Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუძალიანდება თუ არა ჩეხეთი მძლავრი მეზობლების მოთხოვნებს


ჩეხოსლოვაკიიდან ავსტრია-უნგრეთის დაშლის შემდეგ,

ამ ქვეყნის შემადგენლობაში მოხვედრილი სუდეტის ოლქის ყველა მცხოვრები და, საერთოდ, ჩეხების აზრით, არასასურველი მოქალაქე გააძევეს. გაძევებასთან ერთად ათეულ-ათასობით დახოცეს, დაამცირეს, გააუპატიურეს, მოაწყვეს ეროვნული ნიშნით დევნა, გენოციდი. ჩეხოსლოვაკიას მოშორდა მისი მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტი, დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი, და არა ეროვნული უმცირესობა, როგორ ამაზე დღეს არის მიღებული ლაპარაკი. სტატისტიკა მეტყველებს, რომ სუდეტის ოლქის 100 მცხოვრებიდან 54 დასაქმებული იყო მრეწველობასა და ვაჭრობაში. ამ ხალხის ქონება ჩეხოსლოვაკიის კუთვნილება გახდა. ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურ სახელმწიფოში, რომელიც ახალგაზრდა ჩეხურ ნაციონალიზმთან იყო შეჯვარებული ისურვეს ამ ქვეყნის ისტორიიან გაექროთ სუდეტის კვალი. მათი გაძევებისთანავე, სოფლებს და ქალაქებს მიანიჭეს სლავური სახელები, ზოგი თარგმნეს, ზოგსაც ჩეხურ ენაზე გერმანულის პარალერულად არსებული ტოპონიმი არგუნეს. ეს ყველაფერი იყო შედეგი ეგრეთწოდებული განდევნის და ქონების კონფისკაციის თაობაზე ბენეშის დეკრეტებისა. ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს მაშინდელი მეთაურის ედუარდ ბენეშის მიერ მიღებული ამ ბრძანებულებების გვირგვინს წარმოადგენს 1946-ში მიღებული 115-ე დეკრეტი, რომელიც 1938 წლის 30 სექტემბრიდან 1945 წლის 28 ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს მათ, ასეა ფორმულირებული დოკუმენტში, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას და შურისძიებას ემსახურებოდა.
სუდეტელ გერმანელებს, მათ შთამომავლებს და ყველას, ვინც მათ გულშემატკივრობს, ბენეშის ამ დეკრეტების გაუქმება სურთ, ჩეხეთის მთავრობა კი ამ თემაზე ლაპარაკს დასრულებულად აცხადებს. განსაკუთრებით გამწვავდა მდგომარეობა ამ კვირაში, როცა ჩეხეთის ახლანდელმა პრემიერმა მილოშ ზემანმა სუდეტელი გერმანელები, ანუ ისინი, ვინც დახოცეს და განდევნეს, ნაცისტების მეხუთე კოლონად შეაფასა და მოღალატეები უწოდა.
გერმანიის ახლანდელი მთავრობა დიდად მოწადინებული არ არის, სუდეტელებს და მათ შთამომავლობას ისტორიული სამართლიანობის აღდნეგაში დაეხმაროს და ევროპისთვის ამ მიუღებელი აქტის შესაბამისი შეფასება მოითხოვოს. პრინციპულია გერმანიის მთავრობა ერთ რამეში, ეს ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა 20 თებერვალს გაიმეორა, კერძოდ იმაში, რომ კოლექტიური დანაშაულის ცნებას ის არ იზიარებს, და რომ სუდეტელები განდევნეს კოლექტიური ბრალდების პრინციპით. ფიშერმა ჩეხეთთან ურთიერთობა დააწყნარა. მაგრამ ასევე იოლად დასაშოშმინებელი არ არის სუდეტელი გერმანელების კავშირის ფედერალური თავმჯდომარე, განდევნილთა კავშირის ხელმძღვანელი ბერნდ პოსელტი. მან თავისი შეფასება მისცა ზემანის ნათქვამს და განაცხადა, რომ ზემანის ნათქვამი, ისტორიის გაყალბებას და კოლექტიური დანაშულის პრინციპის კვლავ განახლებაა. პოსელტი სხვათა შორის ევროპის კავშირის პარლამენტის დეპუტატია ქრიტიანულ-სოციალურ კავშირიდან და ამასთან ამ პარლამენტის ჩეხეთ-ევროპის კავშირის კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა. ის მკაცრად მოეკიდა ჩეხეთის პრემიერის ზემანის განცხადებას და თქვა, რომ ზემანი ამ პოზიციით ამართლებს სამ მილიონამდე ადამიანის უფლელების კოლექტიურ აყრას და მათ განდევნას. ამით ასევე ამართლებს ზემანი, პოსელტის თანახმად, ეთნიკურ წმენდას ყველგან. სუდეტელი გერმანელების კავშირის თავკაცმა თქვა, რომ ეს ისეთივე წმინდა რასიზმია, როგორიც ბენეშის დეკრეტები. ისე, რომ ჩეხეთს ბენეშის დეკრეტებითურთ ევროპის კავშირში შესვლა შეიძლება გაუჭირდეს.
