Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭოს მდივნის უკანასკნელი გზა


2 მარტს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია მიწას მიაბარეს. ახლობლების, ათასობით მოქალაქისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა,

ნუგზარ საჯაია უკანასკნელ გზაზე საქართველოს პრეზიდენტმაც გააცილა. სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად თბილისში შაბათს რუსეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოს მდივნებიც ჩამოვიდნენ.

დაკრძალვის დღეს ოფიციალური არხებით გავრცელდა ედუარდ შევარდნაძის გამოსათხოვარი, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი ნუგზარ საჯაიას "სიტყვითმკვლელობის მსხვერპლს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ "ძნელი იქნება იმ ვაკუუმის შევსება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში მისი ტრაგიკული აღსასრულით წარმოიშვა".

2 მარტს ნუგზარ საჯაია საზოგადო მოღვაწეთა ვაკის პანთეონში, შარტავას გვერდით, დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი პიროვნება სრულიად განსხვავებულ ვითარებაში დაიღუპა, საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება უფრო ლოგიკურია, ვიდრე მკრეხელური - საქართველოში დღეს ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ ნუგზარ საჯაიას მიერ 25 თებერვალს მიღებული საბედისწერო გადაწყვეტილება ისეთივე გმირული საქციელი გახლდათ, როგორც თავის დროზე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ალყაშემორტყმული შენობიდან გამოსვლაზე უარის თქმა ჟიული შარტავას მიერ.

"დიდი ღირსების კაცმა ვერ აიტანა უღირსთაგან ბოროტი ცილისწამება. მისმა წლობით დაჭიმულმა ნერვებმა ვეღარ გაუძლო ამ უსინდისობას და ტრაგიკული გადაწყვეტილება მიიღო - გაცლა ამჯობინა და ერთბაშად შეწყვიტა შორსმიმავალი მიზნებით ნაკარნახევი ცილისწამებათა კამპანია, გადაარჩინა ქვეყანა ამ კამპანიით მიყენებულ მორალურ-პოლიტიკურ ზარალს," აღნიშნავს პრეზიდენტი შევარდნაძე თავის გამოსათხოვარ წერილში, რომელიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დაკრძალვის დღეს ოფიციალური არხებით გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობის ფაქტს საგანგებო წერილით ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ კვლევათა ცენტრიც გამოეხმაურა. "უეჭველია, რომ ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ ამაზრზენ სტატიათა დიდი ნაწილი და მოსკოვს შეფარებული თენგიზ კიტოვანის ციტატები მეტისმეტი იყო ამ კეთილშობილი და ღირსეული კაცისთვის. ნუგზარ საჯაიას პიროვნება ნამდვილ გმირად უნდა აღვიქვათ. მისი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოსათვის თვითშეწირვის გზის მაჩვენებელი", ნათქვამია აშშ-ს სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის წერილში.

მაგრამ, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არსებობს განსხვავებული შეფასებები და ვერსიები, რომლებსაც საზოგადოებაში ჯერ საკმაოდ ფრთხილად, ნიადაგის მოსინჯვის მიზნით ავრცელებენ "მოსკოვში შეფარებული" თუ მოსკოვთან დაახლოებული ქართველი პოლიტიკოსები. ერთ-ერთი ასეთი ვერსიით, რომელიც ძებნილ ექს-უშიშროების მინისტრ იგორ გიორგაძეს ეკუთვნის და 1 მარტის გაზეთ "ახალ ეპოქაში" დაიბეჭდა, ამ თვითმმკვლელობას უფრო ღრმა ფესვები აქვს და ნუგზარ საჯაია ან მოკლეს, ან აიძულეს თვითმკვლელობამდე მისულიყო.

თუმცა ასეთ ვერსიაზე საქართველოში ხმამაღლა არ საუბრობენ, - ისევე როგორც, ნუგზარ საჯაიას დაკრძალვამდე, გასაგები მიზეზების გამო, ტაბუ ედო უშიშროების საბჭოს მდივნის შემცვლელის თემას. ამ საკითხს თავის გამოსათხოვარ სიტყვაში ედუარდ შევარდნაძეც საკმაოდ დელიკატურად შეეხო. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, "ძნელია იმ ვაკუუმის შევსება, რომელიც წარმოიშვა საქართველოს ხელისუფლებაში ბატონი ნუგზარის ტრაგიკული აღსასრულით, მაგრამ, სწორედ მისი ხსოვნისა და მისი საქმის ერთგულების ნიშნად, ეს ვაკუუმი საქართველოს ინტერესების შესაბამისად უნდა შეივსოს."

ეს კი ნიშნავს, რომ ედუარD შევარდნაძეს რამდენიმე რეალური კანდიდატურა უკვე შეთვალიერებული ჰყავს. მაგრამ ვინც არ უნდა დაიკავოს ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პოსტი, ერთი რამ ნათელია: ახალ უშიშროების საბჭოს მდივანს მისი წინამორბედის მსგავსი გავლენა და ქარიზმა ნამდვილად აღარ ექნება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG