Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის მიუღებელი დასავლური ეთიკა არადასავლელებისთვის


თანამედროვე სამყაროსა და გაურყვნელი საზოგადოებების აზროვნებებს შორის განსხვავებას

ძალიან კარგად გამოხატავს აფრიკელი ბიოეთიკოსის გოდფრეი ტანგვას პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენი შვილი გყავთო. ტანგვამ უპასუხა, დაახლოებით ორიო. ჩვენთვის აბსურდულად ჟღერს “დაახლებით ორის” თქმა არა მხოლოდ შვილზე, არამედ ნებისმიერ დათვლად ფენომენზე თუ საგანზე. მაგრამ აფრიკაში, ტანგვას სამშობლოში, კამერუნის მთიანეთში, ბამენდაში, ყველაფრის დათვლა ჯერ არ დაუწყიათ. რიცხვი და რაოდენობა მათთვის არ გამოხატავს საგნების თვისებას იქაურების აზროვნება და სამყაროს აღქმის უნარი დიგიტალიზებული არ არის. ამასთან, შვილებს საკუთრებად არ მიიჩნევენ, ცხოველისა თუ ტანსაცმლისგან განსხვავებით. ტანგვა ველური აფრიკელი არ გეგონოთ, კამერუნში - უნივერსიტეტში - ფილოსოფიას და ბიოეთიკას ასწავლის. ამჟამად კი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტშია მიწვევით და, როგორც თვითონ ამბობს, დასავლურ აზროვნებაში ჩაწვდომას ცდილობს.

აფრიკელი ბიოეთიკოსი ტანგვა დასავლური, ამ შემთხვევაში ამერიკული ბიოეთიკის მაგალითზე ცდილობს გაერკვეს იმ არგუმენტებში, რომლებიც მისთვის ძნელი ასახსნელია და უაზროდ მიაჩნია. ტანგვა დასავლური ბიოეთიკის კრიტიკოსია. მისი აზრით, დასავლეთი ატანილი ჰყავს ამ სურვილს, თავისი ეთიკური პრინციპები უნივერსალურად გამოაცხადოს და ის, რაც დასავლეთში სწორად მიაჩნია, სხვაგანაც მისაღები გახადოს. ტანგვა ამბობს, რომ დასავლეთს ძალიან დიდი პირი აქვს და პატარა ყურები. აფრიკელი მეცნიერის კრიტიკას დასავლეთში არ ებრძიან პირველ რიგში იმიტომ, რომ მას საშიშად არ მიიჩნევენ. ის ამერიკაში მიღებული სტუმარია და დისკუსიას მისი აზრები და გამონათქვამები ალამაზებს, მეტ ფერს მატებს. დისკუსიების თემები კი ემბრიონული ღერული უჯრედები, კლონირება და ევთანაზია, ანუ მოხუცებულების და მძიმე სენით დაავადებულთათვის სიკვდილში დახმარებაა. კამათის დროს შავკანიანი სტუმარი დეტალებზე მსჯელობისას პროფესიული ჩართვებით არ გამოდის ხოლმე, ეს მის სტილში არ იქნებოდა, ამას მისი დასავლელი კოლეგები თავს გაართმევენ. ტანგვას ამოცანაა სამყაროსადმი აფრიკული მიდგომა აჩვენოს - როგორც ის ამბობს, აფრიკაში მოვლენებს და საგნებს მთლიანობაში განიხილავენ. მაგრამ დასავლელებს მისი საერთოდ არ ესმით ხოლმე, აბა რა უნდა გაიგო კაცისა, რომელიც ამბობს, რომ მას დაახლოებით ორი შვილი ჰყავს.

