Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო მანქანებთან დაკავშირებული სკანდალი დასრულდა


საქართველოს სამხედრო კომენდატურის თანამშრომლების მიერ 4 აპრილს დაპატიმრებული რუსეთის სამხედრო დაჯგუფების ორი სატვირთო მანქანა შაბათ საღამოსთვის დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა,

სადაც კონტეინერების გახსნა ერთობლივი კომისიისა და ჟურნალისტების თანდასწრებით მოხდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მოლაპარაკებები საქართველოს გენერალურ შტაბთან, რომელიც კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ რუსი სამხედროები კანონის დარღვევით მოქმედებდნენ.

რუსეთის საჯარისო დაჯგუფებისა და საქართველოს გენერალური შტაბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, დაკავებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები რუსული ბაზის სანივთე საწყობის ტერიტორიაზე შემოწმდა. ქართული მხარის მოთხოვნით, რუსმა სამხედროებმა მანქანების ძარაზე მოთავსებული ტვირთი მიწაზე გაშალეს. ერთსაათიანი შემოწმების შემდეგ, რასაც საქართველოს სამხედრო კომენდატურის მომკვლევები და კონტრდაზვერვის თანამშრომლები ადევნებდნენ თვალყურს, მანქანებში აღმოჩნდა მხოლოდ ნივთიერი ქონება - თეთრეული, თბილი ქუდები, სამხედრო კარვები, ფურნიტურა და ათასი წვრილმანი, რაც ახალქალაქის 62-ე სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობისთვის იყო განკუთვნილი.

სკანდალის "ბედნიერი დასასრული" დამატებითი არგუმენტი აღმოჩნდა რუსეთის საჯარისო დაჯგუფების წარმომადგენელთათვის, რომლებიც მთელი სამი დღის განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ავტომობილების გადაადგილების დროს არანაირი სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საქართველოში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების შტაბის პრეს-ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ლუცკევიჩმა რადიო "თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ ფაქტს უწოდა "ქარიშხალი ჭიქა წყალში", ხოლო სარდლობის ოფიციალური პოზიცია ასე ჩამოაყალიბა:
[პოლკოვნიკ ვლადიმერ ლუცკევიჩის ხმა] "სარდლობის შეფასებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ცალმხრივად აიღო საკუთარ თავზე პოლიციისა და საბაჟოს ფუნქცია. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, სხვა არაფერია, თუ არა საბაჟო შემოწმება საბაჟოს წარმომადგენლების დაუსწრებლად. რაც შეეხება ავტოკოლონის გადაადგილების კანონიერებას, ქართული მხარე ამის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული".

საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი თენგიზ ოშხერელი არ უარყოფს, რომ თბილისი-ახალქალაქის მარშრუტით მანქანების გადაადგილების შესახებ გენერალურ შტაბში ინფორმაცია, მართლაც, შევიდა, მაგრამ განაცხადში მითითებული იყო 29 მარტი და არა 4 აპრილი. თუმცა არსებობდა სხვა გარემოებაც, რის გამოც ამ კოლონის დაკავება გადაწყდა.
[თენგიზ ოშხერელის ხმა] "ეჭვი გამოიწვია იმან, რომ ერთი ბაზის, კონკრეტულად, 62-ე ბაზის მეთაურის ბრძანებაში საიდან აღმოჩნდა სხვა რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული 102-ე ბაზის პირადი შემადგენლობა და ტექნიკა"[სტილი დაცულია].

ასეა თუ ისე, სამხედრო ტვირთებთან დაკავშირებული კიდევ ერთი სკანდალური ისტორია სერიოზული გართულების გარეშე დასრულდა, რითაც ორივე მხარე კმაყოფილი ჩანდა. სამხედროები ხომ ყოველთვის უფრო სწრაფად პოულობენ საერთო ენას, ვიდრე პოლიტიკოსები.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG