Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის გვიჭირდება დღეს გმირები


დასავლეთში, და არა მარტო იქ, ბოლო ხანს ძალიან დასჭირდათ გმირები და ახერხებენ კიდეც მათ შექმნას.

მაგალითად, შეერთებულ შტატებში დღეს სიტყვა გმირი ყველაზე ხშირად ხმარებული სიტყვაა. არ გეგონოთ, რომ მხროლოდ ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ნანგრევებში დაღუპულ მეხანძრეებს უწოდებენ იქ გმირებს, ან კიდევ თვითმფრინავის მგზავრებს, რომლებიც წინააღმდეგნობას უწევენ და შეაკვდებიან გამტაცებლებს, იქ გმირად მოიხსენიება, მაგალითად, ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავის სწავლას “მაკდონალდში” მუშაობით აფინანსებს. შეერთებული შტატების საზოგადოებას, ფსიქოლოგების აზრით, სჭირდება გმირი იმისათვის, რომ საზოგადოება მობილიზებულ იქნას. 11-მა სექტებერმა ამერიკული საზოგადოება სერიოზული გახადა, გმირები არა მარტო ჰოლივუდში, არამედ ცხოვრებაშიც გამოჩნდნენ, მაგრამ ეს ცხოვრება ყოველდღიურობა არ არის, გმირები კი ყოველდღიურობაშიც სჭირდებათ. ამასთან ერთად, ახალ კერპებს აცხობენ სანიმუშო ადამიანების ფაბრიკები, კინოსტუდიები, ასევე სარეკლამო სააგენტოები. სულ მალე ევროპაში ეკრანებზე გამოვა ახალი ფილმი არნოლდ შვარცენეგერის მონაწილეობით, სახელწოდებით “შურისგების ჟამი”, რომელიც იმ მეხანძრის ამბავს წარმოადგენს, თავისი ოჯახისთვის შურს რომ იძიებს. ფილმი 11 სექტემბრამდე იქნა გადაღებული, მაგრამ ზუსტად ერგება ახლანდელ მოთხოვნას. სხვა ფილმი “ბეჭდების მეუფე” მაყურებელმა საქართველოშიც ნახა, ფილმი, რომელიც 13 ოსკარზეა წარდგენილი. “ბეჭდების მეუფე”- ს ერთობ გაუმართლა, რადგან 11 სექტემბრის შემდეგ გამოვიდა. მასში გამოყვანილი გმირის გზა საშინელ დღევანდელობაზე რომანტიკული ფორმით გაცემული პასუხია.

დიზაინის საქვეყნოდ ცნობილი ფირმა “გუჩის”მთავარი დიზაინერი ტომ ფორდი ასევე გმირებს ახსენებს, როცა საკუთარ ესტეთიკაზე ლაპარკობს. “გუჩი” , ფორდის თანახმად, იძულებულია დღეს ესთეტიკაში რევოლუციური იდეები გაავრცელოს.”გუჩის” “ქალიშვილი სიმბოლო”, აღარ არის ბარბის ასლი, ის უკვე მებრძოლი, გამარჯვებული, გადარჩენილი დედოფალია.

გერმანელი ისტორიკოსი ალექსანდრ დემანდტი, რომელიც ჰეროიკის პრობლემატიკას სწავლობს, ამბობს, რომ გმირი, ოდითგანვე იყო გამძლე, ზეადამიანური შესაძლებლობის, თავგანწირვისთვის მზადმყოფი ტიპი. ერთხმად აღიარებენ ფსიქოლოგები, რომ გმირობა მებრძოლი საზოგადოებების რელიქტია. დემანდტიც თვლის, რომ გმირობა არქაული აზროვნების პროდუქტია. მისი აზრით, გმირი თანასწორობის და მშვიდობის მტერია, გმირი რაღაცას არ ეგუება მუდმივად და იბრძვის, თანაც იმარჯვებს, თითქმის ყოფელთვის, სიკვდილის მიუხედავადაც, გმირი ასე ვთქვათ, შეზღუდულია, რადგან არ აქვს კომპრომისის ნიჭი, რეალობის გადასინჯვის და სხვა თვალით დანახვის, მშვიდობისთვის მზადყოფნის უნარი. ეს კი, ამბობს იგივე დემნანდტი, დემოკრატიული საზოგადოებისთვის შეუფერებელი ფენომენებია.

