Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მომავალი ინვესტორის შესახებ


რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შესაძლო ინვესტორის, თურქეთის კომპანია „ჩუქუროვა ჰოლდინგის“ დასახელებას დაინტერესებული საზოგადოების ერთი ნაწილის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

პრესაში გავრცელებული მოსაზრებების თანახმად საქართველოს მთავრობა მეტალურგიულ ქარხანას პრივატიზების ნაცვლად „ჩუქუროვა“ საჩუქრად გადასცემს და მისგან საბანკო გარანტიასაც არ ითხოვს.

საქართველოს მთავრობას რომ სახელმწიფო ქონების მართვის უნარი არ გააჩნია, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. საწარმოს რომელსაც ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი მოგების მოტანა შეეძლო, დღეს 100 მილიონ დოლარზე მეტი ვალის პატრონია და კარგახანია პროდუქციაც არ გამოუშვია. კრედიტორებმა ვალის დაბრუნების მიზნით ერთ წელზე მეტია სასამართლოში ქარხნის გაკოტრების საქმე აღძრეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავის მეტალურგიული ქარხანა სამართავად კრედიტორთა საბჭოს გადაეცა და გაკოტრების რეჟიმში მოექცა.

მას შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურები, ქონების მართვისა და ეკონომიკის სამინისტროები ცდილობენ მეტალურგიული ქარხანა გაკოტრებას, ანუ ნაწილ-ნაწილ დაშლასა და ჯართად გაყიდვას გადაარჩინონ. ამ მიზნით, გასული წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ თურქეთის ხელისუფლებას თხოვნით მიმართა. თურქეთის მთავრობამ მეგობარი საქართველოსათვის ძალისხმევა არ დაიშურა, გამოსავალი იპოვა და მეტალურგიული გიგანტის „ერდემირისა“ და „ჩუქუროვა ჰოლდინგის“ დახმარება შესთვაზა.

თურქებს ქარხნის სარეაბილიტაციო პროგრამაზე მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდათ, რომ უეცრად საქართველოს მთავრობამ მათთან კავშირი გაწყვიტა და შვეიცარულ „კონალაგესთან“ დაიწყო მოლაპარაკებები. 100 ათასი შვეიცარიული ფრანკის საწესდებო კაპიტალის მქონე კომპანია, ჩვენს ხელისუფლებას მეტალურგიული ქარხნის რეაბილიტაციისათვის 350 მილიონი დოლარის ინვესტიციას დაჰპირდა. შედგა სათანადო პროგრამა, რომელიც კრედიტორთა საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მოიწონა. თუმცა „კონალაგემ“ ვერც 7,5 მილიონი დოლარის საბანკო გარანტიის წარდგენა შეძლო და 2002 წლის პირველი იანვრისთვის დაგეგმილი პირველი საინვესტიციო ტრანშის, 350 ათასი დოლარის გადმორიცხვაც ვერ მოახერხა. შესაბამისად მასთან დადებული ხელშეკრულებაც გაბათილდა.

ახლა საქართველოს მთავრობამ კვლავ თურქები გაიხსენა და გაჭირვებით მოახერხა „ჩუქუროვა ჰოლდინგისა“ და „ერდემირის“ დაყოლიება. მათთან ერთად რუსთავის მეტალურგიული ქარხნის რეაბილიტაციით „US სტილიც“ დაინტერესდა.

21 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ სხვადასხვა ძალები ამ პროექტის ჩაშლას ცდილობენ, განაწყობენ რა საზოგადოებრივ აზრს თურქული ინვესტიციის წინააღმდეგ. მისი აზრით, საინვესტიციო პროგრამის ჩაშლა და თურქებთან ურთიერთობის გაფუჭება იმ კომპანიებს თუ კერძო პირებს აძლევს ხელს, რომლებიც ჯართად დაშლილი ქარხნისაგან მატერიალურ სარგებელს მიიღებენ.

ძირითადი ბრალდება კი ის არის, რომ საქართველოს მთავრობა თურქი ინვესტორისაგან საბანკო გარანტიას არ ითხოვს. გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ „ჩუქუროვა ჰოლდინგს“ მეტალურგიულ ქარხანას საჩუქრად გადასცემენ. თურქული მხარე საქართველოს ხელისუფლების მიერ იქნა მოწვეული და მან სამთავრობო გარანტია წარმოადგინა.

[გაჩეჩილაძის ხმა] „ეს უკვე ის ურთიერთობაა, როდესაც გარანტად დგება მთავრობა. ჩვენ თუ ჩვენს ურთიერთობებს ხაზს გადავუსვამთ და არაფრად ჩავთვლით თურქეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის წერილს და საბანკო გარანტიას მოვთხოვთ, ესეც შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ აქ ორმხრივ ურთიერთობებში გაურკვევლობა წარმოიშვება.“

ინვესტორებს გადაწყვეტილი აქვთ 105 მილიონი დოლარის დაბანდებით მეტალურგიული ქარხანა აღადგინონ და აამუშაონ. ამოქმედებული საწარმო კი უფრო რეალურს გახდის კრედიტორთა დავალიანების გასტუმრებას.

სარეაბილიტაციო პროგრამის მიხედვით დაგეგმილია ქარხნის მოძველებული ტექნოლოგიის თანამედროვე ამერიკული ტექნიკით შეცვლა და 2500 კაცის დასაქმება, რასაც გარე ინფრასტრუქტურაში 2-ჯერ მეტი მოქალქის დასაქმებაც მოჰყვება.
XS
SM
MD
LG