Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი მაღალჩინოსანი ოფიცრები საქართველოს ეცნობიან


მეორე კვირაა, ცნობები ამერიკის მოსალოდნელი სამხედრო დახმარების შესახებ არ სცილდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ფურცლებს.

ამჯერად ახალი აჟიოტაჟის მიზეზი საქართველოში, ურთიერთგაცნობის მიზნით, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საავიაციო-სამხედრო სასწავლებლის მსმენელთა ვიზიტი გახდა. მსმენელთა 18 კაციანი დელეგაცია 8 მარტს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ და პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიძემ, მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ოფიციალური წყარო საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებას არ ადასტურებს, მეორე კვირაა, წამყვანი სატელევიზიო არხები ჯიუტად ეძებენ ამერიკული სპეცრაზმის კვალს პანკისის ხეობაში და, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მდგომარეობა, ამ თვალსაზრისით, თანდათან მასობრივ ფსიქოზს უახლოვდება.

სააგენტო "კავკაზ-პრესის" ინფორმაციით, თბილისის ინტერნეტ-კაფეში დიდი პოპულარობა მოიხვეჭა კომპიუტერულმა თამაშმა "უხილავი სპეცრაზმი", რომელშიც ამერიკული სპეცდანიშნულების რაზმი პანკისის ხეობაში ტერორისტებს ებრძვის. ინფორმაციის თანახმად, თამაში სამ ეტაპად იყოფა: თავდაპირველად ამერიკელი რეინჯერები ანადგურებენ ტერორისტებს, რომლებსაც ვინმე ქართველი პაპაშვილი ხელმძღვანელობს, მეორე და მესამე ეტაპები კი პანკისის ხეობაში ჩეჩენი ბოევიკების განადგურებას ითვალისწინებს.

როგორც ირკვევა, ამ თამაშის შესახებ უკვე თავად საქართველოს პრეზიდენტიც ყოფილა ინფორმირებული. მეტიც, სააგენტოს ცნობით, ედუარდ შევარდნაძეს თამაში თურმე მოსწონს, მაგრამ ერთი რამე ეხამუშება - ინტერნეტთამაშში ნახსენები ტერორისტების ლიდერის, პაპაშვილის, გვარი ემთხვევა საქართველოს პრეზიდენტის პირადი დაცვის ხელმძღვანელისას, რომელსაც შევარდნაძე "სავსებით ენდობა".

ამ ფონზე, პანკისის ხეობასთან დაკავშირებით ინტრიგას ისიც აძლიერებს, რომ მარტის დასაწყისში საქართველოში სტუმრად ჩამოდის ამერიკელთა მეორე სამხედრო დელეგაცია, რომელიც დახურულ კარს მიღმა ქვეყნის პირველი სამხედრო პირებისგან საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციას ღებულობს.
[გია ბარამიძის ხმა] "ამერიკის შეერთებული შტატები ყველა მიმართულებით ინტერესდება საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ამჟამად ჩვენთან სტუმრად არიან ამერიკის სამხედრო-საჰაერო კოლეჯის მსმენელები, რომლებიც ცდილობენ უფრო დაწვრილებით შეისწავლონ ეს რეგიონი, რათა იცოდნენ არსებული პოლიტიკური სიტუაცია, იცოდნენ ზუსტად, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, იცოდნენ ჩვენი პრობლემები და ის პერსპექტივებიც, რაც ჩვენ - ორ ქვეყანას -შორის ურთიერთობას აქვს."
განაცხადა პარასკევს, ამერიკელ მსმენელებთან შეხვედრის დამთავრების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკის სამხედრო-საჰაერო კოლეჯი ამ სახეობის ყველაზე მაღალი საფეხურის სასწავლებელია, რომლის დამთავრების შემდეგ, როგორც წესი, მსმენელები ან მაღალ საშტაბო თანამდებობას იკავებენ, ან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამხედრო ატაშეებად იგზავნებიან. ცხადია, ეს გარემოება კიდევ უფრო აძლიერებდა ამ ვიზიტით მასმედიის დაინტერესებას. არადა, თავად კოლეჯის მსმენელები, რომლებიც გაცნობის მიზნით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩადიან, ძალიან გაკვირვებულები ჩანდნენ იმით, რომ საქართველოს ტელევიზიის ყველა არხი მათი შეხვედრების ამსახველ კადრებს უჩვენებდა.

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ნამდვილი საინფორმაციო ციებ-ცხელება მარტის ბოლოს დაიწყება, როდესაც ქართველი სამხედროების გასაწვრთნელად თბილისში 200 ამერიკელი ინსტრუქტორის ჩამოსვლა იგეგმება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG