Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან აბაშიძის ძველი ფუნქცია ახალ პოლიტიკურ რეალობაში


ბოლო დღეების განმავლობაში ასლან აბაშიძის "ორბიტის" ყველაზე ერთგულ პოლიტიკოსს - გიორგი თარგამაძეს - არაერთხელ მოუხდა იმის მტკიცება,

რომ აჭარის ლიდერი არ არის ამერიკის სამხედრო დახმარების წინააღმდეგი; რომ ასლან აბაშიძის საფრთხის წყარო ამერიკის კი არა, საქართველოს ხელისუფლებაა. იგივე დაადასტურა თავად აბაშიძემ "ღამის კურიერის" პირდაპირი ეთერით გამოსვლისას.

რამდენად გულწრფელია აჭარის ლიდერი და, საერთოდ, რა არის ასლან აბაშიძის ფუნქცია ახალ პოლიტიკურ რეალობაში?

პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ერთი ნაწილი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ედუარდ შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს შორის ფარული ალიანსი არსებობს. ამგვარ ვარაუდს ორი წყარო ასაზრდოებდა. პირველი ის, რომ პრეზიდენტი და აჭარის ლიდერი პერიოდულად, მართლაც, პოულობდნენ საერთო ენას. მაგალითად, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე ედუარდ შევარდნაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ასლან აბაშიძე არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ეს მოსაზრება, რომელიც თავიდან უსაფუძვლოდ ოპტიმისტურად ჟღერდა, "გადაჭარბებით" დადასტურდა. ასლან აბაშიძემ ჯუმბერ პატიაშვილს აჭარაში საარჩევნო კამპანიაც კი არ ჩაატარებინა და თავისი მომხრეების ხმები სრულად გადაულოცა ედუარდ შევარდნაძეს.

შევარდნაძე-აბაშიძის ფარული ალიანსის თემას ასაზრდოებდა ის რეალობაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი მუდმივად დათმობით პოლიტიკას აწარმოებდა აჭარის ხელმძღვანელობასთან და თვალს ხუჭავდა ავტონომიის ფინანსურ თუ საკანონმდებლო თავნებობაზე.

სერიოზული არგუმენტების მიუხედავად, პოლიტიკური ლოგიკა ადასტურებდა, რომ ედუარდ შევარდნაძე და ასლან აბაშიძე სტრატეგიული მოკავშირეები არასოდეს ყოფილან. ის დაუნდობელი ბრძოლა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ გაჩაღდა მოქალაქეთა კავშირსა და ბლოკ "საქართველოს აღორძინებას" შორის, გაცილებით უკეთ გამოხატავდა შევარდნაძე-აბაშიძის ურთიერთობის არსს, ვიდრე ერთიანი პოლიტიკური პროცესის სხვა ეპიზოდები.

არჩევნებში თბილისისა და ბათუმის პოლიტიკური ცენტრები განსხვავებული კონცეფციებით წარდგნენ ამომრჩევლის წინაშე. პირველი კონცეფციის თანახმად, საქართველოს უნდა შეეძინა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ორი დიდი სამყაროს დამაკავშირებელი სივრცის ფუნქცია. აბრეშუმის გზა, ნავთობსადენი, გაზსადენი - საზოგადოებისთვის შეთავაზებული იყო არა იმდენად ეკონომიკურ, რამდენადაც პოლიტიკურ პროექტებად, რომლებიც ქვეყანას ადგილს დაუმკვიდრებდა მსოფლიო თანამეგობრობაში. იმისათვის, რომ საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ გარდაქმნილიყო, პირველი კონცეფცია საზოგადოებას ჰპირდებოდა მხარდაჭერას იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც დაიცავდნენ და გააძლიერებდნენ საქართველოს როლს დასავლეთ-აღმოსავლეთის ინტეგრაციაში. სწორედ ამ პოზიციიდან გამომდინარე, ასახელებდა პირველი კონცეფციის ავტორი - ედუარდ შევარდნაძე - საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად ამერიკის შეერთებულ შტატებს. სულ ადვილია იმის მიხვედრა, რომ არჩევნებში გამარჯვებული შევარდნაძე დღეს სწორედ თავის პოლიტიკურ კონცეფციას ახორციელებს.

მეორე კონცეფცია, რომელიც საზოგადოებას ბათუმის პოლიტიკურმა ცენტრმა შესთავაზა, კატეგორიულად უპირისპირდებოდა პირველს და გამომდინარეობდა არა აღმოსავლეთ-დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთ-სამხრეთის ინტეგრაციის მოდელიდან. ეს მოდელი, თავის მხრივ, რუსეთშია შემუშავებული და კაცობრიობის წინაშე რუსეთის მისიის ახალ გააზრებას ეყრდნობა. კერძოდ: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაინგრა ორპოლუსიანი გეოპოლიტიკური წონასწორობა. მსოფლიო მბრძანებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა ევრაზიის კონტინენტს. დარღვეული წონასწორობა აღდგენას მოითხოვს. ამიტომ, მსოფლიო სასიცოცხლო გეოპოლიტიკური აუცილებლობაა ევრაზიის კონტინენტზე ახალი პოლუსის შექმნა, რომელიც ამერიკას დაუპირისპირდება. ამ დაპირისპირების ლიდერი რუსეთი უნდა გახდეს, რადგან იგი ევრაზიის კონტინენტის შუაგულ მიწაზე მდებარეობს. რუსეთმა უნდა დაიბრუნოს თავისი ძველი გავლენის სივრცეები და კიდევ მეტად გაფართოვდეს, ექსპანსია კი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ უნდა გავრცელდეს. ეს გეგმები "ევრაზიული პროექტის" სახელით არის ცნობილი. ამ პროექტის იდეოლოგიიდან გამომდინარეობდა სწორედ ბათუმური ბლოკის კონცეფცია, რომელიც გულისხმობდა, რომ საქართველო უნდა გახდეს ხიდი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის; საქართველომ უნდა დააკავშიროს ორი - მართლმადიდებლური და ისლამური - სამყარო, ორი ცივილიზაცია, რომელთა უკონფლიქტო თანაარსებობის მოდელია სწორედ აჭარა.

მთელი ამ "ფილოსოფიის" არსი იყო აჭარის მეშვეობით რუსეთის სტრატეგიული ინტერესების დაცვა საქართველოში, რასაც მეტ-ნაკლებად ღიად ემსახურებოდა ბათუმის პოლიტიკური ცენტრი და მისი ლიდერი - ასლან აბაშიძე. ამ იდეოლოგიის პრაქტიკული გამოხატულება კი იყო და არის ასლან აბაშიძის პრორუსული ფუნქცია და, ამ ფუნქციიდან გამომდინარე, აბაშიძის პროტესტი ამერიკის გავლენის გაძლიერების მიმართ საქართველოში. ასე რომ, შევარდნაძეც და აბაშიძეც დღემდე ერთგულნი რჩებიან საკუთარი პოლიტიკური კონცეფციებისა და ახორციელებენ მათ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში.
XS
SM
MD
LG