Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესრულდება თუ არა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი


საქართველოს მთავრობაში ახალი სახელმწიფო მინისტრის მოსვლის შედეგად, გამძაფრებული საკადრო გადაადგილებების პროცესი ყველაზე ბოლოს დანიშნულ მინისტრებსაც კი არ აძლევს მოდუნების საშუალებას.

ამის დასტურია საგადასახადო-შემოსავლების მინისტრის ლევან ძნელაძის მისამართით გამოთქმული შენიშვნები. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები მისი მომავალი კარიერის ბედს მნიშვნელოვნად განაპირობებს. სავარაუდოა, რომ ბიუჯეტი სწორედ ამიტომაც შეიძლება შესრულდეს.

ორი კვირის წინ, როდესაც მთავრობის სხდომაზე საგადასახადო შემოსავლების მინისტრ ლევან ძნელაძეს კოლეგებისა და, ბოლოს, პრეზიდენტის რისხვა დაატყდა, ძნელაძემ ხმამაღლა დაიქადნა, რომ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, მიმდინარე წლის იანვარ- თებერვალში საგადასახადო შემოსავლების გეგმა პირველად შესრულდა. მინისტრის განცხადებით, ის, იანვარ- თებერვლის მსგავსად, მარტის ბიუჯეტსაც შეასრულებს. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 25 მარტის მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძნელაძეს საამაყოდ ნამდვილად არ აქვს საქმე.

საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2002 წლის პირველი კვარტლის გეგმა მხოლოდ 75 პროცენტით აქვს შესრულებული, თუმცა სახაზინო სამსახურის უფროსი დავით რამიშვილი იმედს მაინც არ კარგავს. მან 25 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ: [რამიშვილის ხმა] „ამ ეტაპზე რამე შემაშფოთებელ საკითხს ვერ ვხედავ, დარჩენილია ერთი კვირა და,როგორც წესი, თვის ბოლოს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხების მობილიზება ხდება. რაიმე შემაშფოთებელი ინფორმაცია მე არ გამაჩნია იმაზე, რომ მარტის თვის გეგმა შეიძლება ჩავარდეს, საგადასახადო შემოსავლების კუთხით, ან რამე პრობლემა შეიძლება შეიქმნას. სავარაუდოდ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აუცილებლად შესრულდება.“

რამიშვილი, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს უფრო მაღალი რანგის მოხელეები, იმედიანად არიან განწყობილნი არასაგადასახადო შემოსავლების გეგმის შესრულების მიმართაც. ამ სახის სახსრების მობილიზებაზე უშუალოდ ფინანსთა სამინისტროა პასუხისმგებელი. ხაზინის ციფრების მიხედვით, ბიუჯეტის ეს ნაწილი საიმედოდ ნამდვილად არ გამოიყურება: ჯერჯერობით კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებელი მხოლოდ 15 პროცენტითაა შესრულებული. ამ ჩავარდნის ამოვსებას ფინანსთა სამინისტრო ერთი ხელის მოსმით გეგმავს. საქმე ისაა, რომ ეროვნულმა ბანკმა სახაზინო სამსახურს გასული წლის მოგება - 32 მილიონი ლარი უნდა გადასცეს. ფინანსთა სამინისტრო, ასევე, ელოდება დანიის სახელმწიფოს, დაახლოებით, 10 მილიონიან გრანტს. ეს თანხები ბიუჯეტის ქაღალდზე შესრულების საშუალებას ნამდვილად იძლევა.

ქაღალდზე შესრულებაში კი ის იგულისხმება, რასაც თითქოს ფინანსთა სამინისტრო ერიდება, მაგრამ, საბოლოო შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხაზინაში ხარჯების გასაწევად იმაზე ნაკლები ფული რჩება, ვიდრე შემოსავლით ნაწილში ფიქსირდება ხოლმე. თვალსაჩინო მაგალითად ეროვნული ბანკიდან მისაღები დივიდენდების შემთხვევა გამოდგება. ხაზინას ეროვნული ბანკის 19 მილიონიანი სესხი აქვს დასაბრუნებელი. აქედან - 16 მილიონის გასტუმრება ბანკიდან მიღებული დივიდენდებით მოხდება. ანუ რეალური თანხა ისევ უკან დაბრუნდება, ფინანსთა სამინისტროს კი ბიუჯეტიც შესრულებულად და ვალიც გასტუმრებულად ჩაეთვლება.

ბიუჯეტის გასავალი ნაწილი რომ მკაცრად იყოს განსაზღვრული, ასეთი ოპერაციების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა და, შესაბამისად, უხელფასოდ არ დარჩებოდნენ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროთა თანამშრომლები. დავით რამიშვილის განცხადებით, მათი უხელფასობა გამოიწვია: [რამიშვილის ხმა] „ძირითადად, ენერგეტიკამ. ენერგეტიკაზე პირველი კვარტლის განმავლობაში წასულია, მინიმუმ, 15 მილიონი, აქედან -თბილგაზი არის, დაახლოებით,13 მილიონი.“

სულ - არმიისა და პოლიციის სახელფასო დავალიანება 4 მილიონ ლარს შეადგენს. პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, მომავალ თვეში „თბილგაზისათვის“ ამდენივე თანხის გამოყოფა იგეგმება. როგორც ჩანს, ხელისუფლება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან შედარებით, პრიორიტეტს კვლავ სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებას ანიჭებს.
XS
SM
MD
LG