Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთთან თანამშრომლობის თვალსაზრისით საქართველო კიდევ უფრო მეტ აქტიურობას იჩენს


11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან 6 თვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ცივილიზებული სამყარო ტერორიზმთან შეგუებას არ აპირებს,

რომ დასავლეთი და, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურ მხარდამჭერად მოევლინება ყველას, ვინც ტერორიზმთან ბრძოლას გადაწყვეტს. ამას საქართველოს გარშემო განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს. 11 მარტის გამოსვლაში პრეზიდენტმა შევარდნაძემ მათ უმნიშვნელოვანესი მოვლენები უწოდა. 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 6 თვის თავზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან ტექნიკური დახმარება მიიღო.

11 სექტემბრის უაღრესად ტრაგიკულმა მოვლენებმა დღევანდელ მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა. მიმდინარე ცვლილებები საქართველოზეც აისახება და დღეს, როცა 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან 6 თვის გასვლა აღინიშნება, ედუარდ შევარდნაძეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოს გარშემო უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება. 11 მარტს პრეზიდენტმა გაკვირვება გმოხატა იმის გამო, რომ მოქალაქეთა კავშირის ერთმა დაჯგუფებამ ოპოზიციაში გადასვლა სწორედ მაშინ ინება, როცა ჩვენი ქვეყნის გარშემო განვითარებული სერიოზული პროცესების მოწმე გახდა. ამ პროცესებთან დაკავშირებით კი, ამავე დღეს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვით,პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ფილიპინებს, იემენსა და საქართველოს ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე სტადიის ცენტრებად განიხილავს.

11 მარტს, 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად 6 თვის თავზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან ტექნიკური დახმარება მიიღო. კერძოდ: მესანგრეთა დაჯავშნული ფორმები, კავშირგაბმულობის საშუალებები, კომპიუტერული ტექნიკა და “უაზ”- ის ტიპის 3 ავტომანქანა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიალზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რემლერმა განაცხადა, რომ ეს დახმარება მშვიდობიან მოსახლეობას შორის უდანაშაულო მსხვერპლის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ფილიპ რემლერის ნათქვამს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ დასძინა, რომ აღნიშნულ დახმარებას არავითარი კავშირი არა აქვს იმ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან, რომელზეც ბოლო დროს ასე ბევრს საუბრობენ.

ასე თუ ისე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურება, სწორედაც რომ, ანტიტერორისტული ოპერაციის ჭრილში განიხილება და ამის გამო, საქართველოს გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმაც არ ცხრება. მასში, ალბათ, ახალ შტრიხს შეიტანს ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიასა და ბელგიაში, რომლის ფარგლებშიც ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაც იგეგმება. პრეზიდენტის თქმით, ეს ვიზიტი დაადასტურებს, რომ ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დიალოგს ნატოს ხელმძღვანელობასთან, ჯორჯ რობერტსონთან შეხვედრას. ვიზიტი კვლავ დაადასტურებს, რომ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთთან თანამშრომლობასთან ერთად, ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტია.”

ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა საგარეო ასპარეზზე საქართველოს საგრძნობი გააქტიურება, რაც მან სრულიად ბუნებრივ მოვლენად მიიჩნია. საინტერესოა, რამდენად აისახება საგარეო ასპარეზზე გააქტიურება საშინაო პოლიტიკაზე, რომელიც კვლავ ხელისუფლების კრიტიკის მიზეზად რჩება.
XS
SM
MD
LG