Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამაზ ნადარეიშვილი აფხაზეთში ტერორისტების ყოფნის კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს


აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტერორისტების ყოფნის ამსახველი ინფორმაცია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა სტრასბურგში,

ევროსაბჭოს ხელმძღვანელებს გადასცა და ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერა მოითხოვა. თბილისში დაბრუნების შემდეგ ნადარეიშვილმა აფხაზი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტების ყოფნის ამსახველი ფაქტები გამოაქვეყნა.

11 მარტის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით საქართველოში ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაციის ჩატარება გარდაუვალ რეალობად იქცა. ტერორისტებთან ბრძოლის გაჩაღება პანკისის ხეობაში იგეგმება. თუმცა კი ამ ფაქტმა განსაკუთრებით შეაშფოთა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა. სეპარატისტული რეჟიმების აფორიაქება უსაფუძვლო ნამდვილად არა არის, რადგან საერთაშორისო ტერორისტების თუ იარაღის კონტრაბანდის მფარველობისაგან ისინი არცთუ შორს დგანან. ამჯერად აფხაზეთზე გავამახვილებ ყურადღებას. იქიდან დევნილი ხელისუფლების ლიდერის თმაზ ნადარეიშვილის ცნობით, ამ დღეებში სოხუმის რაიონის სოფელ ციმურში „ალ-ყაიდას“ 60 კაციანი ჯგუფი გამოჩნდა. დევნილი ხელისუფლების სადაზვერვო სამსახურები ტერორისტების სამოსის ამსახველ ინფორმაციასაც კი ფლობენ და აცხადებენ, რომ „ალ-ყაიდას“ წევრები მათთვის დამახასიათებელ ფორმებს ატარებენ.

თამაზ ნადარეიშვილი აცხადებს, რომ დევნილ ხელისუფლებას მსგავსი ფაქტები ადრეც ჰქონდა, მაგრამ მას ყურადღებას არავინ აქცევდა. ყველაფერი 1990 წელს დაიწყო, როდესაც სოხუმში ისლამური კონფერენცია ჩატარდა და სოხუმი სეპარატისტულად განწყობილი რეგიონების კონფედერაციის დედაქალაქად გამოცხადდა.

[ნადარეიშვილის ხმა] „ის ბოევიკები, რომლებიც მერე იბრძოდნენ ჩეჩნეთში და მერე იბრძოდნენ იმავე ავღანეთში ან სხვა ქვეყნებში. მათ იქ მიიღეს პირველი ნათლობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში და დღეს ეს გვარები ყველასთვის უკვე ნაცნობი არის.“

ნადარეიშვილი იმასაც არ გამორიცხავს, რომ 1990 წლის კონფერენციაზე, შესაძლოა, ბინ-ლადენიც იღებდა მონაწილეობას. ამის ვარაუდის საფუძველს ისიც იძლევა, რომ აფხაზეთი ვაჰაბიზმისა და სხვა ფუნდამენტალისტური რადიკალური რელიგიური მიმდინარეობების ბუდედ იქცა. ნარკოტიკების წარმოების, იარაღით ვაჭრობისა და ტერორისტების მოსამზადებლად არაკონტროლირებადი და რუსი მშვიდობისმყოფელებისაგან დაცული აფხაზეთი ყველაზე ხელსაყრელ ტერიტორიას წარმოადგენს.

ამ და სხვა ფაქტებიდან გამომდინარე, თამაზ ნადარეიშვილი აუცილებლობად მიიჩნევს აფხაზეთის გაწმენდას კრიმინალებისა და ტერორისტებისაგან. [ნადარეიშვილის ხმა] „ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ შევეცდებით, რომ აი ის მიმართულება, რაც არის პანკისისკენ მიმართული, ჩვენ უფრო გადავიტანოთ აფხაზეთზე, რადგანაც, პანკისთან შედარებით, აფხაზეთში უფრო ფართოდ გვაქვს საქმე ამ ავადმყოფობასთან.“

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გამოთქვამდა იმედს, რომ ამერიკული დახმარებით მომზადებული ანტიტერორისტული სამხედრო ნაწილები შიდაკონფლიქტების მოსაგვარებლად არ იქნებოდა გამოყენებული, თუ ნადარეიშვილის მიერ წარმოდგენილი ფაქტები დადასტურდა, არაა გამორიცხული, ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელების არენად ქართულ -აფხაზური კონფლიქტის ზონაც იქცეს.
XS
SM
MD
LG