Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლკოვნიკი წითელაშვილი საქართველოში მორიგ სახელწიფო გადატრიალებას წინასწარმეტყველებს


მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ ცნობები საქართველოში პერმანენტულად იჩენენ ხოლმე თავს სხვადასხვა მოღვაწის ანალიტიკურ პროგნოზებში.

მორიგი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ინფორმაციით 2 აპრილს საზოგადოების წინაშე ბატალიონ "ავაზას" მეთაური, პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი წარდგა. ერთ დროს ცნობილი საველე მეთაური ირწმუნება, რომ რუსეთის სპეცსამსახურები, ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი პირისა და სამხედროების ხელით, მაისში პრეზიდენტ შევარდნაძის ლიკვიდაციას გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ ეს სენსაციური განცხადება მოჰყვა კვირას გადაცემა "60 წუთით" ნაჩვენებ სიუჟეტს, რომელშიც იარაღის უკანონო ბიზნესში წითელაშვილის მონაწილეობაზეც იყო საუბარი.

პოლკოვნიკ წითელაშვილის ნაამბობით, იგი 1989 წლიდან, ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე, დასავლეთ საქართველოში მოქმედი სამხედრო კომისიის წევრი იყო და კომპარტიის წინაშე საქართველოდან საბჭოთა არმიის ნაწილების გაყვანის მოთხოვნას აყენებდა.
მოგვიანებით წითელაშვილმა ბატალიონი "ავაზა" ჩამოაყალიბა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ღებულობდა მონაწილეობას. 1992 წლის სექტემბერში, გაგრის დაცემის შემდეგ, ალყაში მოქცეული თითქმის მთელი ბატალიონი რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს და ადლერში გადაიყვანეს.

ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ წითელაშვილმა კვლავ შეძლო ბატალიონ "ავაზას" აღორძინება. თუმცა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ ქვედანაყოფი დამოუკიდებელ არსებობას წყვეტს, ხოლო ახალგაზრდა ოფიცერი ჯერ საშტაბო თანამდებობაზე გადაჰყავთ, 1998 წლიდან კი, დავით თევზაძის ბრძანებით დაწყებული საკადრო რეორგანიზების შემდეგ, წითელაშვილი თანამდებობის გარეშე რჩება და ამჟამად კადრების განკარგულებაში ირიცხება.

მოვლენათა ამგვარ განვითარებას კი წითელაშვილი აბრალებს რუსეთის სპეცსამსახურებსა და ეგრეთ წოდებულ "მეხუთე კოლონას", რომლებიც ორი მიმართულებით მოქმედებენ: გზიდან იშორებენ პატრიოტ ოფიცრებს და, პარალელურად, ქმნიან ნიადაგს ახალი სახელმწიფო გადატრიალებისთვის.
[ტრისტან წითელაშვილის ხმა] "მათ უნდათ მაისის თვეში სახელმწიფოში შექმნან პოლიტიკური დესტაბილიზაცია, რომ, ე.ი, გამოიყვანონ მოსახლეობა, შექმნან ქაოსი სახელმწიფოში და ამის შემდეგ, პარალელურად, იმოქმედონ შეიარაღებულმა ჯგუფებმა. პრეზიდენტის წინააღმდეგ მოხდეს თავდასხმა, ტერორისტული აქტი და იმ პირების მიმართ, რომლებიც პრეზიდენტს გვერდში უდგანან და ატარებენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას." [სტილი დაცულია]

წითელაშვილის ინფორმაციით, გადატრიალების მზადებაში აქტიურად არიან ჩართულნი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მყოფი გარკვეული პირები, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილე ვეტერანები, რომლებიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში მოტყუებით ჩააბეს.

როგორც წითელაშვილი აცხადებს, უფრო დეტალურ ინფორმაციას მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ შესაბამისი ორგანოები ჩეჩენი აიუბ პაიკაევისგან მიიღებენ, რომლის ბრალეულობის დასადგენად, პოლკოვნიკის განმარტებით, უშიშროების საგამოძიებო ორგანოები თურმე უკვე ახორციელებენ შესაბამის საპროცესო ქმედებებს.

მაგრამ, უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, აიუბ პაიკაევის საქმე ამ უწყებაში არ აღმოჩნდა.
გარდა ამისა, ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ წითელაშვილის ეს სენსაციური განცხადება მოჰყვა კვირას გადაცემა "60 წუთით" ნაჩვენებ სიუჟეტს, რომელშიც იარაღის უკანონო ბიზნესში სკანდალური პოლკოვნიკის მონაწილეობაზეც იყო საუბარი. ხოლო ფარული კამერით გადაღებულ კადრებზე, წითელაშვილთან ერთად, სწორედ ზემოხსენებული აიუბ პაიკაევი იყო დაფიქსირებული.

თუმცა პოლკოვნიკი აცხადებს, რომ, იარაღით ვაჭრობის საბაბით, პაიკაევთან კავშირზე გასვლა წინასწარ იყო შეთანხმებული უშიშროების ორგანოებთან და მიზნად ახალი სახელმწიფო გადატრიალების გეგმის გამჟღავნებას ისახავდა. ამ თვალსაზრისით, წითელაშვილს გარკვეული გამოცდილება, მართლაც, დაუგროვდა. იგი ბრალდების მთავარ მოწმედ გადიოდა სახელმწიფო ღალატში "მხილებული" გენერლის გუჯარ ყურაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელიც სახელმწიფო ბრალდების კრახით დასრულდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG