესი 70 წლისაა


გასულ კვირაში ქართულმა საზოგადოებამ ოთარ მეღვინეთუხუცესის 70 წლის იუბილე აღნიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს დაბადების დღე საქართველოს პრეზიდენტმაც მიულოცა, საიუბილეო საღამოს მოწყობაზე მეღვინეთუხუცესმა კატეგორიული უარი განაცხადა. თავმდაბლობა, თავდაჭერილობა იყო და არის ამ არტისტის სტილი – ცხოვრებაშიც, სცენაზეც და ეკრანზეც.

თავდაჭერილობა, შესაძლოა, არც იყოს მომგებიანი არტისტისთვის, რომელსაც ეს პროფესია აიძულებს განუწყვეტლივ იცვალოს როლი, ანუ საკუთარი თავი უარყოს. მაგრამ ოთარ მეღვინეთუხუცესი – გამონაკლისია. შეიძლება ითქვას – იშვიათი გამონაკლისიც. იგი ნამდვილად არ არის “ბერიკა”, ნიღბების მსახიობი. მაშინაც კი, როცა გმირის ხასიათი არ შეესაბამება მისი, როგორც პიროვნების ხასიათს, ოთარ მეღვინეთუხუცესს ურჩევნია იფიქროს, იწვალოს, მიაგნოს საერთოს თავის ხასიათსა და გმირს შორის, ვიდრე სრულიად გარდაიქმნას და საკუთარ თავს უღალატოს.

არ ვიცი, უთქვამს თუ არა მას ოდესმე უარი რომელიმე როლზე, მაგრამ ფაქტია, ვინც არ უნდა განესახიერებინა მეღვინეთუხუცესს სცენაზე თუ კინოში - ოტელო თუ მეფე გიორგი, კრეონი თუ ელიოზი, ფიროსმანი თუ ოიდიპოს მეფე, დონ-კიხოტო და არზაყანი, საკუთარ თავს იგი არასდროს ღალატობდა. “იშვიათი გამონაკლისიაო” როცა ვამბობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითუარყოფისკენ მიდრეკილება აბსოლუტურად ყველა არტისტს ახასიათებს. სწორედაც რომ არა – უამრავ მსახიობს ჰქონია ეს სურვილი გადაელახა “ქამელეონად ყოფნის” ვნება და სცენაზე და ეკრანზე საკუთარი თავი განესახიერებინა. მაგრამ ყოველა მსახიობმა იცის, რაოდენ სახიფათოა ეს: რაოდენ დიდია განმეორების საშიშროება, რაოდენ სარისკოა ითამაშო ერთი და იგივე როლი – საკუთარი თავი. იმისათვის, რომ მაყურებელს თავი არ მოაბეზროს, განუწყვეტლივ უნდა იზრდებოდეს, არა იმდენად როგორც მსახიობი, რამდენადაც როგორც პიროვნება, უნდა იყოს იმდენად მდიდარი, რომ საკუთარი თავი არასდროს ამოწუროს, რათა მაყურებელმა ერთის მხრივ იცნოს და გაუხარდეს მსახიობის ცნობა, მეორეს მხრივ კი, გაუკვირდეს, რაღაც ახალი აღმოაჩინოს მასში.

