Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის მიერ შესრულებული სამუშაოები


საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის პროექტით შესრულებულ სამუშაოებს სახელმწიფო უწყებები ქვეყნის სიღარიბიდან გამოყვანის ქმედით საშუალებად მიიჩნევენ.

ამ სამუშაოების ციფრების ენით დეკლარირების შემთხვევაში სოციალური ინვესტიციების ფონდი, მართლაც, პომპეზურად გამოიყურება, თუმცა, მეორე მხრივ, ფონდში მოხვედრილ ინვესტიციებს უშუალოდ სიღარიბის შემცირებასა და ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან საერთო თითქმის არაფერი აქვს.

ისევე როგორც სხვა, 50-ზე მეტ, ქვეყანაში არსებული ფონდები, საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდი ეროვნული სტრატეგიის ინსტიტუციონალური პარტნიორია სიღარიბის დაძლევაში - ფონდის პროექტის საერთო ღირებულება პროექტის დასაწყისში 25 მილიონი ამერიკული დოლარით განისაზღვრა, რასაც მოგვიანებით დაემატა 5 მილიონი გერმანული მარკის ოდენობის გრანტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან.

საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდმა პროექტის განხორციელება საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით 1996 წელს დაიწყო. ფინანსთა მინისტრის მოადგილის კობა გვენეტაძის განცხადებით, პროექტის განხორციელების პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, დღემდე უკვე დასრულებულია 356 და განხორციელების სტადიაშია 30 ობიექტის რეაბილიტაცია. კიდევ უფრო დაწვრილებით: ფონდის პროექტების მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონ ნახევარ მოქალაქეს გადააჭარბა, სამშენებლო სამუშაოებში კი 10 500 კაცზე მეტი იყო დასაქმებული.
სტატისტიკისა და ანგარიშგებისთვის, შესაძლოა, ამ ციფრებს, მართლაც, ჰქონდეს რაიმე ღირებულება, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის სოციალურ მოთხოვნილებებს იგი პირდაპირ მაინც ვერ უპასუხებს- ავიღოთ თუნდაც ის 10 500 კაცი,რომელმაც დროებითი სამუშაო შეასრულა და ამჟამად კვლავ უმუშევარია.

რაც შეეხება საქართველოს სოციალურ ინვესტიციათა ფონდის ძირითად მიმართულებას - სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, 44, 7 პროცენტით პირველ ადგილზეა განათლების ობიექტების რეაბილიტაცია, მეორეზე - სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის გატარებული ღონისძიებები, მესამეზე - კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია, მეოთხეზე - ჯანდაცვა, მეხუთეზე - გზების შეკეთება, მეექვსეზე - ხიდების რეკონსტრუქცია და ასე შემდეგ.
[ზვიად გონაძის ხმა] “დაფინანსდა 1252 შემოსული წინადადებიდან 356 პროგრამა. 595 პროგრამა არის პირველ ეტაპზე იდენტიფიკაციისა. 215 პროექტი არის პროექტირების ეტაპზე. ყველა ეს პროგრამები, უარი, პრინციპში, არც ერთ პროგრამას არ ეთქმება. ეს პროგრამები არის სარეზერვო პროგრამები და, ვთქვათ, სსიფ-2-ის შემთხვევაში, უმრავლესობა მათგანის დაბრუნება და მათი ისევ განხილვა მოხდება”[სტილი დაცულია].
მიმდინარე წლის ბოლოსათვის საქართველოს სოციალური ინვესტიციების პროექტი, ეგრეთ წოდებული სსიფ-1, მუშაობას დაასრულებს. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას სსიფ-2-ს ამოქმედება.ფინანსთა მინისტრის მოადგილის ზვიად გონაძის თქმით, სსიფ –2-ის დაფინანსებაში მსოფლიო ბანკის ინვესტიციის წილი, სავარაუდოდ, ისევ 25 მილიონი დოლარი იქნება, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წილი კი მიმდინარე წილზე - 5 მილიონ მარკაზე - მეტი.
XS
SM
MD
LG