Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია გარე მოვაჭრეების წინააღმდეგ


რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ დედაქალაქის ხელმძღვანელობა თბილისის ქუჩებში გარე ვაჭრობის აკრძალვისა და მოვაჭრეების უშუალოდ სავაჭრო სტაციონარებში გადანაწილების იდეას უბრუნდება.

შესაბამისი დადგენილების ამოქმედებით, რომელიც 24 იანვარს ქალაქის მერიაში სპეციალურმა კომისიამ მიიღო, დედაქალაქის მთავრობა ცენტრალური პროსპექტების სტიქიური ბაზრობებისგან გაწმენდას, სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მთლიანად ვაჭრობის პროცესის რეგულირებას ისახავს მიზნად. თუმცა, ამ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარება დიდ წინააღმდეგობას აწყდება გარე მოვაჭრეების მხრიდან, რომელთა რაოდენობა თბილისში 10 ათასს კაცს აღწევს.

1992 წელს "თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" მაშინდელი მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული კანონის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ისტორიული დედაქალაქი სულ მალე ფეოდალურ სოფელს დაემსგავსა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეისათვის ქალაქში აღრიცხულია 10 ათასზე მეტი გარე მოვაჭრე, რომლებიც ცენტრალურ პროსპექტებსა და ხალხმრავალ ადგილებში სოფლის მეურნეობის პროდუქტების, გამაგრილებელი სასმელების, სიგარეტისა და ჟურნალ-გაზეთების გაყიდვით არიან დაკავებულნი.

თანაც, რაც ყველაზე საინტერესოა, ქალაქის მუნიციპალიტეტის ლიცენზია მხოლოდ 900 სუბიექტს დარჩა და გადასახადიც, თვეში 15-15 ლარის ოდენობით, ქალაქის ბიუჯეტში სწორედ 900 მოვაჭრისგან იკრიბება. ხოლო დანარჩენი 9000 ფიზიკური პირი ყოველთვიურ გადასახადს, არალეგალურად, პირდაპირ სამართალდამცველებს ან საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებს უხდის.

მიუხედავად იმისა, რომ გარე მოვაჭრეები არც სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებს დაგიდევენ, მათ მიმართ მკაცრი ადმინისტრაციული ზომების გატარება, უბრალოდ, უსამართლობა იქნება, რადგან გარე მოვაჭრეები ქუჩაში გაუსაძლისმა ეკონომიკურმა ვითარებამ და მასობრივმა უმუშევრობამ გამოიყვანა.

ამიტომ ქალაქის მერიის სპეციალურმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ქალაქის ვიცე-პრემიერ ვლადიმერ დარჯანიას თქმით, გარე ვაჭრობის პრობლემასაც მოაგვარებს და არც ქუჩაში მოვაჭრე ადამიანები დაზარალდებიან.

როგორც ირკვევა, 1 აპრილიდან დაიწყება პროგრამის პირველი ეტაპი, რასაც გარე მოვაჭრეებისგან ჯერ ცენტრალური პროსპექტებისა და მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიების გათავისუფლება მოჰყვება, ხოლო შემდგომ უკვე გარე ვაჭრობა მტკვრის სანაპიროებზეც შეიზღუდება. მესამე, ყველაზე რთული ეტაპის განხორციელება კი იგეგმება 1 ივნისიდან, როდესაც მერიის სამსახურებმა გარე მოვაჭრეების სტაციონარულ სავაჭრო პუნქტებში გადანაწილება უნდა დაიწყონ.

დარჯანიას თქმით, სანაცვლოდ, გარე მოვაჭრეებს რამდენიმე ვარიანტს შესთავაზებენ:
[ვლადიმერ დარჯანიას ხმა] "შესაბამისი ხელშეკრულებების დადებას სტაციონარულ ობიექტებთან, რომლებიც პროსპექტებზე უკვე ამუშავდა. რაც შეეხება, მჭიდროდ კონცენტრირებულ გარე ვაჭრობის ადგილებზე მომუშავეებს, 12 ათასი ადგილია ვაკანტური ბაზრებსა და ბაზრობებზე და ამ კუთხით, ამ სამი თვის განმავლობაში აქტიურ მუშაობას გაწევენ შესაბამისი სამსახურები".

მერიის ინფორმაციით, პირველ ხანებში ბაზრებში ინტეგრირებული გარე მოვაჭრეები მიიღებენ შეღავათებს და, შესაძლოა, ისინი იჯარის გადასახადისგანაც გათავისუფლდნენ.

თუმცა, მოსალოდნელი აკრძალვის შესახებ ცნობას თავად გარე მოვაჭრეები ტრადიციული გამაფრთხილებელი აქციით შეხვდნენ და 18 თებერვალს, პროტესტის ნიშნად, მარჯანიშვილის ქუჩა გადაკეტეს. ერთ-ერთმა გარე მოვაჭრემ, რომელიც, უკვე მეხუთე წელია, მერიის შენობის შორიახლოს ჟურნალ-გაზეთების გაყიდვით ირჩენს თავს, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ არ სჯერა ამ გადაწყვეტილების სამართლიანობისა და იმაშიც ეჭვი ეპარება, რომ მათ მაღაზიაში ან ბაზარში შეუშვებენ.
[გარე მოვაჭრის ხმა] "ტყუილია, ვინ შეგიშვებს, ამ მთავრობისა მე არაფერი არ მჯერა, სიმართლე რომ გითხრათ. ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა, ესეც უსამართლობაა ქუჩაში რომ ვდგევართ და აქედან რომ კიდევ სხვაგან გაგვყრიან, სულ უსამართლობაა, აბა რა".

თუმცა, რაკი მერიის ეს გადაწყვეტილება ძალაში პირველ აპრილს შედის, გარე მოვაჭრეთა უმრავლესობა ამ ცნობას მაინც საპირველაპრილო ხუმრობად მიიჩნევს. და, ალბათ, მართლებიც არიან, რადგან გადამწყვეტ მომენტში საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არასოდეს ჰყოფნის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG