Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ეკონომიკური შეცდომები დაუშვა საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ


დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მეთერთმეტე წელს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე კვლავ ის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები დგას, რასაც საფუძველი ჯერ კიდევ მაშინ ჩაეყარა.

თუ რა არის ეს პრობლემები და რატომ ვერ მოხერხდა მათი დაძლევა, ამის შესახებ ორ სხვადასხვა მოსაზრებას წარმოგიდგენთ.

ამ დღებში საქართველოში 1991 წელს იხსენებენ - იმ დროს, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ბევრი მაშინდელი ხელისუფლების იმ ეკონომიკურ შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც ქართული ეკონომიკის დაღმავლობის წინაპირობები შექმნა. პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის განცხადებით, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ეკონომიკური აზროვნების დეფიციტი იგრძნობოდა.

[კლიმიაშვილის ხმა] „მთელი იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე იყო, აი, ის ხელისუფლება, ეროვნულ ხელისუფლებას რომ უწოდებენ, არ მომხდარა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, შენარჩუნებული იყო კოლმეურნეობები, შენარჩუნებული იყო საბჭოთა სოციალისტური ეკონომიკური სისტემა. გორბაჩოვის პერესტროიკის დროს დაწყებული პატარა რაღაც თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, ისიც კი შეჩერებული იყო.“

კლიმიაშვილი იმ აქციასაც იხსენებს, როდესაც ხელისუფლებამ მოსკოვს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა და რკინიგზა გადაკეტა. მე გამსახურდიას მთავრობის პრემიერ მინისტრს, ფინეთში მცხოვრებ ბესარიონ გუგუშვილს, ტელეფონით დავუკავშირდი. მან განაცხადა, რომ ხელისუფლებაში არსებული ინფორმაცია რუსეთიდან ომის მოსალოდნელ საფრთხეზე მიანიშნებდა, ამიტომ ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანა ვცადეთ და სახელმწიფო კაპიტალიზმი გამოვაცხადეთო.

[გუგუშვილის ხმა] „ჩვენ კი არ გამოვუცხადეთ რუსეთს ბლოკადა, რუსეთმა გამოგვიცხადა ჩვენ ბლოკადა. ბლოკადა როგორ შეუძლია გამოაცხადოს იმან, ვინც ჩაკეტილია თვითონ; ციხეში მჯდომმა შეიძლება ბლოკადა გამოუცხადოს მეციხოვნეებს? რკინიგზა გადავკეტეთ იმიტომ, რომ რუსეთი ამ რკინიგზით ატომურ იარაღს ეზიდებოდა და ამერიკელებმა გვთხოვეს, რომ ჩაგვეკეტა ეგ რკინიგზა.“

ბესარიონ გუგუშვილი დასძენს, რომ მაშინ ამის ხმამაღლა თქმა მიზანშეწონილი არ იყო. შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, მითუმეტეს, ახალი, გამოუცდელი ხელისუფლება. მომდევნო 10 წლის მანძილზე კი შეცდომების გამოსწორება დიდი მონდომების გარეშეც იყო შესაძლებელი. 1995 წლის შემდეგ დაიწყო კიდეც ეკონომიკური გამოცოცხლების პროცესი, მაგრამ ის, რაც თითქოს შეუქცევადი უნდა ყოფილიყო, შეჩერდა და დაღმასვლა დაიწყო. რამაზ კლიმიაშვილის თქმით: [კლიმიაშვილის ხმა] „და ეს მოხდა რატომ? - დაახლოებით, 98 წელში ამოქმედდა ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც დაწერილი იყო საბჭოთა ჩინოვნიკების მიერ მხოლოდ და მხოლოდ კორუფციისათვის. მოხდა კორუფციის დაკანონება ამ საგადასახადო კოდექსის საშუალებით, დაკანონდა ოფიციალურად. და მორჩა, ეკონომიკა, ფაქტობრივად, დაიხრჩო.“

კლიმიაშვილის აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაშია. ბესარიონ გუგუშვილს კი მიაჩნია, რომ, ისევე როგორც პოლიტიკა, ეკონომიკაც სუფთა ხელებით უნდა იქმნებოდეს და სანამ ჯანსაღი, პატიოსანი ძალა არ მოვა ხელისუფლებაში, მანამ ქვეყნის ეკონომიკაშიც არაფერი შეიცვლება.
XS
SM
MD
LG