Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სილვიო ბერლუსკონი – ყველაზე გავლენიანი იტალიელი


ენცო ბიაჯი იტალიის ტელეჟურნალისტიკის ბებერი მუხაა, რომელიც უკვე ნახევარი საუკუნეა ამ საქმეს ემსახურება

და 82 წლის ასაკში კვლავაც ყველაზე პოპულარული გადაცემის ავტორია, მისი “ილ ფატო” მხოლოდ ფეხბურთისადმი მიძღვნილ საკვირაო გადაცემას ჩამოუვარდება მაყურებელთა რაოდენობით. ბიაჯი, გადა იმისა, რომ “რაი უნოში” ანუ იტალიის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე ახალი ამბების შემდეგ დღის მთავარ მოვლენას აშუქებდა წლების განმავლობაში, თავისი გადაცემა აქვს, წიგნების ავტორია და აქტიურად თანამშრომლობს პოლიტიკურ გაზეთ “ესპრესოში”. ამ ფართო ჰორიზონტისა და დამსახურების, ასევე პოპულარობის მიუხედავად, ენცო ბიაჯის ტელევიზიიდან გაშვებით დაემუქრნენ.

ახლახან მან თავის გადაცემაში მიიწვია სენატორი რენატო სკიფანი, იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ერთგული პირი, “ფორცა იტალიას” სახელით ცნობილი პარტიის წარმომადგენელი. სკიფანის ბიაჯიმ ჰკითხა, როგორ წარმოგიდგენიათ ტელევიზია, როგორი უნდა იყოს ისო. სტუმარმა წარბშეუხრელად უპასუხა, როგორ წარმომიდგენია და თქვენს გარეშეო. და შემდეგ “ფორცა იტალიას” წევრმა განუმარტა ღვაწლმოსილ ჟურნალისტს, ამას წინათ მემარცხენე ოპოზიციის კრიზისის შესახებ მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები რომ ალაპარაკე, შეცდომა იყო და ამ საქმის გამოსწორება შეგიძლია, თუკი ჩვენს ხალხსაც დაუთმობ ეთერსო.

სილვიო ბერლუსკონი არჩევნების დროს თავის ხმების 17 პროცენეტის დაკარგვას ასევე იტალიის ტელევიზიას აბრალებს. ძალზე დიდ ხანს მებრძოდნენ გარკვეული პირები როგორც პოლიტიკურ მკვლელსო.

თვითონ ბერლუსკონის არ აწუხებს, რომ ამ განცხადებებით თავის ძველ ნათქვამს ეწინააღმდეგება. ის კატეგორიულ უარზე იყო, რომ რომელიმე მისი სამი სატელევიზიო არხთაგანი საარჩევნო კამპანიაში პროპაგანდისთვის გამოიყენა. მაგრამ, საქმე ის არის, რომ იტალიაში არავის შესწევს ძალა, არც კანონს, დაუშალოს იტალიის უდიდესი სატელევიზიო არხის – “მედიასეტის” – ხელმძღვანელს, ბერლუსკონის, გარდაქმნას სახელმწიფო ტელევიზია.

17 თებერვალს, დასრულდა სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელობის ოთხწლიანი მანდატი. 1993 წლის ეგრეთწოდებული დროებითი კანონის თანახმად, სახელმწიფო ტელევიზიის ხუთკაციანი მმართველი საბჭო პარლამენტის ორივე პალატის თამჯდომარეების მიერ სახელდება. სამი ადგილი მთავრობას ეკუთვნის, ორი ოპოზიციას. ვინ იქნება არჩეული პრეზიდენტად, კულისებს მიღმა წყდება. ბერლუსკონი კვირების განმავლობაში ცდილობდა თავისი კანდიდატების გაყვანას. საქმე მხოლოდ თავმჯდომარეს არ შეეხებოდა, თითოეული განყოფილების ხელმძღვანელი, პროგრამების წამყვანები, მთავარი რედაქტორები, ყველა ეს თანამდებობა საჭირო ხალხს უნდა დაეკავებინა. სახელმწიფო ტელევიზია იტალიის ხელისუფლებისთვის ერთ სამინისტროზე მეტი წონისაა, ამბობს “ლეგა ნორდის” ლიდერი უმბერტო ბოსი. და ტელევიზია, სამინისტროს მსგავსად, პრემიერ-მინისტრის მიერ კონტროლდება.

სახელმწიფო ტელევიზიის კონტროლს ცდილობდა ყველა პრემიერი, ანდრეოტიც და კრაქსიც მათ შორის. მაგრამ დღეს საქმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს: სახელმწიფო ტელევიზიას გააკონტროლებს კაცი, რომელიც ამ ტელევიზიის უმთავრესი კონკურენტი ტელეარხის მფლობელია. საქმეში ჩაერია თვით იტალიის ჩვეულებრივ მშვიდი პრეზიდენტი კარლო აძელიო ჩამპიც კი. მისი თქმით, ჯანმრთელ დემოკრატიას პლურალიზმი და ის ხმები ესაჭიროება, რომელიც დამოკიდებულია მთავრობაზე. სახელმწიფოს თავი მაშინვე გააქილიკეს, სახელმწიფო ტელევიზიის პრეზიდენტი ტელეფონების ნომრების წიგნიდანაც შეგვიძლია ავირჩიოთო, თქვა კომუნიკაციების მინისტრმა ნაციონალური ალიანსის წევრმა, მაურიციო გასპარიმ.

მილანიდან შეეხმიანა სახელმწიფო ტელევიზიის მესვეურებს ვინმე ფედელე კონფალონიერი. ამ კაცს ასევე პრეზიდენიტობა სურდა. ის ბერლუსკონის ფირმის “ფინინვესტის” ხელმძღვანელია და თავის თავს ასე ახასიათებს: არც ასე ბევრია ჩემნაირი ადამიანი იტალიაში, ისეთი, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობის გარანტიის მოცემა შეუძლიაო.

ბერლუსკონიმ იანვარში სარდინიაზე თავის ძველი მეგობარი რუპერტ მერდოკი მიიწვია. მერდოკი ინეგლისურენოვანი მსოფლიოში მასმედიის უდიდესი მაგნატია, რომელიც დიდი ხანია ფიქრობს შეისყიდოს “მედიასეტი”. მაგრამ იტალიაში ბერლუსკონისა და მერდოკის შეხვედრას მხოლოდ ჭორები მოჰყვა, სინამდვილე, შეხვედრის თემა, უცნობი დარჩა. პირიქით ბერლუსკონი ტკბებოდა გავრცელებული ხმებით, რომ თითქოს, მერდოკი “მედიასეტს” შეისყიდის, ორივე ერთად აპირებს გადაიბაროს გერმანიის მედიის მაგნატის კირხის ქონება და მისთ. საქმე ის იყო, რომ მერდოკის მსგავსი პირების სტუმრობას ბერლუსკონი საკუთარი იმიჯის გამოსაკეთებლად იყენებს ხოლმე.

იტალიაში კი ბერლუსკონის სჭირდება იმიჯის გამოკეთება. საკუთარი ტელეარხების ეკრანებზე ბერლუსკონიმ გასული ექვსი თვის განმავლობაში 675 წუთი დაჰყო. ოპოზიციის ლიდერი რუტელი კი 39 წუთის განმავლობაში ჩანდა იმავე ტელეეკრანებზე. სახელმწიფო ტელევიზიის შემთხვევაში იგივე შეფარდება ასე გამოიყურება: 388 – 155-თან, ესე იგი პრემიერი ორჯერ და უფრო მეტად ხშირად იხილეს მაყურებლებმა.

იტალიას კონფლიქტები არ უკვირს. მით უმეტეს, რომ მთავრობამ ხელისუფლებაში ინტერესთა კონფლიქტების მოწესრიგების შესახებ კანონპროექტი წარადგინა პარლამენტში. მას “ლექს ბერლუსკონის” უწოდებენ, რადგან გამოჭრილია იტალიის უმდიდრეს კაცზე, გადასახადების ყველაზე დიდ გადამხდელზე, ფილმების მწარმოებელზე, მასმედიის მაგნატზე, ბანკირზე, უდიდეს გამომცემლზე, ინტერნეტის უდიდესი ფირმის მფლობელზე, ფეხბურთის კლუბის პრეზიდენტზე. გამოჭრილია სილვიო ბერლუსკონიზე, პრემიერზე, რომელიც ინტერესების კონფლიქტის მოგვარებას იმით შეუდგა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაც გაითავისა. სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილი მარინა, რომელიც “მედიასეტის” და “ფინინვესტის” თანახელმძღვანელია, გულწრფელად ამბობს: ვიცი, მამაჩემი სახელმწიფო ინტერესებს აყენებს ყოველთვის ფირმის ინტერესებზე მაღლაო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG