Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო ეკონომიკური ოპერაციების შეფასებები და ტენდენციები


საქართველოს საგარეო ეკონიმიკური ურთიერთობის ტენდენციებს ნათლად ასახავს ეგრეთ წოდებული საგადასახდელო ბალანსი.

ამ ინფორმაციის შედგენაში საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეხმარება. საგადასახდელო ბალანსზე თითქმის ათწლიანმა დაკვირვებამ საინტერესო ტენდენცია აჩვენა, რომლის ეკონომიკურ პოლიტიკაში გათვალისწინება ბევრი ფინანსური თუ ადმინისტრაციული პრობლემის მოგვარებას შეუწყობდა ხელს.

განმარტებისათვის: საგადასახდელო ბალანსი რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება. ესაა გარე სამყაროსთან სასაქონლო, მომსახურების, შრომითი და სხვა საწარმოო ფაქტორების, ტრანსფერებისა და ფინანსური რესურსების ნაკადთა ამსახველი ინფორმაციაა. სწორედ ეს სფეროები ქმნის საქართველოს ეკონომიკის უმთავრეს ბაზას. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკურ კავშირებზე დიდადაა დამოკიდებული. ეს კავშირები ქვეყნის სტაბილურობის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდ ინტერესს გამოხატავს საგადასახდელო ბალანსის ამსახველი ინფორმაციის მიმართ, რადგან სწორედ მასზე დაყრდნობით განისაზღვრება ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია და მიიღება სათანადო გადაწყვეტილებები საქართველოს ფულად-საკრედიტო და, ასევე, სავალუტო სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

სწორი ინფორმაციისა და საგადასახდელო ბალანსის დეტალური ანალიზის მიხედვით განხორციელებული სავალუტო პოლიტიკის წყალობითაა, რომ საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსის შენარჩუნება ხერხდება. სტატისტიკის დეპარტამენტის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში პროდუქციისა და მომსახურების იმპორტი გაცილებით სჭარბობს ექსპორტს. მაგალითისათვის, წელს იმპორტი 1 მილიარდ 15 ათას ამერიკულ დოლარს, ხოლო ექსპორტი 475 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამ სხვაობის დაფარვა ისევ უცხოური კრედიტებით, უცხოური ინვესტიციებითა და გრანტებით ხორციელდება.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მრჩეველი საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან კრისტი რიჩარდსი ფიქრობს, რომ საქართველოში, მრეწველობის განვითარებასთან ერთად, წლების მანძილზე საგადასახდელო ბალანსის მაჩვენებლებიც გაუმჯობესდება. 26 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტი რიჩარდსმა განაცხადა, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების ტენდენციები უკვე შეიმჩნევა. მან ამის დასასაბუთებლად კამბოჯის თამბაქოს წარმოებაზე მაღალი დონის ქართული სიგარეტის ქარხნის აშენება დაასახელა.

[კრისტი რიჩარდსის ხმა] „მე როდესაც მინდა კონკრეტული ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი გავიგო, ვთქვათ, საქართველოში ჩამოსვლისას, იმწამსვე ვითხოვ თბილისის დათვალიერებას. ამჯერად ჩამოსვლისას დავინახე, რომ ქალაქში ახალი მშენებლობებია, ლამაზია, კარგია, ბევრი ახალი რესტორანიც გაიხსნა, ხალხს უკვე სახეზე ღიმილსაც ვატყობ.“

ცხადია, რომ საქართველოში ეკონომიკის ცალკეული სექტორები, ფარულად თუ ლეგალურად, ნელ-ნელა მაინც ვითარდება. ეს ყველაფერი რეალურად აისახება სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებით წარმოებულ კვლევებში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გარდა, ამ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლებაც რომ იყენებდეს, ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზება და ეკონომიკის გამოცოცხლებაც უფრო შესამჩნევი იქნებოდა.
XS
SM
MD
LG