Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორიზმთან ბრძოლა კონკრეტულ სახელმწიფოთა ინტერესებში


არავინ იცის ზუსტად სად არის დღეს მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხული ბენ ლადენი, მაგრამ მას ყველგან ეძებენ.

რჩება შთაბეჭდილება, რომ მას ყველა იქ ეძებს, სადაც ხელ აძლევს. ყველაფერი კონკრეტულ სახელმწიფოთა ლიდერების რწმენას ემყარება. მხოლოდ ეს არის, რუსეთის ხელისუფლებას ხან სჯერა რომ ბენ ლადენი, ან მისი მოძმეები საქართველოში, არიან, ხანაც სრულიად გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას. ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით დაწყებული დიდი გლობალური “შაბათობა” კი გრძელდება.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადების დასკვნით ნაწილში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენების შესახებ აღნიშნულია, რომ “საქართველომ კურსი აიღო საკუთარი და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრის მორიგი მცდელობისათვის შემზადებაზე. ამასთან, ოფიციალურ დონეზე მუსირებს უსაფუძვლო მტკიცება აფხაზეთის ტერიტორიაზე ვიღაც საერთაშორისო და არაბი ტერორისტების ყოფნის შესახებ. თბილისში კარგად უნდა დაფიქრდნენ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მსგავსმა პროვოკაციულმა და უპასუხისმგებლო მოქმედებებმა”, _ აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება. ამასთან დოკუმენტის შედგენისას არავის გახსენებია, რომ რუსი მშვიდობისმყოფელების მისია გარდა მეომარი მხარეების დაშორიშორებისა, აფხაზეთიდან ლტოლვილთა დაბრუნების უსაფრთხოების უზრუნველყოფას გულისხმობს და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება და კერძოდ, თავდაცვის უწყება კმაყოფილია საკუთარი კონტინგენტის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მოღვაწეობით, მაინც ყველასთვის ცხადია, რომ არანაირი მანდატი არ ითვალისწინებს იმას, რომ სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა სეპარატისტებს გადასცენ თუნდაც ყველაზე მძიმე დანაშულში ეჭვმიტანილი, ან როგორც ამას თავად რუსეთის თავდაცვის მინისტრი ამტკიცებს, “ჩვეულებრივი ბანდიტები”, რომლებიც ნებისმიერ კრიმინალურ სტატუსში საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელსაც ერთიან და სუვერენულ სახელმწიფოდ მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან ერთად ოფიციალურად აღიარებს რუსეთის ფედერაციაც.

დავუბრუნდეთ ისევ საგარეო უწყების განცხადებას, რომელშიც უსაფუძვლოდ არის მიჩნეული ეჭვი აფხაზეთში ტერორისტების ყოფნის შესახებ. ძნელად წარმოსადგენია, რომ რუსეთის უშიშროება აფხაზეთზე უკეთესად პანკისის ხეობის შესახებ ინფორმაციას ფლობს. თუმცა, პანკისში ტერორისტების და თანაც მსოფლიო მნიშვნელობის ტერორისტების ყოფნის შესახებ ეჭვი და შესაბამისად მათ წინააღმდეგ ზომების მიღება უფრო საფუძვლიანად მიაჩნია.

სულ რაღაც ერთი თვის წინ, თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი პარიზში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აცხადებდა: “ჩეჩნეთში მოქმედი ტერორისტული ჯგუფები რესპუბლიკის გარედან რომ არ იღებდნენ დახმარებას, ჩეჩნეთის პრობლემები გაცილებით სწრაფად მოგვარდებოდა. პრესაში გაჩნდა, შესაძლოა სენსაციური, ცნობა ბენ ლადენის პანკისის ხეობაში, ან ჩრდილოეთ კავკასიაში ყოფნის შესახებ. ვიღაცისთვის ეს შეიძლება სენსაციაა. მაგრამ ვინ თქვა, რომ ის იქ არ არის? არის სხვა მონაცემებიც იმის შესახებ, რომ ბოევიკები, რომლებიც იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ ავღანეთი, ეძებენ თავშესაფარს. ინფორმაციას, რომ იქ იყვნენ ჩეჩნები, დაქირავებული არაბები, დღეს უკვე აღარავინ უარყოფს. ზოგიერთი მათგანი საქართველოში პანკისის ხეობას აფარებს თავს, ზოგიერთი კი სხვა, მათი აზრით, უსაფრთხო ადგილს. ამიტომ აქ საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ურთიერთქმედება. ეს აუცილებელია ნებისმიერ ადგილას, სადაც საჭიროა ტერორიზმთან ბრძოლა: იქნება ეს ავღანეთში, თუ სხვა რეგიონებში, ვთქვათ, ბალკანეთში, ან კავკასიაში. და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საერთო მიზნის მიღწევას _ ტერორიზმის დამარცხებას. ვფიქრობ, თუკი ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ამ საერთო მიზნით, დანარჩენ საკითხებში ყოველთვის შევძლებთ ურთიერთგაგების მიღწევას”, _ ასე ხედავდა საერთაშორისო საზოგადოების მისიას იგორ ივანოვი ერთი თვის წინ და ასე მარჯვედ შეიტანა კიდევ ერთი შტრიხი პარიზში შეკრებილი საზოგადოების წინაშე საქართველოს ტერორისტებისთვის უსაფრთხო ადგილად დახასიათებაში. დღეს კი მისივე უწყება აცხადებს, რომ “ოფიციალური თბილისის ორაზროვანი პოზიცია იძლევა ეჭვის საფუძველს მისი ტეორირზმთან ბრძოლის და აგრეთვე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების განზრახვათა გულწრფელობაში”. ოფიციალური მოსკოვი აგრეთვე აცხადებს, რომ თბილისს სჭირდება უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ყოლა მდინარე ენგურის მიდამოებში აფხაზეთის მხარესთან და რუსეთის სამშვიდობო ძალებთან ურთიერთობების გამწვავების მიზნით იმისათვის, რომ საბოლოოდ ჩაშალოს მოლაპარაკებათა პროცესი. როგორც ჩანს, რუსეთმა გადაწყვიტა “ბოროტების ღერძის” საკუთარი ნუსხა შეადგინოს, თუმცა, შესაძლოა მან კვლავ ვერ გათვალოს და მის მიერ შედგენილი ვერსიით ისევ სხვებმა ისარგებლონ, როგორც ეს პანკისის შემთხვევაში მოხდა. ჟურნალ “კომერსანტ-ვლასტ”-ის ავტორი გენადი სისოევი წერს: “რუსეთმა გააკეთა ყველაფერი, რომ საქართველოში ამერიკელები შესულიყვნენ” და დასძენს, რომ რუსეთის ოფიციალური პირების შემაშფოთებელმა განცხადებებმა პანკისში ჩეჩენი და საერთაშორისო ტერორისტების ყოფნის შესახებ “შედეგი გამოიღო, თუმცა, შესაძლოა, არა ის, რომელზეც განცხადებათა ავტორები იმედს ამყარებდნენ”.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის ტაქტიკა არ იცვლება, შესაძლოა მათ ამჯერად წარმოებული კამპანიით “ქართულ-აფხაზური”კონფლიქტის ზონაზე ზრუნვის სფეროში ისევ საკუთარ და აქედან გამომდინარე, აფხაზ სეპარატისტთა ინტერესებსაც ავნონ.
ნინო გელაშვილი, “რადიო თავისუფლებისთვის”, მოსკოვი
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG