Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენი დევნილების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე საქართველოსა და რუსეთის ორმხრივი კომისია იმუშავებს


პანკისის ხეობაში არსებული ვითარების შესასწავლად, საქართველოში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოვლენ.

პანკისის ხეობაში მყოდი ჩეჩენი დევნილების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე კი საქართველოს და რუსეთის ერთობლივი კომისიის წევრები იმუშავებენ. ვლადიმირ რუშაილოს მიერ თბილისში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა პანკისის ხეობაში არსებული ვითარება იყო.

რუსეთი საქართველოს შეუცვლელ სტრატეგიული მოკავშირედ რჩება. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ვლადიმირ რუშაილოსთან შეხვედრის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძე რუსეთის განსაკუთრებულ და შეუცვლელ როლს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ საქართველო და რუსეთი ურთიერთშემხვედრ გზაზე დგანან.

ამ ორ ქვეყანას შორის გასაფორმებელ ჩარჩო ხელშეკრულებაზე მუშაობა თვენახევარში დამთავრდება. პრეზიდენტის კომენტარით, აღნიშნული ხელშეკრულება საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები, კეთილმეზობლობასთან ერთად, მათ სტრატეგიულ მოკავშირეობასაც ადასტურებდეს.

მოკლედ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შევარდნაძემ ცალსახად დაუდასტურა, რომ რუსეთის და საქართველოს გზები არ გაყრილა და რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, რუსეთთან თანამშრომლობაზე კვლავინდებურად სერიოზულ იმედებს ამყარებს. შევარდნაძეს იმისიც სჯერა, რომ რუსეთის სამშვიდობო მისიისთვის მანდატის გაგრძელება და რუსი “ცისფერჩაფხუტიანების” მოქმედების არეალის სოხუმის მიმართულებით გაფართოება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებას. სამშვიდობო ძალების მანდატის და ფორმატის გაფართოებას, თუ ეს მოხდა, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულ მიღწევად ჩათვლის. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლო არ უნდა იყოს ვერსია, რომლის მიხედვით, ჩეჩენი დევნილების სამშობლოში დაბრუნებისთვის ზრუნვას, საქართველო, სამშვიდობო ძალების ფორმატის გაფართოების მიღწევის სანაცვლოდ თანხმდება.

ოთხშაბათს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმაც დაადასტურა, რომ ჩეჩენი დევნილების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე რუსეთ-საქართველს ერთობლივი კომისია იმუშავებს.

[ნუგზარ საჯაიას ხმა] “ ამაზე შეთანხმება ჯერ კიდევ პრეზიდენტების სატელეფონო საუბრისას იქნა მიღწეული. ეს კომისია ჩამოვა და იმუშავებს ამ პრობლემაზე. ამავე დროს, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სურვილი დევნილებისა.”

ერთობლივი კომისიის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, დაემთხვა პერიოდს, როცა, პირველად ამ წლების განმავლობაში, პანკისის ხეობის მოსახლეობამ ჩეჩენი დევნილების გასახლება მოითხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავად ჩეჩენი დევნილები აცხადებენ, რომ ისინი არ ენდობიან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების დაპირებებს. “ჩეჩნეთში დაბრუნების შემთხვევაში, ჩვენ უსაფრთხოების არავითარი გარანტიები არ გვექნება და ამიტომ იქ დაბრუნებას არც ვაპირებთ.” – აღნიშნავენ ისინი.

ასეა თუ ისე, ჩეჩენ დევნილთა საკითხსა და პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებაზე რუშაილო საქართველოს უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრებსაც ესაუბრა. მოგვიანებით, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში, ხელი მოაწერეს დოკუმენტს რუსეთ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. პანკისის ხეობაში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვლენ.
XS
SM
MD
LG