Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი “ალ ყაიდის” დახმარებას სდებს ბრალად ირანს


ავღანეთის სამომავლო პოლიტიკური მოწყობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ირანის ხელისუფლებამ თანამშრომლობისთვის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საერთაშორისო თანამეგობრობას და საქმითაც დაამტკიცა ეს.

კაცი იფიქრებდა, რომ ვაშინგტონი თეირანთან ფრთხილ მიახლოებას განაგრძობდა, მაგრამ ჯერ ჯორჯ ბუშმა ერისადმი თავის მიმართვაში ირანი “ბოროტების ღერძზე” განამწესა. 2 თებერვალს კი თავდაცვის მინისტრმა რამსფელდმა ირანს წამყვანი თალიბებისა და ალ ყაიდელებისთვის თავშესაფრის მიცემაში დასდო ბრალი. ირანელები აღაშფოთა ამერიკელების უმადურობამ, ისინი სანქციების შესუსტებას მაინც იმედოვნებდნენ და ახლა, ვაშინგტონის დამოკიდებულებას უსამართლოდ მიჩნევენ, განსაკუთრებით პაკისტანის ფონზე: თალიბანი პაკისტანში შეიქმნა და ბირთვული იარაღი ისლამაბადს რა ხანია, აქვს. რამსფელდის ეს განცხადება მოჰყვა სხვა ამერიკელი პოლიტიკოსების მცდელობებს, ზურგი გაემაგრებინათ “ბროტების ღერძის” შესახებ ბუშისეული დოქტრინისთვის. მანამდე, სხვათა შორის, საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლინ პაუელმა თქვა, რომ სანამ პრეზიდენტი თავის მიმართვას საჯაროდ წაიკითხავდა, მან ის ნახა და მთლიანად გაიზიარა მიმართვაში ასახული ხედვა.

ჯორჯ ბუშის გამონათქვამმა, რომ ირანი, ერაყი და ჩრდილოეთი კორეა “ბოროტების ღერძს” წარმოადგენენ, შეაფიქრიანა ამერიკის ევროპელი პარტნიორები, რომლებიც ირანის მიმართ კოოპერატიულად არიან განწყობილი. მაგალითად, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუშის გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ევროპის კავშირი მომავალშიც ძველებურად გააგრძელებს თანამშრომლობას ირანთან. ავღანეთის საკითხში ირანის კონსტრუქციულ მოქმედებას დადებითი შეფასება მისცა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გერმანიაში, მიუნხენში თქვა, ბევრს დასავლეთში არ მოსწონს, ამ ურჩ სახელმწიფოებად წოდებულ ქვეყნებთან ეკონორმიკური ურთიერთობა რომ გვაქვს, მაგრამ ზოგიერთი თქვენი მოკავშირე სპარსეთის ყურეში ტერორისტებს რომ ეხმაროება, არც ჩვენ მოგვწონსო. ივანოვისვე თანახმად, არ არის დამტკიცებული, რომ ირანი ტერორისტებთან არის დაკავშირებული.
ბუშის გამოსვლას წინ უსწრებდა შეერთებული შტატების მასმედიაში ირანის მიმართ ნეგატიურად განწყობილი რეპორტაჟები. ამ დროს ისრაელი, რომელიც ირანთან ყველაზე მეტად დაპირისპიერბული სახელმწიფოა, თეირანს კვლავაც უდიდეს საშიშრობად და ახლო აღმოსავლეთში არეულობის ინიციატორად წამოადგენს. ამას მოჰყვა ისრაელის მიერ სატვითრო გემზე პალესტინელებისთვის განკუთვნილი იარაღის მიკვლევა. იარაღი კი, ისრაელის მონაცემებით, ირანიდან მოდიოდა. ისრაელი არაფატს, “ჰესბოლასა” და ირანს შორის ტერორისტული ღერძის შესახებ ლაპარკობს. ირანი რომ ინრპანი გახვეულია ამ საქმეში, დამტკიცებული არ არის, თუმცა ამის გამორიცხვა ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ძნელია იმის დაშვება, რომ ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამია რამენაირად დაკავშირებული პალესტინელებისთვის იარაღის მიწოდებასთან. არაფატთან კავშირი თეირანს აქვს, მაგრამ ასეთი მჭიდრო თანამშროლობა შესაძლებელი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება ახლანდელ ბრალდებას, ის საფუძველსმოკლებული არ არის. გერმანიის პრესის თანახმად, ირანში “ალ ყაიდის” შიიტ წევრებს მისცეს შესვლის შესაძლებლობა. აქვე შეგახსენებთ, რომ ალ ყაიდა და თალიბები სუნიტები არიან.

რამსფელდმა თავის ბრალდებაში თქვა, რომ ირანში 250-მდე ალ ყაიდელი და თალიბი გადავიდა და მათ საზღვრები არ გადაუკეტეს, როგორც ეს, მაგალითად, პაკისტანმა გააკეთა. ლამის უფრო შორს წავიდა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კონდოლიზა რაისი, რომლის აზრით, ირანი ავღანეთის გარდამავალი მთავრობის დესტაბილიზაციითაც არის დაკავებული.

ირანის მთავრობამ, მისმა პრეზიდენტმა ტერორიზმს ბრძოლა გამოუცხადა. ამასთან, ავღანეთის ახლანდელი მთავრობის ურჩი საველე მეთაურები დაიყოლია, არ ამხედრებოდნენ კარზაის. მომავალში კი, ალბათ თეირანის პოზიცია მეორეხარისხოვანი არ იქნება თუკი ვაშინგტონი სადამ ჰუსეინთან მართლაც გადაწყვეტს ანგარისწორებას.

სულ ახლახან ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა რაფსანჯანიმ განაცხადა, მაჰმადიანურ სახელმწიფოებს საკმარისად აქვთ ბირთვული იარაღი ისრაელის მოსასპობადო. კონდოლიზა რაისის ნათქვამიც ამას თუ უკავშირდება, მისი თქმით, ბუშის ფორმულირებებით ნუ შეწუხდებით, ჯობს თქვენი ენერგია იმას მოახმაროთ, ამ რეჟიმებმა ბირთვული იარაღი ვერ შექმნანო.

საინტერესოა, რომ ირანის რელიგიურმა წინამძღოლებმა ტერორიზმს ჯიჰადი გამოუცხადეს, მაგრამ პალესტინელთა ბრძოლა, მათი თვალსაზრისით, არ უნდა მივიჩნიოთ ტერორად, ის ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ განთავისუფლების მოძრაობაა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG