Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გადაურჩა კოდორის ხეობა და კიდევ რა ემუქრება მას


რუსეთის შეიარაღებულმა ძალამ კოდორის ხეობა დატოვა და ამით, როგორც პრეზიდენტი შენიშნავს, საქართველო ფართომასშტაბიან კონფლიქტში ჩართვას გადაურჩა.

აღნიშნული დამამშვიდებელ გარემოებად მაინც არ გამოდგება. არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ მსგავსი ქმედება აღარ განმეორდება, ეს ერთი, და მეორე - აფხაზთა მხარე საკუთარი სამხედრო დაჯგუფებების კოდორის მიმართულებით გადაადგილებით იმუქრება.

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი ულტიმატუმის ენით საუბარს იწყებს და აცხადებს, რომ თუ თბილისი არ შეასრულებს 2 აპრილს ხელმოწერილ ოქმს და კოდორის ხეობას ქართველი სამხედროებისგან არ დაცლის, ხეობის მიმართულებით საკუთარ შეიარაღებულ დაჯგუფებებს გადააადგილებს. თანახმად გავრცელებული ინფორმაციისა, რომელიც აფხაზეთის ეგრეთ წოდებული თავდაცვის მინისტრის მოადგილის აგრბას განცხადებას ეყრდნობა, აფხაზთა შეიარაღებული დაჯგუფებების კოდორის მიმართულებით გადაადგილების გეგმა უკვე შემუშავებულია და ამის შესახებ ინფორმირებულია გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიაც. გივი აგრბა ამბობს რომ, კოდორის ხეობისკენ სეპარატისტთა სამხედრო ოპერაცია აფხაზეთის მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით არის ჩაფიქრებული და, თუ ის გარდაუვალი იქნება, შეიარაღებულ კონფლიქტზე პასუხისმგებლობა საქართველოს მხარეს დაეკისრება. ამას ყველაფერს ემატება რუსეთის სამშვიდობო ჯარების სარდლის ევტეევის გამოსვლა, - ევტეევისა, რომელიც ირწმუნება, რომ კოდორის ხეობის ზედა ზოლში საქართველოს სამხედრო შენაერთისა და შეიარაღებულ მოქალაქეთა თავმოყრა შეიმჩნევა. როგორც ჩანს, ახალ პროვოკაციულ ჩანაფიქრთან გვაქვს საქმე. საქართველოს სასაზღვრო ძალების შტაბის უფროსი კორნელი სალია მთელი კატეგორიულობით აცხადებს, რომ კოდორის ხეობაში თავდაცვის სამინისტროს შენაერთი აღარ იმყოფება და ხეობის დაცვა მთლიანად სასაზღვრო ძალებზეა მინდობილი.

აფხაზთა მხარე ორმხრივი მოლაპარაკების განახლების პირობად საქართველოს არმიის ნაწილის კოდორის ხეობიდან გამოყვანას აყენებდა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ის სოფელ აჟარაში რუსეთის სამშვიდობო ძალების დამატებითი საგუშაგოს გახსნის წინადადებით გამოდის და ამასაც მოლაპარაკების განახლებას უკავშირებს. კოდორის ხეობაში დამატებითი საგუშაგოს გახსნისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზთა მხარე მოლაპარაკების განუახლებლობისთვის მიზეზს ეძებს. სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლასა და საქართველოს ფართომასშტაბიან კონფლიქტში ჩათრევაზე უნდა ყოფილიყო გათვლილი კოდორის ინციდენტიც. ამას პრეზიდენტი შევარდნაძეც ადასტურებს.
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ მოსალოდნელი იყო ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციის დაწყება, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა აფხაზეთის კონფლიქტის განახლება. შესაძლოა, უფრო მეტიც იყო ჩაფიქრებული.”

საქართველო ამას ყველაფერს გადაურჩა. მაგრამ რა იქნება შემდეგ, არავინ იცის. კოდორის ხეობაში ახალ პროვოკაციას არც პრეზიდენტი გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს. ასეთმა ადრინდელმა დაპირებამ გაამართლა, მაგრამ ეს დამშვიდებისთვის საბაბად არ გამოდგება. ჩვენი ხელისუფლების დაპირებები იშვიათად მართლდება.
XS
SM
MD
LG