Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობაში შექმნილი არასტაბილური ვითარების ფონზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მოექცა დასავლეთის


ანდრო ეული, პრაღა პანკისის ხეობაში შექმნილი არასტაბილური ვითარების ფონზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მოექცა დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში.

როგორც გაზეთი ”ველტი” აღნიშნავს, ერთობ სერიოზული პრობლემები იმალება ერთის შეხედვით იმ სასაცილო განცხადების მიღმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა რომ გააკეთა პანკისის ხეობაში ოსამა ბინ ლადენის შესაძლო ყოფნის შესახებ, რასაც მოსწრებულად დაურთო საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, იქნება ღირდეს ტერორისტის მოძებნა ბატონ ივანოვის სახლში, ახმეტის რაიონშიო. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

”პანკისის ხეობა, სადაც თითქმის ორი წელია უკვე 7 ათასამდე ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს, შებრკოლების ლოდი გახდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. რუსეთი ”დიდის სიამოვნებით დაეხმარებოდა”, რაღა თქმა უნდა, საქართველოს პანკისის ხეობის ”გაწმენდაში”. ალბად ამიტომაც მოიხსენიეს რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ბინ ლადენი. თუმცაღა, ნომერ პირველი საერთაშორისო ტერორისტი ამერიკის ელჩმაც მოიხსენია თბილისში, როცა პანკისის ხეობაში შექმნილ ვითარებას გაუკეთა კომენტარი. თავისი დაჟინებული სწრაფვით – ბინ ლადენს დაუკავშიროს ჩეჩნეთის პრობლემა და მოქმედების თავისუფლება მიიღოს ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთი შესაძლოა, ხაფანგში გაებას. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში ამერიკელებმა ბაზები შექმნეს შუა აზიაში, ხოლო თუ იგივე მოხდა კავკასიაშიც, ეს ხომ კიდევ უფრო მტკივნეული იქნება მოსკოვისთვის. გერმანელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სწორედ კავკასიაში ვლინდება ბატონ პუტინის პოლიტიკის ჭეშმარიტი მიზანი. 11 სექტემბრის შემდეგ, ტერორიზმთან ბრძოლის მომიზეზებით, რუსეთის ჯარი მეტის სისასტიკით უსწორდება თავისუფლებისათვის მებრძოლ ჩეჩნებს, და იმავდროულად ცდილობს რაც შეიძლება მალე მოაწყოს იქ არჩევნები და შექმნას ხელისუფლების სამოქალაქო სტრუქტურები, და ამდენად, მეამბოხეებთან მოლაპარაკების ნაცვლად სამხედრო ძალით სურს ჩეჩნეთის პრობლემის მოგვარება. ასე რომ, რუსეთისა და დასავლეთის ანტიტერორისტული კავშირი ძვირი უჯდება ჩეჩნეთს.”

ხოლო რუსეთის საკითხებში ცნობილი ექსპერტის, მემკვიდრეობის ფონდის მკვლევარის არიელ ქოენის აზრით, გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ”ალ-ყაიდის” მებრძოლებმა თითქოს საქართველოში ნახეს თავშესაფარი, იმისთვისაა გამიზნული, რომ ჩეჩნეთის ომმა საქართველოში ნახოს გაგრძელება. საინტერნეტო გამოცემა ”იურეიჟა ვიუში”, ამერიკელი მკვლევარი დასძენს:

”რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კვლავ დაიწყეს მინიშნება, რომ მოსკოვი შესაძლოა იძულებული გახდეს - ჯარი შეყვანოს საქართველოში იქ მყოფი ისლამისტი ექსტრემისტების გასანადგურებლად. პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კატეგორიული წინააღმდეგია ამისა. ამერიკელმა დიპლომატმა ფილიპ რემლერმა ამას წინათ განაცხადა, რომ ვაშინგტონს თანამშრომლობის გაფართოება სურს საქართველოსთან უშიშროების სფეროში, რაც მიმოხილველთა აზრით, რუსეთის საყურადღებოდ იქნა გაკეთებული”.

მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა დასავლეთის პრესა ცნობას იმის შესახებ, რომ ისლამისტმა ექსტრემისტებმა ბარბაროსულად მოკლეს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში 23 იანვარს გატაცებული ამერიკელი ჟურნალისტი, გაზეთ ”უოლ სტრიტ ჯორნალის” კორესპონდენტი, 38-წლის დანიელ პერლი. ”ბარბაროსობა”-ასეა დასათაურებული სარედქციო სტატია გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტში”. სტატიაში ვკითხულობთ:

”დანიელ პერლის დაღუპვამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს ისლამური ექსტრემიზმის ჭეშმარიტი სახე. ტერორისტებმა საბოლოოდ გააჩუმეს ცნობისმოყვარე ჟურნალისტი. მაგრამ მკვლელები ვერ გაექცევიან მართლმსაჯულებას. და ვერც პერლის მოკვლით დაიმალება ექსტრემისტთა კიდევ ბევრი ნამოქმედარი. ბატონი პერლი ღირსეულად ემსახურა ჟურნალისტის პროფესიას უცხო ქვეყანაში, რომლის შესახებაც ნაკლებადაა ინფორმირებული მრავალი ამერიკელი. როგორც პრესის თავისუფლების მსოფლიო კომიტეტმა განაცხადა, დანიელ პერლის გარდაცვალება უდდიდესი დანაკარგია ჟურნალიზმის, საერთაშორისო ურთიერთობისა და იმ რეგიონში მცხოვრები ხალხებისთვის, სადაც იგი მსახურობდა”.

