Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენ მეამბოხეთა ხელმძღვანელობის დამოკიდებულება საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის მიმართ


მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები საქართველოში სამხედრო ექსპერტების გაგზავნას აპირებს, ოფიციალური განცხადებების გარდა,

არაერთი ვარაუდი გაისმა ამ გადაწყვეტილების ჭეშმარიტი მოტივების შესახებ. მიუხედავად თბილისის მტკიცებისა, რომ ამერიკელი სამხედროები მონაწილეობას არ მიიღებენ ანტიტერორისტულ ოპერაციებში, რუსეთში მაინც ბევრი ლაპარაკობს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცების შესაძლო განთავსებაზე, რასაც უშუალოდ უკავშირებენ ჩეჩნეთის პრობლემის მოგვარების პერსპექტივას. როგორ გამოეხმაურა ჩეჩნების ხელმძღვანელობა ცნობებს საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე?

ვიდრე გაგაცნობდეთ ჩეჩენთა ხელმძღვანელობის პოზიციას, რომელზეც რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილიას ახმადოვმა, თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ორ პუბლიკაციაზე: ”ამერიკელები ჩეჩნების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისათვის ემზადებიან. უჩვენოდო” – ვკითხულობთ რუსეთის მთავრობის ოფიციალურ გაზეთ ”როსიისკაია გაზეტაში” და კიდევ ერთი ციტატა, ოღონდ გაზეთ ”ტრუდიდან”: ”ჩვენი განცხადებები, რომ ჩეჩნეთი და საქართველო საერთაშორისო ტერორისტების, მათ შორის ”ალ ყაიდის” მეომრების ბუდეებად იქცნენ, სრულად დადასტურდა. პანკისში ტერორისტების თავშესაფრის განადგურება ხელს შეგვიწყობს ჩეჩნეთში საბოლოო გამარჯვების მოპოვებაში. და დასავლეთში ამისთვის აღარავინ გაგვაკრიტიკებს”.

ორივე ნაწყვეტი მიანიშნებს რუსეთში ჩასახულ იმედზე, რომ კავკასიაში ამერიკელი სამხედროების გამოჩენა ჩეჩენ მეამბოხეებს დაასუსტებს. მაგრამ მეამბოხეების ხელმძღვანელობა ასე არათუ არ ფიქრობს, არამედ პირიქით, დიდ იმედს უკავშირებს სამხედრო სფეროში საქართველოსა და შეერთებული შტატების მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობას. როგორც ილიას ახმადოვმა ჩვენს თანამშრომელთან, ჟან-კრისტოფ პეკთან სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ”რეგიონისთვის მასტაბილიზებელი ფაქტორია”.

[ილიას ახმადოვის ხმა] ”ადგილზე ჩასვლის შემდეგ ამერიკელებს მიეცემათ შესაძლებლობა, დარწმუნდნენ, რას წარმოადგენს ის ”ტერორისტული ბაზები” რომლებზეც რუსები ამდენს ლაპარაკობენ; დარწმუნდნენ, რომ ”ალ ყაიდასთან” კავშირი არა გვაქვს. ისინი თავად შეაფასებენ ვითარებას. აქამდე ხომ, სამწუხაროდ, უმეტესად ეყრდნობოდნენ რუსეთის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციას. მეორე მხრივ, ამერიკელების იქ ყოფნის გამო რუსეთი, ვფიქრობ, ვეღარ გაბედავს ამ ტერიტორიის დაბომბვას და ვითარების დესტაბილიზაციას რეგიონში, სადაც ვითარება ისედაც სახიფათოა.”

ახმადოვი გულისხმობს მსმენელისთვის კარგად ცნობილ სასაზღვრო ინციდენტს: შარშან ნოემბერში პანკისის დაბობმვას თვითმფრინავების მიერ, რომლებიც, თბილისის მტკიცებით, რუსეთს ეკუთვნოდა. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს.

ილიას ახმადოვი, ისევე, როგორც მიმოხილველების უმრავლესობა, საქართველოში ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ჩასვლას ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს:

[ილიას ახმადოვის ხმა] ”ვითარება რეგიონში ფეთქებადსაშიშია – ასეა ჯერ კიდევ 1992 წლიდან მთელს კავკასიაში. ვფიქრობ, ამერიკელებმა, როგორც იქნა, შეიმუშავეს კავკასიის პოლიტიკა და მის განხორციელებას შეუდგნენ. დადგა დრო, როცა ამერიკელებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს.”

ჩეჩენ მეამბოხეთა საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო, აგრეთვე, ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, განუსაზღვრელი ვადით გადადოს ჩვენი რადიოს მიერ ჩრდილოეთი კავკასიის ენებზე მაუწყებლობის დაწყება. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ბუშის ადმინისტრაცია შიშობს, რომ მაუწყებლობამ, შესაძლოა ხელი შეუშალოს რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას. მაგრამ, როგორც ახმადოვმა აღნიშნა: [ილიას ახმადოვის ხმა] ”სახელმწიფო დეპარტამენტისადმი პატივისცემის მიუხედავად, ამ განმარტებას შემიძლია მხოლოდ აბსურდული ვუწოდო. მოლაპარაკების პერსპექტივა ამ ეტაპზე არ არსებობს და მას არაფერი აქვს საერთო ჩრდილოკავკასიური რედაქციის მუშაობის დაწყებასთან. ეს ნაბიჯი, უბრალოდ, ასახავს ამერიკული პოლიტიკის ზოგად დამოკიდებულებას ჩეჩნეთის პრობლემისადმი. ის ცხადჰყოფს, რომ ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციას ბევრი არაფერი გაუკეთებია ჩეჩნეთის პრობლემის გადასასინჯად”.

საქართველოში ამერიკელი სამხედროების გამოჩენა ილიას ახმადოვს სწორედ პრობლემის გადასინჯვის იმედს უსახავს.
XS
SM
MD
LG