ეს ქვეყანა ერთობ მძიმე დილემის წინაშე დგას. ერთი მხრივ, განდევნილი ხალხი საზარელი მტრის და მისი კოლონიზატორის გერმანული სახელმწიფოების წარმომადგენლები იყვენენ. არავინ არ მალავს, რომ სუდეტელ გერმანგელებს შორის ნაცისტებიც უხვად იყვნენ და ჰიტლერის გერმანიას ეტრფოდენენ, ესე იგი ჩეხებს სიძულვილის გადალახვა მოუწევთ, და მეორე მხრივ დიდია სურვილი ევროპის კავშირში ყოფნისა და მისი სიკეთეებით ტკბობისა, იმავე გერმანელებთან და ავსტრიელებთან თანასწორუფლებიანი არსებობისა.
სუდეტი კრებითი სახელია, რომელიც სხვადასხვა კუთხის, ფრანკონიელი, ბავარიელი, სილეზიელი და მორავიელი გერმანელების გამაერთიანებლად შემოიღეს გვიან, უკვე მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა ავსტრო-უნგრეთი დაშალეს. აქვე გეტყვით, რომ სახელწოდება სუდეტი ამ ადამიანებს ბოჰემიის ჩრდილოეთში მდებარე სუდეტის მთიანეთის გამო მიანიჭეს. მანამდე ბოჰემია და მორავია, ცხადია იქ მცხოვრები გერმანელებითურთ, ისევე როგორც ავსტრია, რომაულ-გერმანულ იმპერიას და 1815-დან 1866-მდე, გერმანულ კავშირს მიეკუთვნებოდნენ. ჩეხეთის ნაციონალური გრძნობები გამოაღვიძეს მოგვიანებით, მე-19 საუკუნის ბოლოსკენ. პირველ მსოფლიო ომმა ჩეხებს სახელმწიფოებრიობა აჩუქა. ჩეხებმა ის მიიღეს, რადგან იმ დროს ერთა თვითგამორკვევას პატივისმცემელნი გაუჩნდა. საქმე ის იყო მხოლოდ, რომ თვითგამორკვევის უფლება ზოგს მისცეს, ზოგს არა. ეს ისტორიული უსამართლობა დღესაც არ არის აღდგენილი, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ბევრი ხალხი დღესად დავიწყებულია. სხვათა შორის საქართველოც ასეთივე დავიწყებულ ქვეყანათა რიცხვში მოხვდა და 70 წელი ატარა ეს უღელი. სუდეტელი გერმანელები თვლიან, რომ მათაც ასევე ეკუთვნოდათ თავისუფლება როგორც სხვებს, მათ არ სურდათ ყოფილიყვნენ ნაციონალისტურ სახელმწიფოში მეორეხარისხოვან მოქალაქეებად. მაგრამ ჩეხოსლოვაკიამ მაშინ ვალდებულებები იკისრა, თანასწორუფლებინობის პრინციპის თანახმად მოპყრობოდა გერმანელებს და სხვა ხალხებს. მოგვიანებით ნაცისტებთან დასავლეთის სახელმწიფოების გარიგების შემდეგ, მიუნხენში, 1938 წელს, სუდეტის ოლქი გერმანიას გადაეცა. ეს აგრესორთან გარიგების და დასავლეთისთვის შეუფერებელ აქტად ითვლდება დღემდე.
სუდეტის ოლქის გერმანიისთვის გადაცემიდან სულ მალე, ბერლინში ყოფნის შემდეგ თავის ხალხს რადიოთი მიმართა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა ემილ ჰახამ: [ჰახას ხმა] “რაიხსკანცლერთან ხანგძლივი საუბრის და მდგომარეობის განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე გამოვაცხადო, რომ ჩეხი ერის და ჩეხეთის სახელმწიფოს ბედს მთლიანად გავაბარებ გერმანელი ერის ფიურერს”.
ემიგრაციაში ჩეხეთის მთავრობამ, რომელიც ომის ბოლოს დაბრუნდა ქვეყანაში და ომში გამარჯვებული მოკავშირეების მითითებებით მოქმედებდა, გადაწყვიტა განედევნა გერმანელები.
ჩეხეთის მთავრობა ცდილობს ახლა არ დაუკავშირონ ამ ქვეყნის ევროპის კავშირში წევრობა ამ დეკრეტებს. მთავრობა მომავალი არჩევნების წინ მით უმეტეს არ დაუშვებს დათმობას. მაგრამ გერმანიაშიც ახლოვდება არჩევნები, რომელზეც წარდგება კანცლერობის კანდიდატად ბავარიის პრემიერი ედმუნდ შტოიბერი, პოლიტიკოსი, რომლის მეუღლე სუდეტელი გერმანელების შთამომავალი და ამ განდევნილი ხალხის დიდი გულშემატკივარი გახლავთ.

ისტორიული სამართლიანლობის აღდგენას კიდევ ერთხელ დაჩრდილავს პოლიტიკური ბრძოლის ქარცეცხლი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG