Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დემოკრატიული ფრონტის” ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია


მიხეილ სააკაშვილი და მის ირგვლივ გაერთიანებული “დემოკრატიული ფრონტი” ადგილობრივი არჩევნების წინა ოფიციალურ კამპანიას გახსნილად აცხადებს.

თუმცა კი, ამ გაერთიანების ხმაურიანი საარჩევნო კამპანია კარგა ხანია დაწყებულია. ხმაური და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა “დემოკრატიული ფრონტის” ლიდერების ფოთში ჩასვლასაც. მაგრამ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები ასეთი ინციდენტების გამო უკან დახევას არ აპირებენ. ისინი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას გააგრძელებენ და ახლო მომავალში წამყვანი სახელმწიფოების დედაქალაქებსაც ესტუმრებიან, მათ შორის, მოსკოვსაც.

მას შემდეგ, რაც “დემოკრატიული ფრონტის “ლიდერებს ზუგდიდსა და ხობში სააგიტაციო შეხვედრების ჩატარების საშუალება არ მიეცათ
(მიზეზი, როგორც გვახსოვს, ბადრი ზარანდიას დაჯგუფების ულტიმატუმი იყო. ამ უკანასკნელმა სამეგრელოს რეგიონში ჩასულ დეპუტატებს - მიხეილ სააკაშვილს, კოტე კემულარიასა და მათ თანამოაზრეებს - რეგიონის დატოვება მოსთხოვა), “დემოკრატიულმა ფრონტმა” გეზი ისევ სამეგრელოსკენ აიღო. ეს ყველაფერი 15 აპრილს ფოთში შემდგარი აყალმაყალით დასრულდა. წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ფოთში ჩასულ “დემოკრატიული ფრონტის” ლიდერებს ისევ ბადრი ზარანდიას დაჯგუფება დაუპირისპირდა. მიხეილ სააკაშვილი ამ ინციდენტსაც ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკას მიაწერს. ის აპირებს მიმართოს საქართველოში მოქმედ უცხო ქვეყნების საელჩოებს, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა ამ უკანასკნელთა მიერ ყველა ზომა იქნეს მიღებული საქართველოში დემოკრატიული პროცესების გადასარჩენად.

თავად პრეზიდენტმა ფოთის ინციდენტის მიზეზი “დემოკრატიული ფრონტის” და, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაინახა. “რაღა მაინცდამაინც მიშა ეხვევა ასეთ დაპირისპირებებში?” – იკითხა მან ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში.
მიხეილ სააკაშვილი კი ფიქრობს, რომ მასთან დაპირისპირების მიზეზი “დემოკრატიული ფრონტის” ძალაშია, ხელისუფლების ალტერნატივად მის ჩამოყალიბებაში. სხვათა შორის, ამ გაერთიანების ლიდერი მოსახლეობასთან მშვიდი და კონსტრუქციული შეხვედრების მომხრეა, თუმცა ამ ცოტა ხნის წინ, ზუგდიდიდან და ხობიდან გამობრუნების შემდეგ, სამეგრელოში “დემოკრატიული ფრონტის” ხელმეორე გასვლა ექსცესებისგან დაზღვეული რომ არ იქნებოდა, ნათელი უნდა ყოფილიყო. სად შედგება “დემოკრატიული ფრონტის” შემდგომი წინასაარჩეენო შეხვედრა, ჯერ დაუზუსტებელია. ფოთიდან დაბრუნების შემდეგ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ იქ წავა, სადაც ბევრი ხალხი დახვდება.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჩვენ გვინდა შევარჩიოთ მშვიდი შეხვედრების ადგილები, მაგრამ ეს არ ხერხდება. ეს რომ იყოს რომელიმე კუთხისთვის სპეციფიკური, იქ არ ჩავიდოდით. როცა ლანჩხუთში, ზუგდიდსა და გორში ჩვენთან დაპირისპირებები ერთნაირი სცენარით ხორციელდება, ჩანს, ყველგან ცენტრიდან დაგეგმილ ღონისძიებასთან გვაქვს საქმე. ჩვენ წავალთ იქ, სადაც ბევრი ხალხი დაგვხვდება.”


“დემოკრატიული ფრონტის” ოფიციალური საარჩევნო კამპანია, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება, საქართველოს რეგიონებში გასვლებით არ ამოიწურება. “ფრონტის” ლიდერები უახლოეს მომავალში წამყვანი სახელმწიფოების დედაქალაქებში, მათ შორის, მოსკოვშიც ჩავლენ, რათა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვიტონ, როგორსაც აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარის გაყვანა და კოდორის ხეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ვაპირებ, ჩემს მეგობრებთან ერთად, ევროპის ქალაქებში გამგზავრებას, მათ შორის: მოსკოვში, სტრასბურგში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, რათა ავიღოთ დამატებითი გარანტიები იმისთვის, რომ კოდორი არ დაიკარგოს და აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო მისია შეწყდეს.”

ასეთი გარანტიების მოპოვებისთვის ზრუნვას ოპოზიციონერი სააკაშვილი დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით აპირებს.
XS
SM
MD
LG