Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეგუთის კოლონიის პატიმრები დაწესებულების დირექტორის წინააღმდეგ ილაშქრებენ


სოზარ სუბელიანი, თბილისი პატიმრების ცემა, შეურაცხყოფა, ფულის გამოძალვა, ახლობლების თანდასწრებით უშვერი ლანძღვა-გინება,

სხვადასხვა სახის არაოფიციალური გადასახადების მკვეთრი გაზრდა და პატიმართა საყოფაცხოვრებო პირობების ხელოვნური გაუარესება – ასეთია იმ ბრალდებების არასრული ნუსხა, რასაც გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები ახალ ხელმძღვანელს უყენებენ. თავად დაწესებულების დირექტორი, ბატონი ირაკლი გაბუნია მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს და პატიმრებსა და დაუკონკრეტებელ “გარეშე ძალებს” ბრალს შეთქმულების მოწყობაში სდებს. მდგომარეობის ადგილზე შესწავლის მიზნით, 9 თებერვალს გეგუთის დაწესებულება იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭო წევრებმა მოინახულეს. მათი აზრით, გეგუთში ნანახისა და მოსმენილის შემდეგ ძალიან ძნელია იმის დაჯერება, თითქოს პატიმრების ყველა ბრალდება უსაფუძვლოა და მათი მიზანი გაბუნიას წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაა.

ირაკლი გაბუნია გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულების, ანუ, როგორც არაოფიციალურად უწოდებენ, გეგუთის კოლონიის დირექტორად 3 კვირის წინ, 18 იანვარს დაინიშნა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ პატიმრებს მის მიმართ მკაფიოდ ჩამოყალიბებული წარმოდგენა შეჰქმნოდათ, რაც ერთ-ერთმა პატიმარმა ასეთი სიტყვებით გამოხატა: [პატიმრის ხმა] “ისეთი კაცია, პატიმარი ეზიზღება საერთოდ მაგ კაცს და პატიმრის მოზიზღარი კაცი როგორ უნდა დაინიშნოს. ალბათ, სადაც ნიშნავენ, იქაც ამნაირები არიან”.

გაბუნია აცხადებს, რომ მისი მოსვლის შემდეგ პატიმრების მდგომარეობა, პირიქით, გაუმჯობესდა, რასაც მნახველთა მადლობებიც ადასტურებს: [ირაკლი გაბუნიას ხმა] “უკანონოდ აქ არაფერი გაკეთდება... იმდენი სიხარული ირაკლი გაბუნიას და მის ოჯახს, რამდენ სიმართლეს ვამბობ – მოსულან და მადთლობა უთქვამთ”.

საბჭოს წევრებთან და ჟურნალისტებთან საუბრის დროს დირექტორი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ პატიმართა უკმაყოფილება წესრიგის დამყარების მცდელობამ გამოიწვია, რასაც, მისი აზრით, გარე ძალებიც უწყობენ ხელს: [ირაკლი გაბუნიას ხმა] “10 დღის წინ, 20 დღის წინ მქონდა ეს ინფორმაცია, რომ ჩემს წინააღმდეგ წამოსვლას აპირებდნენ. შეიძლება გარედანაც არის, შეიძლება ვიღაცა არის განაწყენებული, შეიძლება ვიღაცას დაწესებულების დირექტორობა უნდოდა… ჯერ ერთი და, მაგის ის ხომ არა ვარ, რაღაც პოვოდი რომ მივცე პატიმარს… მოსვლის დღიდან დასალევიც ამოვიღეთ, საფუარიც შემოჰქონდათ და მთელი უბედურება. ეს რომ შეუწყდათ მსჯავრდადებულებს, აი, ამიტომ ხდება ყველაფერი, მაგრამ, ვიღაცა მეძავ ქალებს არ შემოვაყვანინებ აქ…”

დირექტორის მტკიცების მიუხედავად, პირველი უკმაყოფილო ადამიანი კოლონიის შესასვლელთანვე გამოჩნდა. ქალბატონ ქეთევან გაბიანის თქმით, კობა გაბიანს ჯერ კიდევ 6 თვის წინ ეკუთვნოდა პირობითი ვადამდელი გათავისუფლება: [ქეთევან გაბიანის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“ეკუთვნის პატიმარს გამოსვლა, არ უშვებენ პატიმარს. თანხა აღებული აქვენ, ყველაფერი აქვენ, მაკივლებენ, მაწივლებენ, ასეა ჩემი დღე და მოსწრება აქანე… 300 ლარი აქვს გადახდილი. როგორც უნდათ, გამატანონ სახლში.”
-
“როდის მოხდა თანხის გადახდა?”
-
“ერთი კვირის წინათ”.
-
“კონკრეტულად ვის გადაეცით?”
-
“თვითონ იმას, უმფროსი ვინც არის აქანე, არ ვიცი, რა გვარი არის იგი მე…”
-
“თქვენ მიეცით?”
-
“ჩემი მეუღლე იყო. ამბობენ, რომ 2/3 თუ 1/4 უნდა შეგისრულდესო. 1/4 კი არა 2/10 აქვს მგონია შესრულებული. გამაგებიეთ, რის გულიზა არ უშვებენ. ვიღაცას მოვნახავ მე თბილისში. აქ თუა უპატრონო ქვეყანა ეს ქუთაისი, მე ვნახავ ვიღაცას თბილისში”.

ზოგადად, პირობით ვადამდელ გათავისუფლებაში “ფულის კეთების” კარგად აწყობილი კონვეიერი მუშაობს: პატიმარს, რომელიც არაოფიციალურად დაწესებულ თანხას არ გადაიხდის, დაწესებულების ხელმძღვანელი საყვედურს უცხადებს და კომისიის წინაშე ან არ წარადგენს, ან პროკურორსა და მოსამართლეს წინასწარ აცნობებს, ვის არა აქვს ფული გადახდილი და პატიმრობის ვადის გაგრძელებაზეც ისინი ზრუნავენ. პატიმრებს ეს პროცედურა ნაკლებად უკვირთ, მაგრამ მათი აღშფოთება გაბუნიას მიერ ნიხრების გაზრდამ გამოიწვია: [პატიმრების, ნანა კაკაბაძის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
ვარდანიძე გურამ: “უდო” (“პირობითი ვადამდელი გათავისუფლება” შემეხო 13 იანვარს. იმის მერე არ მქონია არავითარი, არც ნარუშენია, არც არაფერი, ავდივარ სუდზე და მეუბნება პირდაპირ: “გაჩერებული ხარ” და გადის გარეთ. წამოვედი და გამაჩერეს 6 თვით ასე…”
-
სოზარ სუბელიანი: “მოსამართლემ თქვა ესა?”
-
ვარდანიძე გურამ: “პროკურორმა თქვა”.
-
ზოიძე ბადრი: “მე “უდო” შემეხო იანვარში, თვითონ მასთან ავდივარ…”
-
სოზარ სუბელიანი: “მასთან ვისთან”?
-
ზოიძე ბადრი: “უფროსთან! მე ვუთხარი, 50 ლარის მეტი ფული არ მაქვს-მეთქი და… როდის იყო, 50 ლარად ხალხს ვუშვებდით სახლშიო. არადა, დარჩენილი მაქვს 5 თვე. ეს მოხდა აგერ, 3 დღის უკან, ხუთშაბათს.”
-
ვარდანიძე გურამ: “რო მიმეცა, გამიშობდა, აბა რას იზამდა”.
-
წულუკიძე ჯიმშერ: “ავედი და 300 დოლარი ფული მოითხოვა, “ნარუშენია” გაქვს საქმეშიო. აქანა სათოხარი არაა და საბარავი, “ნარუშენია” რაში ავიკიდე, მძინავს 24 საათი და “პრავერკაზე” გავდივარ და სახლში შევდივარ. “ნარუშენიას” “ბალანდის” ჭამაში ვერ ევიკიდავ… 11 თვეში მომთხოვა 300 დოლარი და 300 დოლარი რომ მქონოდა, “სროკზე” კი არ წამევიდოდი.”
-
სალი ავდი: “ მე ვარ თურქეთის მოქალაქე. 1 წელი ნახევარი “სროკი” მაქვს, “უდო” შეხებული მაქვს 18 იანვარს. 1 კვირით ადრე “სუდი” იყო და არ მოხსენი, რათ არ მოხსენი, აზრზე არა ვარ მე. დახასიათება მაქვს, მადლობები მაქვს, ყველაფერი მაქვს, არ გააკეთე ჩემი სუდი”.
-
მამუკა ბიგანეიშვილი: “მე ესე ვარ, “უდო” შეხებული მაქვს და… შარშან, ნოემბერში შემეხო, არც გამომიძახეს, არც არაფერი. 7 წელი და 9 თვეა ვზივარ მეც…”
-
პატიმარი: “ვიყავი ზემოთ ასული და მომთხოვა 400 დოლარი, არც “ნარუშენია” მაქვს, არც არაფერი. მე 400 დოლარის საშუალება სადა მაქვს, მაგას რომ მივცე…
-
ნანა კაკაბაძე: “რაში მოგთხოვათ 400 დოლარი?”
-
პატიმარი: “წარდგენაზე რომ გავსულვიყავი და რომ გევეშვი. 4 თვეა, გაჩერებული ვარ.”
-
ქოქოევი ავთო: “მე კიდევ 500 ლარი მომთხოვა – ორ წელიწადშიო 500 ლარი უნდაო რო გაგიშვათო… უპატრონო კაცი ვარ და უკვე ყელში ამომივიდა ყველაფერი. მართლა ესე ხომ არ არის ყველაფერი, ადამიანები ვართ, მერე რა, რომ პატიმრები ვართ. კი, დანაშაული ჩავიდინეთ და ვიხდით სასჯელს, 5 თვეა, “უდო” შემეხო და ასე ვარ…”

დაწესებულების დირექტორი თავდაპირველად არა მხოლოდ ბრალდებებს უარყოფდა, არამედ ცდილობდა დამტკიცებინა, თითქოს, გეგუთში გადმოსვლის შემდეგ მას პატიმრებისთვის ერთი საყვედურიც კი არ გამოუცხადებია: [ირაკლი გაბუნიას ხმა]
-
ირაკლი გაბუნია: “დამიმტკიცონ… დასჯით მე პატიმარი არ დამსიჯია…”
-
ჟურნალისტი: “არც ფული მოგითხოვიათ?”
-
ირაკლი გაბუნია: “არც ფული… რაზე უნდა მოვთხოვო ფული, არა, გეკითხებით…”
-
ჟურნალისტი: “გათავისუფლებაზე, თუნდაც…”
-
ირაკლი გაბუნია: “არ მოვთხოვ… მე… მე... მე… თქვენზე ვიტყვი მაშინ”.

მიუხედავად კატეგორიული ტონისა, მას შემდეგ, რაც საბჭოს წევრმა ნანა კაკაბაძემ რამდენიმე დასჯილი პატიმრის გვარი შეახსენა, გაბუნიამ თავის მართლება დაიწყო: [ირაკლი გაბუნიას ხმა] “ნუ, დააშავა და იმიტომ… მოიტანეთ ის, რაზეა, დადგენილება მოიტანეთ… დააშავებს? საჯარიმო იზოლატორშიც მოხვდება…”

ფულის გამოძალვის გარდა, პატიმრები პრეტენზიას უხეშობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გამოც გამოთქვამენ: [პატიმრების ხმა]
-
“ყველანაირად ბინძური კაცია, ფრჩხილიდან დაწყებული ენამდე… “სვიდანიაზე ისე ვერ შეხვალ, მაგის გინება რომ არ გაიგონოს ბავშვმა…”
-
“ჯერ უზრდელია ყველანაირად… “სვიდანიაზე ცოლი მოვა თუ დედა მოვა, იგინება…”
-
შალვა მარკოზაშვილი: “გინდა თუ არა, პატიმრები რას აკეთებენ, გვითხარი ჩვენო და… არაფერი რომ არ ვუთხარი, მაგის გულიზე, სიმონ, შეურაცხყოფა მომაყენა და დაჟე ხელიც დამარტყა… როგორც გარეთ არიან ჰომოსექსუალისტები, ისე აქ გვყავს და გაგიშვებ იქ და გაგაფუჭებო… მთელი ზონა მიცნობს, დედას ვფიცავარ, რა ადამიანიც ვარ და კაცი ამას ჩემზე რომ გაიფიქრებს, ის ადამიანი კი არა, რა ვიცი, რა გავიფიქრო… ხო, აი, ჩემი გვარ-სახელიც ჩაიწერეთ, თუ შეიძლება… მე თუ რამე დამემართება, სიმონ, პატიმრების მხრიდან არაფერი დამემართება, დამემართება ამის მხრიდან… მარტო ჩემს მიმართ არ უქნია ეგეთი რაღაც, სიმონ, აგერ ბიჭი არის, სიმონ, შუშა გადაამტვრია თავზე…”
-
გოგიტა ბობოლაშვილი: “აგერა ვარ მეც, შუშა რომ დამამტვრია თავზე… ცალკე შუშა დამამტვრევინა და ცალკე შუშა დამამტვრია თავზე… გამლახა სასტიკად, პატიმრებზე თქვიო… ეს ერთი კვირის წინ მოხდა.”

ის, რაც გეგუთში ჩვენი თვალით ვიხილეთ, პატიმრების მიერ ნათქვამ არაერთ ფაქტს ადასტურებდა. მაგალითად, გაბუნიას ბრძანებით ნახევრად ამოქოლეს საჭმლის გადასაცემი ფანჯარა, ეგრეთ წოდებული “რეშკა”. დირექტორი ამტკიცებს, რომ სარკმლის დავიწროება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის შეტანის წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა, თვალნათლივ ჩანს, რომ ამ მეთოდით მხოლოდ საჭმლის ქვაბის შეტანა ძნელდება და არა სასმელისა თუ ნარკოტიკის. მსგავსი მაგალითები სხვაც არაერთია, თანაც, როგორც იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოს წევრი, გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, ირაკლი გაბუნიას შესახებ ანალოგიური ინფორმაცია ადრეც არსებობდა: [გელა ნიკოლეიშვილის ხმა] “ცემა, მუქარა, გინება, ფულის გამოძალვა… ამიტომ,როდესაც დანიშნეს გეგუთის კოლონიის უფროსად, ამან, ერთი მხრივ, ჩვენი გაკვირვება გამოიწვია და, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, პროტესტი. როდესაც ეს მინისტრს შევჩივლეთ, მან თქვა, რომ თუ ამის კონკრეტული მაგალითები იქნებოდა, რა თქმა უნდა, ის ზომებს მიიღებდა.”

საბჭოს წევრების მიერ გამოვლენილი ფაქტების საპასუხოდ იუსტიციის სამინისტრომ გაბუნიას მოღვაწეობის შესწავლა დაიწყო და, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, პაატა მხეიძე ამბობს, მათი დადასტურების შემთხვევაში საჭირო რეაგირებაც არ დააყოვნებს.
XS
SM
MD
LG