ოთარ მეღვინეთუხუცესის თავდაჭერილობა, მისი უნარი არასდროს “გაშიშვლდეს” ბოლომდე და ყველა როლში თავისთვისაც, პუბლიკისთვისაც რაღაც საიდუმლო დაიტოვოს, “ბოლომდე ართქმული”, მას არტისტების იმ ჯგუფთან აერთიანებს, რომელთაც “მონუმენტალისტებს” უწოდებენ ხოლმე. ღირსეული, ძლიერი სახეების შექმნა იტაცებს და თუ გმირს ეს თვისებები აკლია, იგი მაინც მიანიჭება მას, რადგან ცხოვრებაშია ასეთი – არ უყვარს “ზიზილ-პიპილო”, არ უყვარს მორთულ-მოკაზმულობა. მარჯანიშვილელთა არცთუ ისე წარმატებულ სპექტაკლში “მაყურებლისთვის ამ სპექტაკლის ნახვა აკრძალულია”, როცა იგი სცენაზე გამოდის (აქ კი მეღვინეთუხუცესი თეატრის მსახიობის როლს ასრულებს), ყველაფერი მაშინვე იჩრდილება. ყველაფერი და ყველა... სწორედ იგი ხდება ცენტრალური პერსონაჟი. მაგრამ, ამავე დროს, ეს არ არის არც აკაკი ხორავას და არც ჟან გაბენის სტილი – ეს არ არის მონუმენტურობა მონუმენტურობისთვის, როცა არტისტი ქანდაკებას ემსგავსება სცენაზე თუ ეკრანზე. ცენტრალური პერსონაჟები იქმნება არა ძალის, თუ მტკიცე ნებისყოფის, არამედ იმ იდუმალების, “ბოლომდე ართქმულის” გამო, რასაც მისი გმირები თავიანთ თავში ატარებენ. მაყურებლის ყურადღება მისკენაა მიმართული, რადგან პუბლიკას სურს ჩაწვდეს ამ საიდუმლოს, პუბლიკა ხედავს, რომ თავად მსახიობი იღვწის ამისკენ და მსახიობთან ერთად მიჰყვება ჭეშმარიტების ძიების ამ გზას.

“მსახიობი ყოველთვის უნდა ეძებდესო” – უთქვამს ერთხელ ჟერარ ფილიპს და, შესაძლებელია, მეღვინეთუხუცესი სწორედ ასეთი ტიპის არტისტებს მივაკუთვნოთ. ამ თვალსაზრისით ძალზე საინტერესოა სიტყვა, რომელიც ოთარ მეღვინეთუხუცესმა გასული წლის მიწურულს, ჭაბუა ამირეჯიბის საიუბილეო საღამოზე წარმოთქვა. ამ სიტყვაში ყველაზე კარგად გამოჩნდა, თუ რას აფასებს ეს მსახიობი ხელოვანში, და, რაც მთავარია, რა არის მისი, როგორც შემოქმედის იდეალი ხელოვნებაში.

[ოთარ მეღვინეთუხუცესი იუბილეს ულოცავს ჭაბუა ამირეჯიბს] “აბა რა გითხრა, ჭაბუა ბატონო. საფიქრელი შენ მასწავლე და ახლა ერთი გვაქვს ორივეს მგონი. რომ აქო, თავის ქება გამომივა, ასე ვფიქრობ მე, არადა 80 წელი შეგსრულებია უკვე. თავისუფლება და ზნეობა ყოფილა მთავარი შენთვის, ბევრი გიფიქრია და მიგიგნია კიდეც, თუ რისთვის ეძლევა კაცს სინდისი, ძალა, სიკეთე, დედაკაცი, მეგობარი, ერი, ვენახი და მინდორი, საქონელი ყოველი, სოფელი. “რაც დავწერე, ნანახმა და განცდილმა დამაწერინაო, გითქვამს ხშირად. გადატანილი კი იმდენი და ისეთი გაქვს, ერთი კაცისთვის, ნამეტანი ხომ არაა ნეტავი, მაინც ასე ამბობ, “არა აქვსო უფლება მწერალს, გაბოროტდეს, ბოღმა ჩაიდოსო გულში. თქმა ერთია და საქმე, ამაზე წერა - კიდევ სხვა, სიტყვა და საქმე კი ერთი იყო ყოველთვის შენთვის, ზნეობის მაგალითი ბრძანდები და თავისუფალი ხომ ხარ და იყავი მუდამ...”

