Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ჰარისონის სიმღერა და სამართლებრივი პრეცედენტი


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა იანვრის ბოლოს ბრიტანეთის მუსიკალური ჰიტების სიაში პირველ ადგილზე გავიდა ჯორჯ ჰარისონის 31 წლის წინათ დაწერილი სიმღერა

“My Sweet Lord”, მაგრამ, როგორც ირკვევა, ეს პოპულარული სიმღერა მუსიკის ფარგლებს სცდება.

ლეგენდარული “ბითლსის” ყოფილი წევრის ჯორჯ ჰარისონის 1970 წელს ჩაწერილმა სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა ჰიტების სიაში, როგორც ბრიტანეთში, ისე შეერთებულ შტატებში. მაგრამ ჰარისონმა მიიღო უფრო მეტი ფული, ვიდრე ითხოვდა მასში იმ წლებში.

ამ სიმღერაზე საავტორო უფლებების შესახებ კამათი ორი ათეული წლის განმავლობაში გრძელდებოდა შეერთებული შტატების სასამართლოში. მიზეზი – მსგავსება ორი სიმღერის მელოდიებს შორის. ესენია ჰარისონის “My Sweet Lord” და ამერიკული ჯგუფი “შიფონის” 1962 წელს გამოშვებული “He’s So Fine”.

ჰარისონი, რომელიც გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა, მაინცდამაინც ხშირად არ ლაპარაკობდა ამ სასამართლო პროცესზე, მაგრამ 1994 წელს ავსტრალიელ ჟურნალისტ პოლ კაშმირისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა აზრი ამის თაობაზე. მაგნიტურ ჩანაწერში, რომელიც კაშმირმა ჩვენს რადიოს გადმოსცა, ჰარისონი აღიარებს, რომ მისი სიმღერა გადაიქცა ე.წ. საერთო სამართლის პრეცედენტად საავტორო უფლებების თაობაზე.

[ჯორჯ ჰარისონის ხმა] “ეს გრძელზე გრძელი ამბავია, რადგან ახლა ნებისმიერ სარჩელში, რომელიც საავტორო უფლებების ხელყოფას ეხება, ყველა ამ საქმეს იმოწმებს. იცით, ეს საქმე პრეცედენტად იქცა და იგი შეტანილია ყველა იურიდიულ სახელმძღვანელოში.”

სარჩელი ჰარისონის წინააღმდეგ 1971 წელს შეიტანა “Bright Tunes Music Corporation”-მა, რომელიც მაშინ ფლობდა სიმღერა “He’s So Fine”-ის საავტორო უფლებებს.

შეერთებული შტატების სასამართლოს თავდაპირველად ორი რამ უნდა დაედგინა. პირველი: რამდენად იდენტურია ორი სიმღერის მელოდიები?; და მეორე: რა ფინანსური ზარალი მოჰყვა საავტორო უფლებების დარღვევას?

სიმღერების ანალიზის, მთავარ მელოდიურ კომპონენტებად მათი დაშლის შედეგად, გაირკვა რომ ორივე შეიცავს თითქმის იდენტურ მუსიკალურ ფრაზას. ჰარისონმა ეს ფრაზა პირდაპირ სასამართლო დარბაზში, გიტარის აკომპანემენტით წაიმღერა.

[მუსიკა]

ეს მოტივი შეადარეს 1962 წელს “შიფონის” მიერ ჩაწერილი სიმღერის მთავარ მუსიკალურ ფრაზას.

[მუსიკა]

როცა ორივე სიმღერის ერთნაირი მუსიკალური ფრაზები მოისმინა, მოსამართლემ დაასკვნა: “სრულიად ცხადია, რომ ეს ორი სიმღერა, ფაქტობრივად, იდენტურია.” მოსამართლის თქმით, ჰარისონის მიერ ოდნავი შელამაზება მის სიმღერას ორიგინალურ ნაწარმოებად ვერ აქცევს.

ჰარისონმა იქვე აღიარა, რომ მოსმენილი ჰქონდა სიმღერა მაშინ, როცა ის ბრიტანეთის 20 საუკუთესო სიმღერას შორის იყო დასახელებული 1963 წელს. ჰარისონის აღიარებისა და მისი მუსიკალური კოლეგის, ბილი პრესტონის მონაყოლის შემდეგ, იმის შესახებ, თუ როგორ იწერებოდა “My Sweet Lord”-ი მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ჰარისონს არ ჰქონდა განზრახული მელოდიის მოპარვა და მან, ასე ვთქვათ,“ქვეცნობიერად მოახდინა პლაგიატი.” ჰარისონი ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, შეიტანა აპეალცია და წააგო.

სწორედ სააპელაციო სამართლოს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ხელყოფის პრეცედენტს. ის შემდეგში მდგომარეობს: საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტი შეიძლება დადგინდეს ორი სამხილის საფუძველზე, როცა საავტორო უფლებების მფლობელი აჩვენებს, რომ გვიანდელი ნამუშევარი არსებითად იდენტურია საავტორო უფლებებით დაცული მისი ორგინალისა და როცა დამტკიდება, რომ გვიანდელი ვარიანტის ავტორს ჰქონდა ადრეული ვარიანტის გაცნობის შესაძლებლობა.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შეერთებული შტატების საავტორო უფლებების აქტი არ მოითხოვს იმის დამტკიცებას, რომ პლაგიატი განზრახ და არა უნებლიედ იქნა გაკეთებული.