მაშ რისთვის გვჭირდება გმირები? ვერავინ იტყვის, რომ მათი პერმანენტული შექმნა არ ხდებოდეს. საქართველოს საზოგადოებაც ხომ აქტიურად იწყებს ხოლმე ყველა განსაკუთრებული შემთხვევის შემდეგ გმირების შექმნას. საინტერესოა, რომ საქართველოსთვის სპორტი გმირებს აღარ იძლევა, პოტენციური გმირები თავიანთი ჰეროიკულობით სხვა საზოგადოებებს ემსახურებიან, გაიხსენეთ გიო ქინქლაძე მანჩესტერში, როცა მას ინგლისელმა გულშემატკივრებმა “კინგქლაძე” შეარქვეს, ან კიდევ თურქი გულშემატკივრების სიამაყე, “არჩილ-შოთა”. არც ჩვენი თანამედროვე ეროვნული გმირები აღარ გვყავს. მათი პოლიტიკაში მისვლა ფიასკოთი დასრულდა და მხოლოდ კერძო ადამიანების კი არა, მთლიანად ეროვნული მოძრაობის დისკრეტაცია მოხდა, რაც ასე აძლევდა ხელს ძალის გამოყენებით მოსულ ხელისუფლებას. საქართველოს უამრავი ძველი გმირი ჰყავს, მათ საბჭოთა სკოლა გზას არ უკეტავდა ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, რომლებიც იდეოლოგიური მტრები იყვნენ სოციალიზმისა, მაგრამ ქართულ საზოგადოებას ამ ჰეროიკულ წარსულთან დისტანცია დასჭირდა, რეალობას ერთობ მოწყვეტილ საზოგადობად იქცა და ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი თუ ცოტნე დადიანი დაივიწყა. საქართველოში მსხვერპლი სწრაფად გადაიქცევა ხოლმე იმ გმირად, რომელიც აკლია ამ ქვეყანას. და ეს შემხვევითი რომ არ არის, ცხადია. გმირის უკიდურესი ფორმაა წამებული, მარტვილი, ფაქტობრივად, მოწმე, რომელიც ჭეშმარიტების და ჭეშმარიტებისთვის მოწამეა, ჭეშმარიტება კი მისი რწმენის ნაწილია.

მოკლედ, საქართველოს საზოგადოება ამ მხრივ არ ჩამოუვარდება ამერიკისას. ამავე გზას ადგას სხვა საზოგადოებები და ეს ყოველთვის სჭირდებათ ადამიანებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი თავიანთ თავში გმირს ვეღარ პოულობენ და ამის გამო იტანჯებიან. შეიძლება ითქვას, სანამ ადამიანები თვითონ არ იქნებიან გმირული იდეალების მატარებლები, ისინი ყოველთვის დაუწყებენ ძებნას გმირს, მაგრამ როგორც ამას დღესდღეობით ვხედავთ, ეს მათ გარეთ მოხდება, მხოლოდ მათი თვალისთვის და ამით, ისინი, გმირს კიდევ უფრო შორდებიან, რადგან მისი ნახვით კმაყოფილდებიან. საბოლოო შედეგი ის არის, რომ ადამიანს ამ გმირის ნახვისთვის გადახდაც კი უწევს, გმირს ხომ მასმედია გვთავაზობს და მასმედია კი, სამწუხაროდ პოპულარული მაშინაა, როცა გარეგნული ეფექტებით თვალის მიზიდვა ძალუძს.

მე-20 საკუნემ გმირის ფენომენს სახელი გაუტეხა. მაგრამ დღევანდელი ომები, ბუნებრივია ამ გმირობების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. თანამედროვე გმირებმა სახე იცვალეს, ზედმეტად ჯგუფური გახდა გმირობა. და ამ ჯგუფების წევრები, თითოეული ადამიანიც აღარ არის გმირი, ისინი მხოლოდ ჯგუფის სახით არიან გმირები, ეწამებიან, კვდებიან როგორც გუნდი. ისინი მტერთან – ინდივიდთან ბრძოლაში კვდებიან და გამოცხადდებიან “გმირ ჯგუფად”. ინდივიდი კი უარყოფით მოვლენად რჩება და ასევე ილექება თანამედროვე ადამიანების ცნობიერებაში.არადა ინდივიდუალიზმის გარეშე საგმირო საქმე არ არსებობს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG