Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის ნაწილებს კოდორის ხეობაში მესაზღვრეები ცვლიან


10 აპრილს კოდორის ხეობის ზედა ნაწილიდან საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანის ვადა ამოიწურა. საქართველოს სამხედრო უწყების მონაცემებით, რეგულარული არმიის ქვედანაყოფმა,

რომელიც, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოსახლეობის დასაცავად ხეობაში შარშან სექტემბერს გადაისროლეს, პრაქტიკულად უკვე დატოვა დისლოკაციის ადგილი. სამხედროების ნაცვლად კი, კოდორის ხეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესაზღვრეებს დაევალათ. გარდა ამისა, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტად გამოდის გაეროს სამხედრო მისია საქართველოში, რომლის წარმომადგენლებმა რუს სამხედროებთან ერთად უნდა განაახლონ ერთობლივი პატრულირება ტყვარჩელის რაიონშიც, სადაც აფხაზ სეპარატისტთა სამხედრო ძალებია კონცენტრირებული.

რვათვიანი გაურკვევლობის შემდეგ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესი, როგორც იქნა, კვლავ განახლდა. ორ აპრილს ხელმოწერილი ოქმის თანახმად, ქართულმა მხარემ კოდორის დემილიტარიზება დაიწყო. პარალელურად მიმდინარეობს აფხაზური ფორმირებებისა და მძიმე საბრძოლო ტექნიკის გაყვანის პროცესი ქალაქ ტყვარჩელიდან. გარდა ამისა, ხელშეკრულება ავალდებულებს მხარეებს არ მიმართონ ისეთ საშიშ პროვოკაციებს, როგორსაც შარშან სექტემბერ-ოქტომბერში ჰქონდა ადგილი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შეცდომად მიიჩნევდა სამხედრო ძალის გაყვანას კოდორის ხეობიდან, სამხედროებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება პუნქტუალურად შეასრულეს და ადგილი დაუთმეს სასაზღვრო დეპარტამენტის ქვედანაყოფებს, რომელთა ყოფნასაც კოდორის ხეობაში აღნიშნული ხელშეკრულება არ კრძალავს.
[დავით თევზაძის ხმა] "ძირითადად, გამოყვანილია და შეცვლილია მესაზღვრეებით. მესაზღვრეები იქნებიან ზუსტად იმდენი, რამდენიც საჭიროა თავდაცვის პირველადი ღონისძიებების გასატარებლად, ანუ საკმარისი."

მესაზღვრეებით თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ქვედანაყოფების შეცვლა ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სასაზღვრო დეპარტამენტის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა კორნელი სალიამ დაადასტურა. სასაზღვრო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მესაზღვრეები უკვე განლაგდნენ კოდორის ხეობაში და ტარდება ღონისძიებები, რათა დამატებითი ძალებით გაძლიერდეს მესტიის კომენდანტურა. ამასთან, კორნელი სალია, გარკვეული მოსაზრებების გამო, არ აზუსტებს მესაზღვრეთა დისლოკაციის ადგილსა და მათ რაოდენობას და არც პროვოკაციების საშიშროებას გამორიცხავს.
[კორნელი სალიას ხმა] "ეს არის საომარი მოქმედებების ზონა, ხო. მაგ საფრთხეს ჩვენ ვერასოდეს ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენ სულყოველთვის უნდა დავგეგმოთ და გამოვიდეთ ცუდიდან. ახლა იმ ილუზიებში გადავვარდეთ, რომ იქ არაფერი არ მოხდება და ყველაფერი კარგად იქნება, ესეც არ შეიძლება. იქ საფრთხე ჩვენ მუდმივად გვაქვს და ამის მრავალი მაგალითი არსებობს" [სტილი დაცულია].

სამხედროებისგან განსხვავებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დიტერ ბოდენი. გაზეთ "დილის გაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში იგი დარწმუნებით აცხადებს, რომ ნაკისრ ვალდებულებებს ორივე მხარე აუცილებლად შეასრულებს და კოდორის ხეობის მოსახლეობას არავითარი საფრთხე არ დაემუქრება. მიუხედავად აფხაზური მხარის კატეგორიული წინააღმდეგობისა, გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი ასევე დარწმუნებულია, რომ პროგრესი მიღწეული იქნება სტატუსის განსაზღვრის საკითხშიც. მეტიც, ვინაიდან სტატუსის განსაზღვრა გაეროსა და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნაა, ამ საკითხის განხილვისაგან თავის არიდება დიტერ ბოდენს ყოვლად წარმოუდგენლად მიაჩნია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG