Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ჩაეშალათ “ნაციონალური მოძრაობის “ თავკაცებს სამეგრელოში დაგეგმილი შეხვედრა


“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს ზუგდიდში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრა ჩაეშალათ.

მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები იძულებულნი გახდნენ “პატრიოტთა კავშირის” სახელით მათთან მისულ პირებს დამორჩილებოდნენ და სამეგრელოს ტერიტორია მალევე დაეტოვებინათ. ასე რომ,
“ნაციონალური მოძრაობის” თავკაცებსა და ამ ორგანიზაციის სამეგრელოს ფილიალის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ისე ვერ შედგა, როგორც ჩაფიქრებული იყო. რატომ მოხდა ასე?

სამეგრელოს რეგიონი პოლიტიკოსთა საჯილდაო ქვად რჩება. საქართველოს ამ საკმაოდ რთულ კუთხეში გავლენის დამკვიდრებისთვის, როგორც ჩანს, კიდევ არაერთი ხმაურიანი დაპირისპირება მოხდება, მით უფრო, არჩევნების წინა პერიოდებში - მაშინ, როცა ხელისუფლების დამკვიდრების მოსურნე პოლიტიკურ ძალებს ხალხი და ხალხის პრობლემები გაახსენდებათ, როცა ესა თუ ის ძალა ხალხს ეტყვის, რომ ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველყოფა მხოლოდ მას და მეტს არავის შეუძლია. ასეთი წინასაარჩევნო მარათონი ჯერ წინ არის, თუმცა ცალკეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ხალხში გასვლას აქედანვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

საქართველოს რეგიონებში მოძრაობის მხრივ, ყველაზე მეტად “ნაციონალური მოძრაობა” აქტიურობს და პოლიტიკური შეხლა-შემოხლის ცენტრშიც სწორედ ამ მოძრაობის წარმომადგენლები ექცევიან, უფრო მეტიც, სამეგრელოს რეგიონში მათ შეიარაღებული ხალხი დაუპირისპირდა.

“პატრიოტთა კავშირის” წევრებმა ზუგდიდში ჩასული მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები არ შეუშვეს დარბაზში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებთან შეხვედრა იყო დაგეგმილი. იგივე მოხდა ხობშიც. სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი და კოტე კემულარია აიძულეს სამეგრელოს ტერიტორია მალევე დაეტოვებინათ. მოგვიანებით, უკვე თბილისში დაბრუნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოში მომხდარი ასე შეაფასა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ ხდება შეიარაღებული ხალხის გამოყვანა არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, თუ ჩვენ ამას შევეგუებით, უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ საქართველოში არასოდეს არ იქნება მშვიდობა, არასოდეს არ იქნება დემოკრატიული არჩევნები და ამ ქვეყანას არ ექნება მომავალი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის თემა, რომელიც არ უნდა გახდეს პოლიტიკურ პარტიათა შორის გარჩევის საგანი.”

მიხეილ სააკაშვილი და კოტე კემულარია სამეგრელოში “ნაციონალური მოძრაობის” საინიციატივო ჯგუფის შეკრებას უნდა მისალმებოდნენ. მაგრამ ადგილობრივებმა, რომელთა ჯგუფსაც ბადი ზარანდია ხელმძღვანელობდა, თბილისიდან ჩასულებს აუხსნეს, რომ მათ “ხუშტურებს” სამეგრელოში არ გაატარებდნენ. საქმე ხელჩართულ ბრძოლამდე არ მისულა, თუმცა დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. მიხეილ სააკაშვილი და კოტე კემულარია იძულებულნი გახდნენ სამეგრელოს ტერიტორია დაეტოვებინათ.

მაინც ვინ არის ბადი ზარანდია და რატომ მისცა მან თავს უფლება სამეგრელოს მოსახლეობის სახელით ელაპარაკა? ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტის ლაშა ბერულავს ინფორმაციით, ზარანდია და მისი ჯგუფის სხვა წევრები “მხედრიონთან” დაახლოებული პირები არიან, მოსახლეობაში ავტორიტეტი არა აქვთ, თუმცა მათ, როგორც პარტიზანული შენაერთის “ტყის ძმების” მეთაურის, დათო შენგელიას, მეგობრებს და კონტრაბანდისტებთან წილნაყარებს, ადგილობრივი პოლიცია არ ერჩის. ისინი, შეიარაღებულებიც კი, თავისუფლად მოძრაობენ. ასეთი ოპონენტების გარდა, “ნაციონალურ მოძრაობას” სამეგრელოში მხარდამჭერები ნამდვილად ჰყავს, მაგრამ ჰყავს შეუიარაღებელი ოპონენტებიც. სააგენტო “პრაიმ-ნიუსს” ზუგდიდის ერთ-ერთმა მცხოვრებმა უთხრა: “ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას ცდილობს და ამიტომ მათ სამეგრელოში არაფერი ესაქმებათო.”ასეა თუ ისე, თავად მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას პრეზიდენტი ცდილობს. 4 აპრილის პარლამენტის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძე მან სამოქალაქო ომის ინსპირატორადაც კი მოიხსენია:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “სანამ ჩვენ ვაწარმოებთ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობას, ედუარდ შევარდნაძე ამ ქვეყანაში ომს ვერ დაიწყებს, რათა გაიხანგრძლივოს არსებობა. მე ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. მე მინდა მივმართო შევარდნაძეს, რომ მეთოდები მოუძველდა. ჩვენი ხალხი შეიარაღებული პირების თარეშს არ დაუშვებს.”

ასე რომ, სამეგრელოში მომხდარიც პრეზიდენტს ბრალდება, ალბათ, იმიტომ, რომ ქვეყანაში და, მათ შორის, მის ერთ-ერთ რეგიონში არსებულ განუკითხაობაზე ერთადერთი პასუხისმგებელი სწორედ ის არის. პოლიტიკურ მოძრაობასთან შეიარაღებული პირების დაპირისპირება, თავისთავად, დასაგმობია. უბრალოდ, უნდა გავიხსენოთ, რომ ანალოგიური დაპირისპირებები, რომელთა ორგანიზატორიც თავის დროზე ყოფილი მმართველი პარტია იყო, იმავე მიხეილ სააკაშვილს არ გაუპროტესტებია.
XS
SM
MD
LG