Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტ გამოკითხვის შედეგები კოდორის ხეობაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის შესახებ


საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის დღემდე პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, თუ რა მიზანს ისახავდა კოდორის ხეობაში რუსი მშვიდობისმყოფლების შეჭრა.

ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების შეფასებები უფრო მათ პოზიციას გამოხატავს და შორსაა მოვლენის ობიექტური ანალიზისაგან. იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს მოსახლეობა ჯერჯერობით პასუხგაუცემელ კითხვაზე, ერთი ინტერნეტ გამოკითხვის ტენდენცია მიანიშნებს.

თუ რუსეთის პრესას მიაჩნია, რომ კოდორის ხეობაში სამხედრო დესანტის გადასხმით მოსკოვს სურდა თბილისისათვის სამაგიერო გადაეხადა ქართველი პარტიზანების მიერ ამასწინათ რუს მშვიდობისმყოფელთა გატაცების გამო, ქართული მასმედია კოსოვოს სცენარის გათამაშებასა და ომის გამოცხადების ვერსიებზე მსჯელობს.

ოდნავ განსხვავებული სურათი აჩვენა ქართულ ინტერნეტში ჩატარებულმა გამოკითხვამ. კენჭისყრა „ქართული კომის“ ახალი ამბების ვებ-გვერდზე მოეწყო. რახან რუსი სამხედროების დესანტის კოდორის ხეობაში დისლოკაცია მხოლოდ 2 დღე გრძელდებოდა და ქართული ინტერნეტიც ვერ დაიკვეხებს მომხმარებელთა სიჭარბეს, გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ 100 მდე ადამიანმა შეძლო.

ექსპერტების განცხადებით, ამ რაოდენობის რესპოდენტთა კვლევა ზუსტად ვერ ასახავს საზოგადოების აზრს და მისი შედეგები შეიძლება მხოლოდ მოსახლეობის მცირე სეგმენტის განწყობას გამოხატავდეს. მიუხედავად ამისა, მაინც საინტერესოა მოქალაქეთა იმ ჯგუფის შეხედულებების გაცნობა, რომელსაც ინტერნეტთან კავშირი აქვს, აინტერესებს პოლიტიკა, ეცნობა ყოველდღიურ ახალ ამბებს და აქტიურად გამოხატავს საკუთარ აზრს.

ინტერნეტში დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომ შევიდა კოდორში რუსი სამხედროების დესანტი, კენჭისყრაში მონაწილეთა 60 პროცენტმა უპასუხა, რომ მშვიდობისმყოფლებს ხეობის აღება სურდათ. 32 პროცენტი ფიქრობს, რომ ამით მოსკოვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობისათვის ხელის შეშლა უნდოდა. 8 პროცენტს დასმულ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს, ხოლო გამოკითხულთაგან არავის ჰგონია, რომ კოდორში შეჭრით რუს სამხედროებს მოსახლეობის დაცვა ჰქონდათ განზრახული. სოციოლოგ რამაზ საყვარელიძის განმარტებით:

[საყვარელიძის ხმა] „პასუხების ხასიათიდან გამომდინარე, მე მგონი, ეს განაწილება სიხშირეებისა მიუთითებს ზოგად ტენდენციაზე, რამდენადაც, პოლიტიკური ელიტა და ქართული მედია იძლევა ამ კომენტარს, ამ ინტერპრეტაციას, ჩემი აზრით, სწორ ინტერპრეტაციას, რომ რუსული ძალების გადმოსროლა კოდორის ხეობაში იყო, ძირითადად, ამ ტერიტორიის დაკავებისა და მიმდინარე პროცესების ხელის შეშლის მოტივით განპირობებული და არა ქართველების დასაცავად, რომლებსაც იქ არაფერი არ ემუქრებოდათ“[სტილი დაცულია].

ამავე თემის გაგრძელებაა რუსი ჯარისკაცების კოდორის ხეობიდან გასვლის შემდეგ მოწყობილი ინტერნეტგამოკითხვის შედეგების მიმოხილვაც. დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომ დატოვა რუსეთის სამხედრო ნაწილმა კოდორის ხეობა, კენჭისყრის მონაწილეთა 56 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს მოხდა მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლის გამო, 28 პროცენტი კოდორიდან რუსების გასვლას თბილისის აქტიურ ქმედებებს მიაწერს, 17 პროცენტი დარწმუნებულია, რომ მოსკოვმა ამით ედუარდ შევარდნაძეს გაუკეთა რეკლამა. რუსეთის მიერ შეცდომების აღიარების და ამიტომ პოზიციების დათმობისა კი არავის სჯერა.

[საყვარელიძის ხმა] „მე მგონი, რამდენიმე პასუხი ერთმანეთს ფარავს, ანუ მოსკოვი შეიძლება შეცდომას მიხვედრილიყო საქართველოსა და მსოფლიო ინსტიტუტების ზეწოლის გამო. ასე რომ, მოსკოვის მიხვედრა და ზეწოლა ერთმანეთს არ გამორიცხავს. რაც შეეხება შევარდნაძის რეკლამას, მე მგონი, ელემენტარულად, შევარდნაძე ვისაც არ უყვარს, იმან პირდაპირ გასცა პასუხი, არც დაფიქრებულა.“

რამაზ საყვარელიძე დაასკვნის, რომ რუსი მშვიდობისმყოფლების მოქმედება შეტაკების პროვოცირებას ისახავდა მიზნად, რასაც ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება და ხეობის ანექსია მოჰყვებოდა. მისი აზრით, მოსკოვი ასეთი აქციებით რეგიონში მეტოქის - ვაშინგტონის - ინტერესების შესწავლასაც ცდილობს და იმას არკვევს, თუ რას დაუთმობს მას საერთაშორისო საზოგადოება.
XS
SM
MD
LG