გოდფრეი ტანგვა გაიზარდა იქ, სადაც ადამიანები ცხოველებად და ქარად შეიძლება გადაიქცნენ, სადაც ღმერთი და კეთილი სულები ავადმყოფის ან მათხოვრის სახით კარს შეიძლება ამოგადგნენ და სადაც თვითმკვლელებს არ მარხავენ, რადგან ეშინიათ, რომ დედამიწა მათ კვლავაც ამოაგდებს. ასეთია, ყოველ შემთხვევაში მონაყოლი ნსოს ხალხზე, რომელსაც კამერუნელი ბიოეთიკოსი მიეკუთვნება. იქ ტრადიციული აზროვნება და ძველი საზოგადოებრივი სტრუქტურები შენარჩუნებულია. ის, ნსოს და აფრიკის სხვა არაერთი ხალხის მსოფლმხედველობას “ეკოლოგიურ-ბიოლოგიურ-სოციალურს” უწოდებს. პრინციპში ისეთს, როგორასც ევროპის არაერთ საზოგადოებაში ელტვიან, მაგრამ კომერციის და სამრეწველო აზროვნების გარემოში ბრძოლით უწევთ თავიანთი მისწრაფებების განხორციელება.

ემბრიონების სამეცნიერო მიზნებით გამოყენების თაობაზე, აფრიკელ ბიოეთიკოსს თავისი აზრი აქვს. გერმანულ პრესაში გამოქვეყნებულ წერილში, მისი ავტორი ამბობს, რომ ტანგვა განიხილავს დასავლურ ჩვევას - საგნები და მოვლენები დახარისხებულ იქნას. მისი აზრით, მათ შემდეგ ჩამოჰკიდებენ მორალური ფასეულობის ეტიკეტებს, რაც სრულიად მიუღებელია ტინგვასთვის, რომელიც აცხადებს: განვითარების მაღალი სტადია მხოლოდ დიდ მორალურ პასუხისმგებლობას შეიძლება გულისხმობდეს და არა მაღალ მორალურ ფასეულობას. ტანგვას დედა-ენაზე, ლამნსოზე არსებობს ასეთი ანდაზა: “ადამიანი ადამიანია, ადამიანია იმიტომ, რომ ადამიანია”. დასავლური პერსპექტივიდან ეს ნათქვამი ტავტოლოგიაა მხოლოდ. ტანგვას გაგებით კი, აზროვნების უნარისა და წელის გარშემოწერილობისგან განსხვავებით, ადამიანის მორალური ფასეულობა არ იცვლება, მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი და იგივე რჩება. კვლავ ემბრიონების სამეცნიერო მიზნებით გამოყენებას დავუბრუნდეთ. ტანგვა ამბობს: მორალურად ამის გაკეთება არასწორია, რადგან მისი აზრით, ემბრიონი - ჩანასახი, მაშინაც, როცა მას ღერული უჯრედის წყაროდ იყენებენ, სრულყოფილი ადამიანია. აღსანიშნავია, რომ ეს მოსაზრებები გერმანიაში გამომავალ გაზეთში ქვეყნდება, ქვეყანაში, სადაც ემბრიონების უჯრედების მიღების მიზნით გამოყენებაზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა, ანუ მას მომხრეები ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ ჩანასახები შეგვიძლია შემოვიტანოთ უცხოეთიდან, ასახელებენ მაგალითად ისრაელს, სადაც არ არის ამგვარი რამ აკრძალული, მაგრამ ისინი, ვისთვისაც პრინციპია მიუღებელი, ტანგვას როლში აღმოჩნდებიან ხოლმე - მორალური პასუხისმგებლობა მათაც აწუხებს.

ტანგვა არ მოითხოვს დასავლეთისგან, ასე ვთქვათ, აფრიკული კატეგორიებით აზროვნების დაწყებას. მას სურს, რომ აფრიკას ყური დაუგდონ და ის ბიოეთიკურ საკითხებში თანასწორუფლებიან პარტნიორად განიხილონ. მით უმეტეს, რომ აფრიკაში ამგვარი პრობლემები იოლად გვარდება, რადგან იქ ადამიანი ადამიანი იმიტომ არის, რომ ადამიანია. აფრიკელი ბიოეთიკოსის გოდფრეი ტანგვას აზრით, იდიოტია ის, ვინც ანდაზების ახსნას იწყებს, არა და მას ხშირად უწევს ხოლმე ამის კეთება დასავლეთში, სადაც მას ანდაზის დეკლარირების შემდეგ ეკითხებიან, ამით რისი თქმა გსურთო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG