Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა


20 თებერვალს რუსეთის საინფორმაციო საშუალებები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომლის მიხედვით პანკისის ხეობაში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება იგეგმება.

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასეთი გეგმის არსებობა ვერ წარმოუდგენიათ. ისინი ვითარებაში გარკვევას ცდილობენ და პოლიციას მთელს საქართველოში ააქტიურებენ.

17 თებერვალს მძევლად აყვანილი სამართალდამცავების გათავისუფლებისთვის ძალისმიერი ზომების გამოყენება საჭირო არ გახდა. ისინი გამტაცებლებმა მშვიდობიანად, უპირობოდ გაათავისუფლეს. გამტაცებლების ვინაობა ცნობილია, თუმცა გასაიდუმლოებულია. ჟურნალისტების თანდასწრებით არც ყოფილმა მძევლებმა ისურვეს მათი გატაცების დეტალების გახმაურება.
მიანც, როგორ მოხდა პოლიციელების საგუშაგოდან გაყვანა და მათი დატყვევება, ამას სპეციალური ჯგუფი სწავლობს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მძევლობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების დასჯას არ აპირებს. ის აცხადებს, რომ სამართალდამცავის დატყვევება ძალის გამოყენებით მოხდა და ამის გამო პასუხის დაზარალებულებისათვის მოთხოვნა არამართლზომიერი იქნებოდა. კობა ნარჩემაშვილი აღარც სპეციალური ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებას გეგმავს. მისი თქმით, პანკისის ხეობაში სპეც.ოპერაციის ჩატარება საჭირო არ არის, ყოველშემთხვევაში - ამ ეტაპზე.
შინაგან საქმეთა მინისტრი პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის წაყენებული მოთხოვნის შესრულებას დაელოდება. ხეობის კრიმინალებისგან გაწმენდა მან უშუალოდ პანკისელებს დაავალა. მოთხოვნა ულტიმატუმის ხასიათისაა. კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, თუ 2 თვეში პანკისის ხეობაში არსებული კრიმინოგენური ვითარება არ გამოსწორდება, სპეც. ოპერაციის ჩატარება გარდაუვალი იქნება.

მოკლედ, 17 თებერვალს, ნარკოტიკების რეალიზატორის დაკავების საპასუხოდ გატაცებული სამართალდამცავების გათავისუფლებით პანკისის ხეობაში დაძაბულობა გარკვეულწილად განიმუხტა. სამართალდამცავთა მოთხოვნის გათვალისწინებით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ხეობის შესასვლელის პიკეტირებაც შეწყვიტა და, როცა კახეთის მიმართულებით ვნებათაღელვა ასე თუ ისე დაცხრა, პოლიცია დედაქალაქში გააქტიურდა. ის, შესაძლოა, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდეს. თუმცა, თბილისშიც და საქართველოს სხვა რაიონებშიც ტრადიციული მასიური რეიდების განხორცილება დაწყებულია. ეს ყველაფერი პანკისის პრობლემის მოგვარებაზე, ცხადია, არანაირად არ მეტყველებს. პანკისის ხეობა ისევ რჩება საქართველოს წინააღმდეგ მორიგი საინფორმაციო შეტევის საბაბად. პანკისის ხეობაში არსებული პრობლემების მომიზეზებით, რუსეთის ოფიციალური პირები და ამ ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში აქცევენ.

ბინ ლადენის პანკისის ხეობაში შესაძლო ყოფნის თაობაზე გამოთქმულ ვერსიას, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს ეკუთვნით , დაემატა რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი ძალისხმევით, პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოთხშაბათს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს მოუწია განემარტა, რომ პანკისის ხეობაში ამგვარი საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის ჩატარება, უბრალოდ, ძნელი წარმოსადგენია. “საქართველოსთვის მისაღებია ნებისმიერი სახის დახმარება, თუ ეს ეხება ინფორმაციულ, ტექნიკურ და მატერიალურ მხრეს, მაგრამ ერთობლივ სამხედრო ოპერაციაზე საუბარი არ მიდისო,” – განაცხადა ნუგზარ საჯაიამ.
XS
SM
MD
LG