Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა


ათწლეულზე მეტია, რაც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების განხილვისას, პოლიტიკოსები “დე ფაქტოსა” და “დე იურეს” შეჯერებით ცდილობენ მხარეების ინტერესთა სფეროების დაზუსტებას და კონფლიქტების პერსპექტივის გამოკვეთას.

პრიორიტეტულად, რა თქმა უნდა, აფხაზეთის საკითხი რჩება. თუმცა, ისევ პოლიტიკოსებს თუ დავეყრდნობით, მიუხედავად მეორეხარისხოვანი პოლიტიკური ფიგურების “გადათამაშებისა”, არსებით ცვლილებებს მხარეთა პოზიციებში არ უნდა ველოდეთ.

ქართველი კოლეგის ნაბიჯის საპასუხოდ, მარტის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში თავის საგანგებო წარმომადგენლად დანიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი, რომელმაც თავიდანვე ნათელყო, რომ “აღნიშნულ პრობლემასთან მიმართებაში რუსეთის პრინციპული ხაზის რაიმე შემობრუნება არ მოხდება და რომ საუბარია მხოლოდ რუსეთის, როგორც თბილისსა და სოხუმს შორის კონფლიქტის პოლიტიკური რეგულირების პროცესში შუამავლის ფუნქციის გააქტიურებაზე”.

რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი დარწმუნებულია თავის ქართველ კოლეგასთან ასლან აბაშიძესთან კონსტრუქციული ურთიერთობის პერსპექტივაში, თუმცა, საჭიროდ თვლის, ხაზი გაუსვას, რომ “აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში “ძალისმიერი ვარჯიშები”, “ცეცხლთან თამაში” მთელი ამიერკავკასიის დესტაბილიზების საშიშროებას ქმნის, ეხება რუსეთის უსაფრთხოებას და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ართულებს თბილისისა და სოხუმის შერიგებას”. გასაკვირი არ არის, მაგრამ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტთან საუბარში ლოშჩინინის მიერ გამოთქმული მოსაზრებები და პუტინის სოჭში გამოსვლის, პირობითად თუ ვუწოდებთ, “აფხაზეთის” ნაწილი, ერთი ერთზე ემთხვევა ერთმანეთს. უფრო ზუსტად კი, პრეზიდენტის წარმომადგენელი თავის უახლოეს გეგმად პუტინის მიერ სოჭში აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის, ანუ ე.წ. “კავკასიური ოთხეულის” უშიშროების საბჭოების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე “ქათმისა და კვერცხის” საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას სახავს. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში განაცხადა: “ჩვენ არ უნდა ვიყოთ შეპყრობილი ერთი შეკითხვით: ჯერ ქათამი იყო, თუ ჯერ კვერცხი? საჭიროა ბოლოს და ბოლოს მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება და გადავდგათ ნაბიჯი წინ. დარწმუნებული ვარ, ეს სარგებლობას მოიტანს. რადგან, თუ ნებისმიერი საკითხის გადაჭრისას პირობად სხვა საკითხებში კომპრომისს დავაყენებთ, წინ ვერასდროს წავალთ”.

პუტინის ამ სიტყვების საპასუხოდ ლოშჩინინი აცხადებს: “აუცილებელია, განისაზღვროს ინტერესთა დამთხვევის სფეროები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მუშაობა პოზიციების დაახლოებისთვის”. საბოლოოდ, საერთო ინტერესებზე დაყრდნობით პოზიციების დაახლოება ყველა მხარისგან უდიდეს კომპრომისს გულისხმობს და დღეს რეალობაში ამის განხორციელება სრულიად წარმოუდგენლად მოჩანს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპრომისზე უმეტესად სუსტი მხარე მიდის, კონფლიქტის მხარეების დაახლოების პერსპექტივა უფრო რუსეთთან დაახლოებაში შეჯიბრის პერსპექტივას ჰგავს. პუტინმა ხომ სოჭში აღნიშნა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პოლიტიკური პროცესის ჩიხიდან გამოყვანა გაეროს საგანგებო წარმომადგენლის მიერ მომზადებული დოკუმენტის გარდა, რომელიც თბილისსა და სოხუმს შორის კონსტიტუციური უფლებების გამიჯვნას გულისხმობს, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების დადებითი გამოცდილების გათვალისწინებითაც შეიძლება.

რა დადებით გამოცდილებას, ვისთვის დადებით გამოცდილებას, ან რა მოწესრიგებას გულისხმობდა, რუსეთის პრეზიდენტს გამოსვლაში არ დაუკონკრეტებია, თუმცა, რეალობით თუ ვიმსჯელებთ, ქართულ-ოსურ კონფლიქტში გამოცდილება რუსეთმა აღნიშნული კონფლიქტის ზონის რუსეთთან ინტეგრირების მცდელობაში მიიღო. ამას გარდა, სოჭში პრეზიდენტმა სრულიად გარკვევით განაცხადა: “არ უნდა დავივიწყოთ ლტოლვილები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელიან, მაგრამ რუსეთი ასევე ვერ დარჩება გულგრილი აფხაზეთში მცხოვრები 50 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქის ბედის მიმართ” და დასძინა, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს საკითხების ისეთ გადაწყვეტას, როგორიც რეგიონის ყველა მცხოვრების ინეტერესებს შეესაბამება.

ასე რომ, აქამდე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არაერთხელ ნათქვამი ფრაზა – “აფხაზეთის მოსახლეობის ერთ მესამედს რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ” – რუსეთის პრეზიდენტმა უკვე კონფლიქტის მოწესრიგების პროცესის ერთ-ერთ არგუმენტად აქცია.

ეფექტიანად იმუშავებს თუ არა ე.წ. “კავკასიური ოთხეულის” ფორმატი, გაურკვეველია. ოთხიდან თითოეული ჯერჯერობით კავკასიის რეგიონში ერთმანეთთან ან “მეხუთესთან” წყვილში, და არა ყოველთვის მშვიდობიანი მეთოდებით, ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG