Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2002 წლის გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტი – ციფრები და რეალობა


2002 წლის ბიუჯეტს, რომელიც მიღებისთანავე ყველამ გამოიტირა, ზრდის შესამჩნევი ტენდენცია,

წინამორბედთან შედარებით, მხოლოდ თავდაცვის სფეროსთან მიმართებაში ახასიათებს. თუკი შარშან საქართველოს სამხედრო უწყების ბიუჯეტი 33 მილიონი ლარის ფარგლებში დაიგეგმა, ხელისუფლება მიმდინარე წელს თავდაცვის სამინისტროს სამი მილიონით მეტი ლარის დახარჯვის უფლებას აძლევს. თუმცა, ამ ციფრებს ქვეყნის დამცველები დიდად არ აღუფრთოვანებია, რადგან მოსალოდნელი ინფლაციისა და რამდენიმე პირველადი სახის პროდუქტზე ფასების ზრდის პირობებში, ეს გაზრდილი თანხა შესაძლოა შარშანდელზე ნაკლებიც კი აღმოჩნდეს.

2002 წლის სამხედრო ბიუჯეტის პარამეტრების შედგენაზე მუშაობა თავდაცვის სამინისტროში ჯერ კიდევ გასული წლის ივლისის შუა რიცხვებში დაიწყო. ასეთი თადარიგიანობისკენ მთავარი სამხედრო უწყების რესურსების მართვის ჯგუფს უბიძგა საქართველოს პრეზიდენტის ივლისის განკარგულებამ, რომელიც სამხედრო ხაზით ერთ-ერთ გადაუდებელ ღონისძიებად ეგრეთწოდებულ “პროგრამული სამხედრო ბიუჯეტის” შედგენას ითვალისწინებდა.

აღსანიშნავია, რომ ახალ მოდელზე გადასვლა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო მრჩევლებმა და ნატოს ქვეყნების ექსპერტებმა ურჩიეს. წინანდელთან შედარებით ამგვარი ბიუჯეტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ სამხედრო ხარჯების პროცენტული გამოთვლა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლიდან ხდება, შემდგომ კეთდება თავდაცვისუნარიანობის წინაშე მდგარი ამოცანების სტრატეგიული შეფასება და დგება პრიორიტეტული სამხედრო პროგრამები, რომელთა განხორციელებაზეც უნდა იქნას მიმართული საბიუჯეტო სახსრები.

ასეთი თანმიმდევრულობის დაცვით რესურსების მართვის ჯგუფმა ივლისის ბოლოს შექმნა “პროგრამული ბიუჯეტის” პროექტი, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტებმაც და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი.

როგორც თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის რესურსების მართვის სამმართველოს უფროსმა მაია ჭიაბრიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პროექტის ავტორებმა ორიენტაცია თავიდანვე აიღეს იმაზე, რომ სამინისტროს ხარჯებს შეედგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 1%, ანუ 71 მილიონი ლარი. ცნობისთვის, სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ს 1,5% ით განისაზღრება და 67 მილიონ დოლარს შეადგენს.

მაგრამ “პროგრამული ბიუჯეტზე” ფიქრი ფუჭი ოცნება აღმოჩნდა.
ვინაიდან ქვეყანის ფისკალური სტრუქტურები რეალურად ვერ შეძლებდნენ ასეთი მაკროეკონომიკური პარამეტრის დონეზე გაეწიათ თავდაცვითი ხარჯების მომსახურება, სამხედრო უწყება იძულებული გახდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, საბიუჯეტო მიჯნა ჯერ 44 მილიონზე დაეფიქსირებინა, შემდეგ - 40-ზე, საბოლოოდ კი ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ 36 მილიონ ლარს დათანხმებოდა.

ასე რომ, საფიანანსო წლის დასაწყისში თავდაცვის სამინისტრო იძულებულია, კიდევ ერთხელ გადახედოს პრიორიტეტებს და, როგორც გასულ წელს, შეამციროს პროგრამების მოცულობა.

[მაია ჭიაბრიშვილის ხმა] ”მოგვიწევს ისევ ამ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის გადასინჯვა; მოგვიწევს ხელოვნურად, ანუ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით პირადი შემადგენლობის ხარჯების შეკვეცა. ეს საშუალოდ, დღევანდელი მონაცემებით, იქნება 25 მილიონი ლარი. და აი, დარჩენილი თანხა უნდა ეყოს საბრძოლო შენაერთების ქმედითუნარიანობას. ანუ ესეც, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან შეკვეცილი ხარჯები. განვითარებაზე, ალბათ, ნაკლებად იქნება შესაძლებელი საუბარი. ეს იქნება არსებული დონის შენარჩუნებისთვის გაწეული ხარჯები”.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს ქართველი სამხედროები ბიუჯეტიდან გასულ წელთან შედარებით 3 მილიონი ლარით მეტ ფულს მიიღებენ, რაც თავისთავად ძალიან კარგი ტენდენციაა, ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესებისა და კომუნალურ გადასახადებზე ფასების მომატების გათვალისწინებით, ეს თანხა შესაძლებელია შარშანდელზე ნაკლებიც აღმოჩნდეს. ვითარებას ამძიმებს წინა წლებში დაგროვილი სხვადასხვა სახის კრედიტორული დავალიანება, შეიარაღებისა და ტექნიკის რემონტის ხარჯები, სამხედრო მოსამსახურეთა გაყინული სახელფასო ფონდი, რაც საერთო ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ყოველგავარ აზრს კარგავს საუბარი ოფიცრებისა და სამოქალაქო პერსონალისათვის შრომის ანაზღაურების გაზრდასა და მათთვის სამხედრო მოსამსახურის სტატუსით მინიჭებული სოციალური პროგრამების დაფინასებაზე. მეტიც, როგორც მაია ჭიაბრიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მიმდინარე წელს სამხედრო მოსამსახურეებს ამ თვალსაზრისით რამდენიმე მეტად არასასიამვნო სიურპრიზი ელოდება. კერძოდ, გაუქმდა კანონით დაწესებული შეღავათი სატელეფონო მომსახურებით სარგებლობაზე და სამხედრო მოსამსახურეებს ჩამოერთვათ უფლება, უფასოდ იმგზავრონ მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად დავით თევზაძემ რესურსების მართვის ჯგუფს დაავალა, არასაბიუჯეტო შემოსავლების, ე.წ. სპეცსახსრების მობილიზების ხარჯზე მოახდინონ სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასების თუნდაც მინიმალური ზრდა. თუმცა, შანსები აქაც მინიმალური აღმოჩნდა.
[მაია ჭიაბრიშვილის ხმა] “მაგრამ ეს არ არის იმდენად სტაბილური შემოსავლები, ანუ, ვთქვათ, წელს თუ ორი მილიონია, მომავალ წელს რამდენი იქნება, უფრო მეტი, თუ უფრო ნაკლები ვერავინ იტყვის. და უბრალოდ, ალბათ შეუძლებელია თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, რომ წელს ვთქვათ, რომ ამის ხარჯზე ხელფასი გაეზარდოთ და მომავალ წელს ამის შესაძლებლობა აღარ იყოს”.

ერთადერთი, რის შესაძლებლობასაც 2002 წლის ბიუჯეტი ჯერ კიდევ იძლევა, სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასების დროული ანაზღაურებაა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG