Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვირტუალური საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ


2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ანტიტერორისტული კოალიციის შექმნისთანავე განსაკუთრებით გამძაფრდა მოსკოვის სურვილი საქართველო ტერორისტების მფარველობაში დაედანაშაულებია და დიდიხნის ნანატრი ოცნება აესრულებინა,

ანუ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია განხორციელებია. თუმცა ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაცია დასასრულს ისე მიუახლოვდა, რომ მოსკოვმა თბილისის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და ტერორისტების მფარველობაში საქართველოს დასადანაშაულებლად წარმოებული საინფორმაციო ომი კიდევ უფრო გამძაფრდა.

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო შეტევა, ძირითადად ორი მიმართულებით ხორციელდება. პირველია დიპლომატიური, პოლიტიკური სივრცე და მეორე ვირტუალური საინფორმაციო სამყარო. რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა, ბოლო დროს, სრული სერიოზულობით გამოაცხადეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, პანკისის ხეობას, იქ სადაც ჩეჩნეთიდან ლტოლვილი მოსახლეობა კომპაქტურადაა ჩასახლებული, საერთაშორისო ტერორისტები და თავად ბინ ლადენიც კი აფარებს თავს.

ამას ვირტუალური საინფორმაციო შემოტევა ერთვოდა თან, რომლის მიხედვითც პანკისში რუსეთ-ამერიკის ანტიტერორისტული ოპერაცია იგეგმება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კი იძულებული გახდა, ოფიციალურად განეცხადებია ამ ინფორმაციის უსაფუძვლობის თაობაზე.

21 თებერვალს იგივეს გამეორება მოუხდა თბილისში ვიზიტად მყოფ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს ნიკოლაი პატრუშევს.

[პატრუშევის ხმა] „საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და თუ ვინმე გეგმავს რაიმე აქციებს პირველ რიგში უნდა შეათანხმოს ამ სახელმწიფოს ხელმძღვანელობასთან. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენთვის არ უცნობებია, რომ გეგმავენ აქ რაიმე ოპერაციის ჩატარებას."

ვირტუალური საინფორმაციო ომის ავტორებმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობიდან ცივი უარის მიღების შემდეგ საინფორმაციო კამპანია სხვა მიმართულებით გააგრძელეს. ამ ომის ორგანიზატორებს, საქართველოსა და მისი მეგობარი ქვეყნების დაპირისპირება რომ აქვთ განზრახული, მომდევნო ფაქტიდანაც ჩანს.

ბოლო დღეებში რუსულენოვანმა ინტერნეტგამოცემებმა განსაკუთრებული მონდმებითა და სისწრაფით გაავრცელეს კავკაზვების საინფორმაციო საიტზე გამოქვეყნებული ცნობა. კავკაზვები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაზვერვის სამსახურის უფროსის ავგუსტ ჰანნინგის მიერ ჟურნალ „შპიგელისათვის" მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს შეეხება. ციტატა კავკაზვებიდან: „ავგუსტ ჰანნინგმა განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებისა და ალ-ყაიდას შორის კავშირის არსებობის შესახებ. მისივე სიტყვებით ეს ბევრს უჩვეულოდ მოეჩვენება. მაგრამ, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ასეთი კავშირები არსებობს და გერმანია იძულებული იქნება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს, თუ ის საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს." ციტატის დასასრული.

გერმანიაში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა ჟურნალ „შპიგელს" რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური წერილი გამოუგზავნა, რომელიც 22 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა კახა სიხარულიძემ გაახმოვანა: [სიხარულიძის ხმა] „თქვენს მიერ გადმოცემული ტექსტი, რომელიც თითქოსდა გადმოცემს შპიგელის საუბარს ფედერალური სადაზვერო სამსახურის პრეზიდენტთან ავგუსტ ჰანნინგთან შეიცავს პასაჟებს, რომელიც საერთოდ არ ეკუთვნის ინტერვიუს და საერთოდ არ ეკუთვნის ჟურნალ შპიგელს. ჩვენ ბატონ ჰანნინგთან ერთი სიტყვაც არ გვითქვამს საქართველოზე, საქართველოს შესახებ ციტირებული წინადადება თავიდან ბოლომდე შეთხზულია."

საქართვლოს ხელისუფლება თავადაც უარყოფს საერთაშორისო ტერორისტებთან კავშირს, თუმცა არ უარყოფს ტერორისტების პანკისის ხეობაში ყოფნის შესაძლებლობას, რაც ნოყიერ ნიადაგს უქნის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომის აღმოცენებას, რომლის მთავარი მიზანი ვირტუალური ფაქტების რეალობად ქცევაა.

პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის აზრით სწორედ ამას ემსახურებოდა მოსკოვიდან წამოსული განცხადებები: [კლიმიაშვილის ხმა] „რუსებმა ეს როდესაც თქვეს მათ იცოდნენ, რომ არის ერთი საკითხი სადაც ამერიკელებს არ შეიძლება იუმორის გრძნობა ჰქონდეთ, ეს არის როდესაც ეხება ბინ-ლადენის პიროვნებას. ვერც კი წარმოუდგენიათ ამერიკელებს, რომ ამ თემაზე შეიძლება ხუმრობა. ასე რომ როდესაც რუსებმა თქვეს რომ ბინ-ლადენი ალბათ პანკისში არისო, ამერიკელები იძულებული არიან შეამოწმონ, ეს არის და ეს."

შემოწმება კი სამხედრო-სადაზვერო საქმიანობის წარმართვას საჭიროებს, რაც საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე არ მოხდება. ეს უკანასკნელი კი შეერთებული შტატების მოთხოვნებს უარით ვერ შეხვდება. ანუ ვირტუალური საინფორმაციო ომი თავის მიზნებს აღწევს. რაც იმაში გამოიხატება, რომ საქართველოს ხელისუფლება დროთა განმავლობაში ვირტუალურ ინფორმაციას რეალობად აღიქვამს და იძულებული ხდება მას ანგარიში გაუწიოს.
XS
SM
MD
LG