Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის


გერმანიასა და ბელგიაში გამგზავრებამდე ედუარდ შევარდნაძემ ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა, ნატოს ხელმძღვანელობასთან წინასწარ დაგეგმილი შეხვედრების გათვალისწინებით.

შევარდნაძემ ჩვენი ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვა დაადასტურა, თუმცა ცოტა ხნის წინ ის ნატოსა და ნეიტრალიტეტს შორის მერყეობდა. 18 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში შეხვედრები გამართა. 21 - ში კი თბილისში ნატოს ექსპერტებს ელიან.

ნატოსა და ნეიტრალიტეტს შორის მერყეობის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე ისევ ნატოსკენ იხრება და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბრობს. საქართველოს ნატოსკენ სწარფვა მან გერმანიასა და ბელგიაში ვიზიტის წინაც დაადასტურა.
ასეთი განცხადებები მიზანთან მიახლოებას თავისთავად არ ნიშნავს. ნატოს სტანდარტებთან მიახლოება საქართველოს დონის ქვეყნისგან სერიოზულ მუშაობას მოითხოვს და, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებამ საქართველოს არმიის ნატოს სტანდარტებთან მიახლოების გაიოლების იმედი გააჩინა, ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება დღეს და ხვალ რომ არ მოხდება, ნათელია. მაგრამ, თუ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებს უსაფრთხოების ევროპულ სისტემაში ხედავს, ორჭოფობის დაძლევას და მიზნის მკვეთრად გამოხატვასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

დღეს თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ შევარდნაძის ხელისუფლების საგარეო ვექტორს ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის თამაში შენელებული აქვს.
შევარდნაძემ გერმანიაში ყოფნისას თქვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გრძელვადიან გეგმაზე უარი არ უთქვამს, მაშინ არც 2005 წელს ნატოს კარზე დაკაკუნების თაობაზე დადებული დაპირება უნდა იყოს ყავლგასული და, თუ ასეა, ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოს სრულად და დამაკმაყოფილებლად მომზადება მართებს - არა ცარიელი განცხადებებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, არამედ საქმით.

სხვათა შორის, ამ საქმის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად უნდა განვიხილოთ ვაზიანის სამხედრო ბაზის ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მცდელობა, რისთვისაც გარკვეული სამუშაო უკვე დაწყებულია. როგორც ცნობილია, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ივნისში, ნატოს პროგრამით ‘პარტნიორობა მშვიდობისათვის,” მრავალეროვნული სწავლებები უნდა ჩატარდეს. ამ ღონისძიების დაფინანსებას ნატო კისრულობს, საქართველოს მხარემ კი ვაზიანის ბაზაზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარება ივალდებულა. იმისათვის, რომ სწავლება სასურველ გარემოში ჩატარდეს, 25000 დოლარი იქნა გამოყოფილი. ბაზის აღდგენაში, საკუთარი დაფინანსებით, თურქეთის მხარე მონაწილეობს.

21 მარტს თბილისში ნატოს ექსპერტებს ელიან. აქ მათ მრავალეროვნული სწავლებების მოსამზადებელი საკითხები უნდა განიხილონ.
აქვე ვიტყვი, რომ სწავლებებში მონაწილოების სურვილი გამოთქმული აქვს 15 ნატოს წევრსა და ნატოს პარტნიორ სახელმწიფოს, მათ შორის, სომხეთს და აზერბაიჯანს და არ არის გამორიცხული ამ სახელმწიფოთა რიცხვი გაიზარდოს.
მოკლედ, საქართველომ, რომლის ხელისუფლებაც ნატოსკენ სწრაფვას ადასტურებს, ნატოს პროგრამით დაგეგმილ ღონისძიებას უნდა უმასპინძლოს და მანამდე, ვნახოთ, რამდენად გაამართლებს ვაზიანის პოლიგონის ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მცდელობა.
XS
SM
MD
LG