ჰარისონს 587 000 დოლარი ჯარიმა შეაწერეს საავტორო უფლებების მფლობელის, Bright Tunes-ის სასარგებლოდ, მაგრამ ამასობაში ამ უკანასკნელის სტატუსი შეიცვალა. საქმე ისაა, რომ ჰარისონის ბიზნესმენეჯერმა ალან კლაინმა საიდუმლოდ იყიდა სიმღერა “He’s So Fine”-ის საავტორო უფლებები. ამ საქმეს სასამართლოში მოგვიანებით “საეჭვო ბიზნესის ეთიკა” ეწოდა. ჰარისონი ამ არაეთიკურმა საქციელმა აღაშფოთა და მან კლაინი დაითხოვა.

[ჯორჯ ჰარისონის ხმა] “როცა მათ პირველად მიჩივლეს “My Sweet Lord”-ის გამო, კლაინი ჩემი ბიზნესმენეჯერი იყო. სწორედ მან გამოსცა “My Sweet Lord”-ი და გასამრჯელოდ ფირფიტის შემოსავლიდან 20 პროცენტიც მიიღო. და სწორედ მან მიშოვა ადვოკატები და ჟურნალ “პლეიბოის” მისცა ინტერვიუ, რომელშიც ამტკიცებდა, ერთ სიმღერას მეორესთან არაფერი აქვს საერთოო.”

ჰარისონმა თქვა, რომ მაშინ შეეპარა ეჭვი, როცა “Bright Tunes”-მა შეწყვიტა მასთან მოლაპარაკებები ჯარიმის თაობაზე. ცოტა ხნის შემდეგ ჰარისონმა აღმოაჩინა, რომ კლაინი მის ზურგს უკან მოქმედებდა: წავიდა და იყიდა სიმღერა He’s So Fine-ის საავტორო უფლებები, რათა, ამ უფლებებით აღჭურვილი, ჰარისონის წინააღმდეგ გამოსულიყო. როგორც კი კლაინმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, ჰარისონმა თავის მხრივ დაიწყო სასამართლო საქმე თავისი ყოფილი მენეჯერის წინააღმდეგ, რომელიც უპატიოსნოდ მოიქცა და მოწინააღმდეგეს საშინაო ფინანსური ინფორმაცია გადასცა და შემდეგ ჰარისონის ზურგს უკან მისი მოწინააღმდეგის სიმღერის საავტორო უფლებები იყიდა.

1981 წელს შეერთებული შტატების სასამართლო დაეთანხმა ჰარისონს, რომ კლაინმა არ უნდა იხეიროს ზემოხსნებული სიმღერის საავტორო უფლებების შესყიდვის შედეგად, რომ კლაინის ღალატი ჯილდოს არ იმსახურებს. ერთგულება უნდა გრძელდებოდეს იმ შემთხვევაშიც კი, როცა კლაინი დათხოვილია. მაგრამ სასამართლო ამით არ დამთავრებულა და კიდევ ათი წელი გაგრძელდა, ვინაიდან კლაინი ასე ადვილად დანებებას არ აპირებდა.

[ჯორჯ ჰარისონის ხმა] “ყოველთვის, როცა მოსამართლე შედეგს გამოაცხადებდა, კლაინი განაჩენს ხელახლა აპროტესტებდა. და მანამდე აპროტესტა, სანამ საქმე უზენაეს სასამართლომდე არ მივიდა. ეს საქმე 16 თუ 18 წელიწადს გაგრძელდა. და შედეგად “My Sweet Lord”-ი ჩემია და ახლა “He’s So Fine”-იც ჩემია. და ალან კლაინს ჩემი 300 ათასი დოლარი მართებს. ეს ნამდვილი ანეკდოტია. წმინდა წყლის ანეკდოტი.”

ჰარისონის მემკვიდრეებს ახლა ეკუთვნით კონტროლი ორივე სიმღერაზე და მის ქვრივსა და ვაჟს შეეძლოთ მოეთხოვათ მოგება, რომელიც მოიტანა იანვრის ბოლოს სიმღერა “My Sweet Lord”-ის ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოცემამ. ეს ფული მათ გადასცეს საქველმოქმედო ფონდს, რომელიც 1973 წელს დააარსა ჰარისონმა, კლაინის დათხოვნის შემდეგ.

ჰარისონი თავის 1994 წლის ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტებიც ამ გადაცემაში გამოვიყენეთ, ამბობს, რომ ხანგრძლივმა სასამართლო პროცესმა, გარდა იმისა, რომ საავტორო უფლებების ხელყოფის პრეცედენტი შექმნა, მრავალი წლის განმავლობაში უამრავი იურისტი დაასაქმა.

[მუსიკა: “My Sweet Lord”]
XS
SM
MD
LG