როგორც გაზეთი ”ნიუ-იორკ ტაიმსი” აღნიშნავს, დანიელ პერლია მეათე ჟურნალისტი, რომელიც 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების გამოძიებას შეეწირა. გაზეთი წერს:

”ეს იყო უაზრო მკვლელობა, რამაც ოჯახი უმამოდ, გაზეთი - ღირსეული თანამშრომლის, მშობლები – საყვარელი შვილის გარეშე დატოვა. დანიელ პერლის შვილმა, რომელიც მაისში დაიბადება, უნდა იცოდეს, რომ ის პროფესია, რომელიც მისმა მამამ აირჩია და ღირსეულადაც ემსახურა, არც პოპულარულია და არც უსაფრთხო. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გასულ წელს, 37 ჟურნალისტი დაიღუპა, 118 – დააპატიმრეს. 600-ზე მეტი ჟურნალისტი - იმის გამო სცემეს, რომ ვიღაცას მათი ნაწერი არ მოეწონა. და ყოველივე ეს იმითაა გამოწვეული, რომ პროფესიას, რომელიც დანიელ პერლმა აირჩია, სააშკარაოზე გამოაქვს
დანაშაული და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, და სვამს კითხვას – რატომ უნდა იტანჯებოდეს ხალხი დესპოტი მთავრობის ხელში...ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჟურნალისტები სახიფათოდ მოგზაურობენ, იქნება ეს ბოსნია, სიერა ლეონე თუ ავღანეთი. და მათ, მაფიის ხელწერით შესრულებული მკვლელობა ემუქრებათ, თუკი კოლუმბიაში მშვიდობიან მოქალაქეთა მასობრივ გაჟლეტას, ან კიდევ რუსეთში ორგანიზებულ დამნაშავეთა საქმიანობის გამოძიებას გაბედავენ. დამოუკიდებელ ჟურნალისტებს კუბაში ”სახიფათო წერის” ბრალდებით ასამართლებენ, ხოლო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოქმედი კანონი უკრძალავს ჟურნალისტებს იმგვარი მასალის გამოქვეყნებას, რომელმაც შესაძლოა ”მოსახლეობის დემორალიზება” გამოიწვიოს. რობერტ მუგაბეს ზიმბაბვეში ჟურნალისტს დაპატიმრება და წამება მოელის, თუკი დესპოტი პრეზიდენტის კრიტიკას გაბედავს.”

”ჟურნალისტი, რომელიც იმისთვის მოკლეს, რომ ებრაელი იყო”-ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ ”ტაიმსში”. სტატიაში ვკითხულობთ:

”უოლ სტრიტ ჯორნალის” კორესპონდენტს დანიელ პერლს ყელი გამოსჭრეს ისლამისტმა ექსტრემისტებმა. ამ საზარელი მკვლელობის ამსახველი ვეიდეოფირი მაჰმადიანთა წმიდა დღესასწაულის ”ეიდ ულ-ადჰას” დაწყების წინ მიიღო გამოძიებამ. ძნელია წარმოიდგინო დანაშაული, რომელიც უფრო მეტად შეურაცმყოფელი იქნებოდა როგორც იუდაიზმის, ასევე ისლამისთვისაც. დანიელ პერლი იმ დროს გაიტაცეს ექსტრემისტებმა, როცა შესაძლო კავშირს იძიებდა რიჩარდ რიდსა, რომელიც ამაოდ შეეცადა ფეხსაცმელში ჩამონტაჟებული ყუმბარით ამერიკის სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებას, და ”ალ-ყაიდას” შორის. პერლი – სახიფათო პიროვნებებთან შევიდა კონტაქტში. დანიელ პერლი დაიღუპა და არა იმიტომ, რომ კორესპონდენტი იყო, არც იმიტომ, რათა არ გამოექვეყნებინა სიმართლე. კალიფორნიაში დაბადებული ჟურნალისტი იმიტომ მოკლეს, რომ ებრაელი იყო. იგი იმიტომაც მოკლეს, რომ ამერიკელი იყო. საბედისწერო ხაფანგი მას დაუგო მკვლელობებისათვის ძებნილმა ისლამისტმა ექსტრემისტმა ომარ შეიხმა, რომლის გაცემასაც კარგა ხანია მოითხოვს შეერთებული შტატები.
XS
SM
MD
LG