Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოების გააქტიურება პროფესიული ნიშნით


ბოლოხანს საინფორმაციო საშუალებები ხშირად იმეორებენ, რომ პოლიტიკოსებს მასწავლებლები არჩევნების წინ ახსენდებათ;

რომ მასწავლებლები საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ და რომ მათ პრობლემებზე ადვილია ქულების მოგროვება. სინამდვილეში, საზოგადოება თვალს ადევნებს პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან სიახლეს: საზოგადოების გააქტიურებას პროფესიული ნიშნით.

გასული წლის ნოემბერში მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა დისკუსია გამართა თემაზე: "ოქტომბერ-ნოემბრის პოლიტიკური კრიზისი და მისი გაკვეთილები". ამ შეხვედრაზე გია ნოდიამ სამომავლოდ შემდეგი სურვილი გამოთქვა (ციტატა): "დემოკრატიის უპირატესი პრინციპია კონსტიტუციონალიზმი და არა ხალხის ნება. თუ ხალხმა აირჩია პრეზიდენტი და პარლამენტი, არა აქვს უფლება, თქვას, აღარ მომწონს ისინი და ხელახლა ამარჩევინეთო. მეორე მხრივ, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა მუდმივად უკმაყოფილოა ხელისუფლებით, ყოველ მომენტში შეიძლება მასობრივი პროტესტის პროვოცირება. ამიტომ საზოგადოების, პოლიტიკოსების, ინტელექტუალების ვალია, მოსახლეობის საპროტესტო ენერგიას რაციონალური მოთხოვნების კალაპოტი მოუძებნონ."

როდესაც გია ნოდია ამ სიტყვებს ამბობდა, ნაციონალური მოძრაობა, ფაქტობრივად, არ არსებობდა. დღეს უკვე ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმ გზით აპირებს პოლიტიკის გააქტიურებას, რომელზეც გია ნოდია მიუთითებდა. ოპოზიციურ პარტიებს საზოგადოებასთან ურთიერთობის დიდი ტრადიციები არ გააჩნიათ. ხალხის ქუჩაში გამოყვანა და საპროტესტო მიტინგები საზოგადოების თვალში ზედმეტად რადიკალური და, ნაწილობრივ, დისკრედიტებული გზაა.

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივები ქართული პოლიტიკური ცხოვრების სიახლედ უნდა შეფასდეს: მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები შემოიკრებენ ადამიანებს პროფესიული ნიშნით და ცდილობენ, მათი უკმაყოფილება კონსტრუქციულ კალაპოტში მოაქციონ. უკვე ჩატარდა ექიმებისა და მასწავლებლების ყრილობა, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები აქტიურად მუშაობენ სტუდენტებთანაც. პოლიტიკური პარტიისთვის ეს სრულიად მისაღები გზაა საზოგადოების პრობლემებზე სასაუბროდაც და სამომავლო პროგრამების შესაქმნელადაც. თუმცა, ეს გზა მიხეილ სააკაშვილს არ აღმოუჩენია. პირველი ადამიანი, რომელიც საზოგადოებასთან პროფესიული ნიშნით მუშაობას არჩევნების მოგების წინაპირობად ასახელებდა, იყო ალექსანდრე ჭაჭია. თუმცა, 1999 წლის არჩევნების წინ ჭაჭია ამ თემაზე უკვე უიმედოდ საუბრობდა (ციტატა "დილის გაზეთიდან"): "მრეწველობა და სოფლის მეურნეობა პრაქტიკულად პარალიზებულია, ამიტომ დარგობრივი პრინციპი დღეს მეორეხარისხოვანი გახდა. თუმცა, ზოგიერთ სფეროში მისი გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლება".

ის, რაც წლების წინ ალექსანდრე ჭაჭიამ ვერც თავად გააკეთა და ვერც ასლან აბაშიძეს გააკეთებინა, დღეს თავისუფალ, ასათვისებელ სივრცედ დახვდა მიხეილ სააკაშვილს. სხვათა შორის, ნაციონალური მოძრაობის აუცილებლობაშიც, სააკაშვილზე გაცილებით ადრე, ჭაჭია არწმუნებდა საზოგადოებას. შესაძლოა, ეს იმას ნიშნავს, რომ ალექსანდრე ჭაჭიასაც და მიხეილ სააკაშვილსაც კარგი მრჩევლები ჰყავთ, თუნდაც, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
XS
SM
MD
LG