Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის ახალი უშიშროების საბჭოს მდივანი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით?


6 მარტს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე აშშ-ში საქართველოს ელჩის,

თედო ჯაფარიძის დანიშვნის ფაქტს საქართველოს ჭრელი პოლიტიკური სპექტრი, ძირითადად, დადებითად გამოეხმაურა. ქვეყნის პრეზიდენტმა ახალი თანაშემწის მთავარ ძლიერ მხარედ საქართველო-ამერიკის ბოლოდროინდელ ურთიერთობათა დეტალებში წვდომა დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ დანიშვნით უშიშროების საბჭოს ფუნქციები კიდევ უფრო გაიზრდება. ამ დღეებში ცნობილი გახდა თავად თედო ჯაფარიძის პირველი კომენტარები, რომელშიც ახალი უშიშროების საბჭოს მდივანი მოსალოდნელ საორგანიზაციო ცვლილებებსა და, რაც მთავარია, საქართველოსთვის კონცეპტუალურად ახალი უსაფრთხოების სისტემის საჭიროებაზე საუბრობს. საინტერესოა გაირკვეს, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში მთელი უსაფრთხოების სისტემის ტრანსფორმირების საკითხი და რა ცვლილებებს უნდა მოასწავებდეს უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის ეს ინიციატივა.

1998 წლის აპრილში, თავდაცვის მინისტრად დამტკიცების შემდეგ, დავით თევზაძემ საქართველოს პრეზიდენტს ძალიან მოკლე, მაგრამ საყურადღებო ფრაზით მიმართა - მე ვარ სამხედრო და ჩემთვის მთავარი მკაფიოდ დასმული ამოცანაა.

დანიშნულება ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა, რომლის თაობაზეც პირველ განცხადებებს ჯერ კიდევ ვაშინგტონიდან აკეთებს ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი, უწინარესად, საფრთხეთა განსაზღვრასა და შესაბამის უწყებებისთვის ამოცანის სწორად დასმაში მდგომარეობს. თედო ჯაფარიძეს, რომელიც რვა წლის განმავლობაში თვალყურს ადევნებდა საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე პროცესებს, ცხადია,კარგად მოეხსენება, რომ ამგვარი ამოცანები სტრატეგიულ დონეზე განსაზღვრული არ ყოფილა. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს ფუნქციათა დუბლირებას, შეზღუდული მატერიალური რესურსებისა და კადრების დაქსაქსვას.

არადა, ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებას მესამე წელია შესასრულებელი აქვს მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოსა დ ამერიკის ევროპულ ძალთა სარდლობის შეფასების ჯგუფის რეკომენდაციები, რომლებშიც საუბარია იმ აშკარა საშიშროებაზე, რასაც არამოტივირებული სამხედრო ძალა ქვეყნის სტაბილურობას უქადის. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ბრძანებულებით, უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობა შესაბამის სახელმწიფო კომისიას ჯერ კიდევ 1998 წელს უნდა დაემთავრებინა.

ანალიტიკოსების თქმით, ეროვნული უსაფრთხოების მწყობრი სისტემის არსებობა შეუძლებელს გახდიდა "მუხროვანის ამბოხს" ან აფხაზეთის ტერიტორიაზე გელაევის რაზმების რეიდს, რასაც სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება ჯერაც არ მისცემია.

სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ექსპერტ დავით დარჩიაშვილის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად თედო ჯაფარიძის დანიშვნამ, ამერიკის მხარის დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლოა, ახალი იმპულსი მისცეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობის პროცესს.

[დავით დარჩიაშვილის ხმა] "შესაძლებელია, თუ ამაში არის სერიოზული დაინტერესება ისევ ამერიკელების მხრიდან. ეს, ალბათ, უბიძგებს უშიშროების საბჭოს სტრუქტურებსაც, იყვნენ უფრო აქტიურნი, უსაფრთხოების კონცეფციაც მიიღონ და სახელიც გადაირქვან. თუ არ არის, მაშინ პროცესი ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე მიდიოდა. ანუ, რაღაცა მცდელობები იქნება, მერე მათი გამომრიცხავი ნაბიჯები გადაიდგმება და ყველაფერი ადგილზე ტკეპნის ხასიათს მიიღებს".

მეორე ცვლილება, რაც თედო ჯაფარიძის დანიშვნით ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრუქტურაში იგეგმება, ორგანიზაციულ ხასიათს ატარებს. გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი საბჭოს ფუნქციების გაზრდასა და ახალი კადრების მოზიდვაზე საუბრობს. ჯაფარიძის თქმით, ფუნქციაგაზრდილი უშიშროების საბჭოს მდივანი, ე.წ "ძალოვანი" უწყებების გარდა, კოორდინაციას საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროებსაც გაუწევს.
თუმცა ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ არ არის გამორიცხული, და ამ ეტაპზე, შესაძლოა, უფრო ლოგიკურიც იყოს, რომ უშიშროების საბჭო ზედმეტი ფუნქციებისგან გათავისუფლდეს და, პირიქით, მეტი ავტონომიურობა სამინისტროებს მიენიჭოთ.
[დავით დარჩიაშვილის ხმა] "მე მგონი, ამას ლოგიკა აქვს, რადგან, თუ უწყებები არ იქნა ეფექტური, თუ მათ არ განსაზღვრეს თავისი მისიები, ფუნქციები ნათლად და არ იქნენ, ასე ვთქვათ, პოლიტიკის შექმნაში აქტიური მონაწილენი, თავისთავად ამ უწყებების ნაკრები უშიშროების საბჭო რამდენად ეფექტურად იმუშავებს, ძნელი სათქმელია."

დავით დარჩიაშვილის თქმით, სათათბირო-ანალიტიკური უჯრედი, რასაც, დებულების მიხედვით, უშიშროების საბჭო წარმოადგენს, დიდ როლს თამაშობს საბჭოს უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ფუნქციონირებაში, მაგრამ მათ არ უნდა შეცვალონ და დაუკარგონ მნიშვნელობა სხვა სტრუქტურებს. ამიტომ საჭიროა მოიძებნოს ფორმულა, რომლითაც, ერთი მხრივ, მოხდება ფუნქციათა დელეგირება სამინიტროებისთვის და უსაფრთხოების საბჭოსაც დარჩება ზოგადი მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქცია.
[დავით დარჩიაშვილის ხმა] "აქამდე ეს ფორმულა არ იყო ნაპოვნი. ალბათ, არ იყო იმიტომაც, რომ თავად პრეზიდენტი არ იყო ამით დაინტერესებული. ანუ ხედავდა ერთგვარ საფრთხის საფუძველს - ხომ არ გამოიწვევდა ფუნქციების დელეგირება ქვემოთ, რაღაცნაირად, მისი პიროვნული ზეგავლენის შესუსტებას".

საქართველოს პრეზიდენტი ამგვარ რადიკალურ რეფორმებზე ჯერჯერობით ხმამაღლა არ საუბრობს. დარჩიაშვილის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოს უსაფრთხოების დისკურსის გარკვევაში დიდად იქნება დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების რადიკალურ დაინტერესებაზე, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს პროცესების განვითარებას საქართველოში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG