Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის პრობლემაზე კიდევ ერთი ახალი კომისია იმუშავებს


ვიდრე საქართველოს პარლამენტის სესია აფხაზეთის საკითხს განიხილავდეს, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებულ წინადადებებზე იმუშავებს ახალი კომისია,

რომელშიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენელბი გაერთიანდებიან. ასეთი კომისიის შექმნა ორშაბათს პრეზიდენტისა და პარლამენტარების შეხვედრაზე გადაწყდა.

პარლამენტში აფხაზეთის საკითხის განხილვა გარკვეული დროით გადაიდო. საკითხის პარლამენტში გატანამდე მიზანშეწონილად ჩაითვალა იმ პირებისთვის მოესმინათ, რომლებიც აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ჯერჯერობით ისევ მოსკოვში იმყოფება ასლან აბაშიძე, 11 თებერვალს კი სოხუმში სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გაემგზავრა. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი პეტრე ჩხეიძე. პარლამენტში აფხაზეთის საკითხის განხილვა სწორედ აღნიშნული პირების მოსმენის შემდეგ უნდა მოხდეს. ამას გარდა, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით არსებული წინადადებები ახალი მობილური კომისიის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ამ უკანასკნელმა კონკრეტული სამოქმედო პროგრამა 10 დღეში უნდა შეიმუშავოს. როგორც ორშაბათს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ახალი კომისია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

“აუცილებელია დევნილთა წინადადებების გათვალისწინებაც, ამიტომ ჩვენ დევნილთა ყრილობის ჩატარებასაც უნდა დაველოდოთ” – თქვა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ბურჯანაძემ. მისი განცხადებით, პარლამენტის სესია აფხაზეთის საკითხს უახლოესი კვირების მანძილზე განიხილავს. თუმცა, ეს განხილვა 15 თებერვლამდე უნდა შემდგარიყო. მასზე პარლამენტის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე უნდა ემსჯელათ.

საკითხის გადადება პარლამენტის დადგენილების შეუსრულებლობით არსებულ უკმაყოფილებას ვერ გაანელებს. მართალია, ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ეს უკმაყოფილება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის გაუგებრობად შეაფასა, შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატებმა განმარტეს, რომ პრეზიდენტმა ვერ შეძლო მათთვის გასაგებად აეხსნა, თუ რატომ მიაღებინა პარლამენტს აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო მისიის გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება და დღეს რატომ საუბრობს აღნიშნული მისიისთვის მანდატის გაგრძელების აუცილებლობაზე.

ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ დეპუტატთა პოზიციები გაიყო. ერთი ნაწილი კვლავინდებურად პარლამენტის დადგენილების უპირობოდ შესრულების მომხრე დარჩა. ეს ნაწილი პრეზიდენტთან ურთიერთობის გამკაცრებას აპირებს. მეორე ნაწილი 11 ოქტომბრის დადგენილებაზე ურის თქმის მოთხოვნას დაეთანხმა. პრეზიდენტთან შეხვედრით უკმაყოფილოები ახალი მობილური კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებასაც სკეპტიკურად შეხვდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით სკეპტიციზმი გამოხატა თამაზ ნადარეიშვილმაც. აფხაზეთის პრობლემის მოგვარების ხელისუფლებისეულ ხედვას ბევრი არ ეთანხმება.

აშკარაა, რომ აფხაზეთის პრობლამასთან დაკავშირებით მწვავე საპარლამენტო დებატები გარდაუვალია.
XS
SM
MD
LG