Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი გამორიცხავს აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციის საქართველოში გადმონაცვლებას


მართალია, რუსეთის სახელისუფლებო წრეები სერიოზულად შეაფიქრიანა ინფორმაციამ, რომელიც შეერთებული შტატების ანტიტერორისტული ოპერაციის ჩვენს ქვეყანაში გადმონაცვლებას ეხება,

საქართველოს ხელისუფლება პანკისის ხეობაში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას გამორიცხავს. თავდაცვის სამინისტრომ უარყო პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარების მიზნით ამერიკული დესანტის გადმოსხმის შესახებ ცნობაც, თუმცა ოთხშაბათს ამერიკელ სამხედრო ექსპერტებს უმასპინძლა.

რუსეთისა და დასავლეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ სენსაციურ ინფორმაციას, რომელიც საქართველოში შეერთებული შტატების ანტიტერორისტული ფრონტის გახსას ეხება, საქართველოს ხელისუფლებაში დეზინფორმაციად განიხილავენ. განმარტავენ, რომ პანკისის ხეობაში შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის განხორციელება საქართველოს მხარესთან შეთანხმების გარეშე არ დაიგეგმებოდა. შეთანხმებას კი ადგილი არ ჰქონია. ასეა თუ ისე, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართელოში საერთაშორისო ტერორისტების ძებნის დაწყებას ისეთი სოლიდური გამოცემებიც აღნიშნავენ, როგორიც არიან “ვაშინგტონ პოსტი” და “ნიუ იორკ ტაიმსი”.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ბარამიძის აზრით, საქართველოსთან დაკავშირებულ ახალ საერთაშორისო მითქმა-მოთქმაში რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ურევია:

[გიორგი ბარამიძის ხმა] “ეს არის დეზინფორმაცია, გავრცელებული სხვადასხვა სპეცსამსახურების, ძირითადად რუსული სპეცსამსახურების მიერ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შექმნან აჟიოტაჟი საქართველოს გარშემო, საქართველო დააყენონ ისეთი ქვეყნის გვერდით, როგორიც ავღანეთია.”

საქართველოში შეერთებული შტატების ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყება უარყო პრეზიდენტის პრესმდივანმა კახა იმნაძემ და უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ. რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც ოთხშაბათს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის თქმით, ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ჩამოსვლა გეგმიური ღონისძიებაა და პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის დაგეგმვას არ უკავშირდება.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრის მოდგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკელ ექსპერტებთან შეხვედრა ჩვენი სამხედრო ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისთვის საჭირო ღონისძიებათა განხილვას ითვალისწინებდა, ოღონდ, არა პანკისთან ან ანტიტერორისტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით. არადა, ამ განცხადების გაკეთებამდე საინფორმაციო სააგენტო “კავკას-პრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბეჟუაშვილმა განმარტა, რომ ამერიკელი ექსპერტები საქართველოს შეიარაღებული ძალების რამდენიმე ქვედანაყოფს სწორედ ანტიტერორისტული ოპერაციის საწარმოებლად მოამზადებენ. “ეს პირდაპირ არ უკავშირდება პანკისს, თუმცა ამერიკელები ფიქრობენ, რომ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, საერთაშორისო ტერორიზმთან საბრძოლველად მზად უნდა იყოსო”, - თქვა მან. კიდევ ერთი დეტალი: უახლოეს დღეებში საქართველოში ამერიკელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი ჩამოვა, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მრჩევლის ოთარ შალიკაშვილის ხელმძღვანელობით. ეს ყველაფერი თავისთავად საკმაოდ საინტერესო პროცესზე მიუთითებს.

რაც შეეხება გავრცელებულ სენსაციურ ინფორმაციას, რომელიც საქართველოში ანტიტერორისტული ფრონტის გახსნას ეხება, მსგავსი ღონისძიების დაწყებას საქართველოს პარლამენტის თანხმობაც ესაჭირეობა. პარლამენტისგან კი ასეთი თანხმობა ჯერ არავის მოუთხოვია.
XS
SM
MD
LG