90-იანი წლების დასაწყისში ოთარ მეღვინეთუხუცესი დათანხმდა, მთავარი როლი შეესრულებინა იმხანად ყველასათვის უცნობი რუსი რეჟისორის, დმიტრი ასტრახანის ფილმში "განვედ ჩემგან", რომელიც შემდეგ, ტრიუმფით უჩვენეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. ჟიურიმ მეღვინეთუხუცესი მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა, ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, “ასეთ მსახიობს ჰოლივუდში საუკეთესო რეჟისორები გადაიღებდნენო”. დმიტრი ასტრახანის ფილმი საქართველოში ბევრს არ უნახავს, ბევრმა არ იცის, რომ სურათში “განვედ ჩემგან” ოთარ მეღვინეთუხუცესმა ურთულესი ამოცანა გადაწყვიტა: მან, ფაქტობრივად, დათა თუთაშხიად აქცია თავისი შეშინებული გმირი, რომელსაც, როგორც ებრაელს, საუკუნის დასაწყისის უკრაინაში, ანტისემიტთა “პოგრომი” ელოდება. უფრო სწორად, არა დათა თუთაშხიად, არამედ მეღვინეთუხუცესად – მონობიდან – თავისუფლებისკენ, არასრულფასოვნების განცდიდან – ღირსებისკენ.

დმიტრი ასტრახანის ფილმში განსახიერებულმა გმირმა მსოფლიო აღიარება მოუტანა მეღვინეთუხუცესს არა მარტო იმიტომ, რომ თავად ფილმს ჰქონდა წარმატება. უბრალოდ, ყველა მიხვდა, რომ როგორც უნდა ფლობდე სამსახიობო ტექნიკას, საათნახევარში შეუძლებელია მიაღწიო ასეთ გარდასახვას, თუ თავად არ ხარ ღირსეული, (ისევ მეღვინეთუხუცესის სიტყვები რომ გავიხსენოთ), თუკი ზნეობა და თავისუფლება მთავარი არ არის არტისტისთვის, როგორც პიროვნებისთვის.

ქართულ კულტურას ასეთი არტისტი ცოტა ჰყავს. არც რომელიმე სხვა მსახიობს მიუღია ამდენი ჯილდო თეატრსა და კინოში განსახიერებული როლებისათვის. 16 იანვარს, მარჯანიშვილის თეატრში მოწყობილ, როგორც რუსები ამბობენ, "კაპუსტნიკზე”, ახალგაზრდა მსახიობებმა მეღვინეთუხუცესის სწორედ ეს ჯილდოები გაგვახსენეს. [ხმა: მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები აღნიშნავენ ოთარ მეღვინეთუხუცესის იუბილეს] “საქართველოს დამსახურებულ არტისტს, საქართველოს სახალხო არტისტს, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს, შრომის წითელი დროშის ორდენოსანს, ღირსების ორდენოსანს, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატს, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის, ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზის მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, სტანისლავსკის პრემიის, რუსთაველის პრემიის, რუსეთის თეატრალური საზოგადოების პრემია “თოლიის”, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, კიდევ რა ჯილდო დაგრჩათ მისაღები არ ვიცით, მაგრამ ჩვენს, ჩვენსას მაინც მოგახსენებთ, ქართული თეატრალური ხელოვნებისა და ქართული კინოს განვითარებაში უდიდესი ღვაწლისა და უამრავი როლის გრანდიოზულად შესრულებისთვის, ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს... მიენიჭოს მარჯანიშვილის სახელობის თეატრის კოლექტივის სიყვარულის პრემია”.

საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, როგორც მსახიობი, რომ არ უყვარდეს. მარჯანიშვილის თეატრში განხორციელებული რეფორმის შემდეგ, როცა თეატრიდან რამდენიმე მსახიობი დაითხოვეს, მას, როგორც მარჯანიშვილელთა სამხატვრო ხელმძღვანელს, მტრებიც გაუჩნდა. ოპონენტებიც კი ამბობენ, იგი დიდი მსახიობიაო. მაგრამ ერთ რამეში ცდებიან – იგი სცენასა და ეკრანზე თავის თავს თამაშობს და აბა, როგორ შეიძლება, კარგი იყოს სცენაზე და ცუდი – ცხოვრებაში?
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG