Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის ბრალდებებისა და რუსეთის პოლიტიკური ინტერესების შესახებ


21 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მკვეთრ განცხადებებს,

საქართველოს საგარეო უწყება კიდევ ერთი საპროტესტო ნოტით გამოეხმაურა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიპლომატიური დაპირისპირებები, ძირითადად, ერთსა და იმავე საკითხებს უტრიალებენ, პარასკევს საქართველოს საგარეო უწყებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარებისა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკური ინტერესების შესახებ.

ქართული დიპლომატია ასეთი ფრთაშესხმული არასდროს ყოფილა! მეტიც, მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ადმინისტრაციამ საქართველოსადმი სამხედრო დახმარებაში უპირატესობა ანტიტერორისტულ საქმიანობას მიანიჭა, საქრთველოს ხელისუფლება ეიფორიამ მოიცვა. ცხელ გულზე, რამდენიმე ოფიციალურმა პირმა - მათ შორის, თავდაცვის სამინისტროდან - ისიც კი განაცხადა, რომ ამერიკელთა მომზადებულმა რაზმმა, შესაძლოა, სპეცოპერაცია ნებისმიერ ცხელ წერტილშიც და, მათ შორის, აფხაზეთშიც, განახორციელოს.

ასეთმა წინდაუხედავმა განცხადებებმა კი ოფიციალური მოსკოვისა და სოხუმის წარმომადგენლებს კარგი საბაბი მისცა, რათა საქართველოს ხელისუფლება, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით, "ორმაგი სტანდარტის" პოლიტიკის გატარებაში დაედანაშაულებინა.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, ქართული ისტებლიშმენტის მიერ ანტიტერორისტული ბატალიონის მომზადებაზე პოლიტიკური აქცენტების გადატანასა და ნიშნის მოგებით საუბრებს დიდად არც "თეთრი სახლის" წარმომადგენლები აღუფრთოვანებია, რის გამოც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა 22 მარტს საჯაროდ გამიჯვნოდა ზოგიერთი პოლიტიკოსის "ნალოლიავებ ოცნებას".
[კახა სიხარულიძის ხმა] "იმისათვის, რომ აბსოლუტურად ძირშივე გამოვრიცხოთ ყველას მცდელობა, რომ დაგვადანაშაულონ ანტიტერორისტული "აურის" ქვეშ საკუთარი კონფლიქტების გადაწყვეტის მცდელობაში, კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაცხადებ, რომ სპეცოპერაცია ერთი კაცის წინააღმდეგაც კი არ იგეგმება და არ განხორციელდება კონფლიქტის ზონაში."

მაგრამ ადამიანებს, ვერც საქართველოში და ვერც რუსეთში, პირს ვერ აუკრავ. მით უფრო, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს. და ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური რეალობა ორ მეზობელ სახელმწიფოში თითქმის იდენტურია. საკანონმდებელო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი პრობლემატიკის შეფასებაში სხვადასხვა აქცენტებს აკეთებენ.

მაშინ, როცა 20 მარტის დადგენილებაში საქართველოს პარლამენტი კონფლიქტის ზონიდან რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების გაყვანას კიდევ ერთხელ მოითხოვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ნაკლებად რადიკალურია და აღმოსავლური დიმლომატიის კლასიკურ სტილში აცხადებს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ფლობს სამშვიდობო რესურსს და მთავარი ამ რესურსის სწორად გამოყენებაა.
[კახა სიხარულიძის ხმა] "საჭიროა ე.წ. "სამშვიდობოთა" მანდატის შეცვლა, და სინანულით აღვნიშნავ, რომ ყოველგვარი მცდელობა ამ მიმართულებით ვერანაირ გამოხმაურებას ვერ ჰპოვებს."

მეტიც, როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ითვალისწინებდა რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მაგრამ იმავე რეგიონში გეოპოლიტიკური ინტერესები საქართველოსაც აქვს, რასაც რუსეთმაც უნდა გაუსწოროს თვალი. ამ საკითხებს კი, კახა სიხარულიძის განმარტებით, დაარეგულირებს რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ჩარჩო ხელშეკრულება, რომელზეც, სიტყვიერი შეხლა-შემოხლის მიუხედავად, მუშაობა ერთი წუთითაც არ წყდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG