Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოქალაქეთა კავშირი" ყველა დონის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ინიციატივით გამოდის


მიმდინარე წელს საქართველოს ხელისუფლებამ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულების რეალიზება - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

თუმცა, პოლიტიკურ სპექტრში კვლავ ცხარე დავის საგანი ხდება ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხი. თუ პარტიათა უმრავლესობა, მათ შორის ყოფილი მმართველი საპარლამენტო პარტია მოქალაქეთა კავშირი, მხარს უჭერს საკონსტიტუციო ვადებში ანუ არა უგვიანეს ივნისისა, ყველა დონის თვითმმართველობის ორგანოთა პირდაპირ არჩევითობას, საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნები მხოლოდ თვითმმართველობის პირველი დონეზე უნდა ჩატარდეს და იგი არ უნდა შეეხებოდეს თბილისის მერსა და რაიონის გამგებლებს.

საქართველოს სახელისუფლებო შტოებს შორის ძნელად თუ მოიძებნება უფრო უუფლებო და ბუტაფორიული სტრუქტურა, ვიდრე თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოებია. საკრებულოებს არ გააჩნიათ საკანონმდებლო უფლებამოსილება, ფინანსები და ქონება რეალური თვითმმართველობის განსახორციელებლად. სამაგიეროდ რაიონებში განუსაზღრელი ძალაუფლება ეკუთვნის პრეზიდენტის რწმუნებულებს და მათ მიერ დანიშნულ გამგებლებს, რომლებიც საერთოდ არ ცნობენ ხალხის მიერ არჩეულ რაიონის დეპუტატების გადაწყვეტილებებს.

ერთი სიტყვით, თუ 7 თებერვალს საქართველოს რაიონული საკრებულოებისა და საპარლამენტო ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის"წევრების შეხვედრის პათოსით ვიმსჯელებთ, საქართველოში 1998 წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა და დადგა დრო, რათა მართვის ადგილობრივმა ორგანოებმა რეალური შინაარსი შეიძინონ.

რეალური თვითმმართველობის განხორციელება კი პარლამენტის ვიცე-სპიკერ ედვარდ სურმანიძის განცხადებით, პირველ ყოვლისა, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს:

[ედვარდ სურმანიძის ხმა] "ჯერ ერთი, კანონი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ არ უნდა იყოს ამ ფორმით წარმოდგენილი, უნდა იყოს მხოლოდ თვითმმართველობის შესახებ კანონი. ამავდროულად, უნდა მოჰყვეს პაკეტი ამ კანონს ქონების გადანაწილების შესახებ ცენტრსა და რეგიონს შორის. ამავე დროს კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ. ცენტრსა და ადგილობრივ ტერიტორიულ ერთეულებს შორის და ამავდროულად უნდა მოჰყვეს კანონი ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ".

აღსანიშნავია, რომ კომპეტენციათა ამგვარი "ტრიადის" მიხედვით გამიჯვნის პრინციპს მთლიანად ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტთან არსებული რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი ბადრი ხატიძე, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორი იყო იმ შესწორებებისა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესახებ კანონში შარშან შემოდგომაზე შევიდა.
[ბადრი ხატიძის ხმა] "ეს არის ინსტიტუციონალური აგებულება, მეორე, ეს არის უფლებამოსილებები და მესამე - ეს არის ფინანსები და ქონება. თუ ამ სამიდან რომელიმე არ არსებობს, მაშინ ეს თვითმმართველობა არ არის".

მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთგაგება პრეზიდენტის კანცელარიასა და ყოფილ მმართველ ძალას შორის აქ მთავრდება. ბადრი ხატიძე მიიჩნევს, რომ არჩევნები მხოლოდ თვითმმართველობის პირველი დონეზე უნდა ჩატარდეს, ხოლო რაიონის გამგებლები უნდა აირჩეს უშუალოდ საკრებულოთა წევრების შემადგენლობიდან. ხატიძის აზრით, ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში უნდა დარჩეს აგრეთვე დედაქალაქის მერის დანიშვნაც, რადგან თბილისშია თავმოყრილი მრეწველობისა და ფინანსების 75%.

როგორც აღმოჩნდა, ამ პოზიციისგან საკმაოდ განსხვავდება ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" მიდგომა, რომელიც შარშანდელი მიღწეულით, გასაგები მიზეზების გამო, უკვე აღარ კმაყოფილდება.
[ზურაბ ჟვანიას ხმა] "დღეს მე მიმაჩნია ასე: გავიდა დრო, გადაიდო არჩევნები, ჩვენ ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ არჩევნები ჩავატაროთ არსებული ტერიტორიული მოწყობის ჩარჩოებში."

ზურაბ ჟავანიას თქმით, ეს გულისხმობს, რომ ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე არჩევითი უნდა იყოს გამგებლებისა და ქალაქის მერების ინსტიტუტი.

პარლამენტის ყოფილი სპიკერის ასეთი პოზიცია კი მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ასეთი დონის დეცენტრალიზაციის შემთხვევაში საკუთარი ძალაუფლება არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ შესაძლოა თბილისშიც კი დაკარგოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG