Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის როგორ წარმოუდგენია ახლო აღმოსავლეთში სისხლისმღვრელი დაპირისპირების მოგვარება?


ახლო აღმოსავლეთში ძალადობის ესკალაციის ფონზე, რომელიც რეგიონში ვერც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის 10-დღიანმა ვიზიტმა შეცვალა, ვაშინგტონი ამ ვიზიტის,

რაც შეიძლება, ოპტიმისტურად წარმოსახვას ცდილობს. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პაუელის ძალისხმევას წარმატებულიც კი უწოდა!

მაგრამ ბუში, ალბათ, ვერ დააჯერებს არაბულ სამყაროს, რომელმაც კარგად უწყის: პაუელმა ვერ მიაღწია ვიზიტის ვერც ერთ მთავარ მიზანს- ვერც მხარეების დაზავებას და ვერც ისრაელის გასვლას ბოლო დროს დაპყრობილი ტერიტორიებიდან. მაინც რაში ხედავს ბუში პაუელის ვიზიტის წარმატებას? ან როგორ წარმოუდგენია ახლო აღმოსავლეთში წარმატებული სამშვიდობო ძალისხმევა ზოგიერთ სხვა სახელმწიფოსა თუ ორგანიზაციას?

პრეზიდენტ ბუშის კმაყოფილების მთავარი მიზეზია განრიგი, რომელიც პაუელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა გადასცა. ამ განრიგის მიხედვით, ისრაელის ჯარები ერთი კვირის განმავლობაში გავლენ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის უდიდესი ნაწილიდან. [ჯორჯ ბუშის ხმა]”ეს არის მსოფლიოს რეგიონი, სადაც კაცის კვლას დიდი ხანია ვერ აჩერებენ. და მას ვერც სახელმწიფო მდივნის ერთი ვიზიტი შეაჩერებდა. სამაგიეროდ სახელმწიფო მდივნის ერთმა ვიზიტმა ძალისხმევის გეგმა და მშვიდობისაკენ მიმავალი გზა წარმოაჩინა”. ხუთშაბათს, როცა ჯორჯ ბუშმა ეს სიტყვები წარმოთქვა, კოლინ პაუელმა გამოთქვა იმედი, რომ, როგორც კი ისრაელის ჯარი ბოლო კვირებში ოკუპირებული დასახლებებიდან გავა, სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებაც მოხერხდება.

აი, ხუთშაბათსვე გაკეთებულ ზოგიერთ სხვა განცხადებაში კი უკმაყოფილება და მოუთმენლობა გამოსჭვივოდა: არაბული ქვეყნების ლიდერებმა და მას-მედიამ პაუელის ვიზიტს ”წარუმატებელი” უწოდეს და ვაშინგტონს ისრაელზე ზეწოლის გაძლიერებისაკენ მოუწოდეს; ფაქტობრივად მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ მოითხოვა ჯენინში მომხდარის გამოძიება - შეგახსენებთ, რომ ჯენინი არის პალესტინელი ლტოლვილების ბანაკი, სადაც ისრაელის ჯარების იერიშმა, როგორც ვარაუდობენ რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს მაჩვენებელი დადასტურებული არ არის, მაგრამ ტერიე როედ-ლარსენი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის წარგზავნილია, ჯენინის ბანაკის დათვალიერების შემდეგ ” წარმოუდგენელ საშინელებაზე” ლაპარაკობდა.

კოფი ანანის რეაქციამაც არ დააყოვნა: მან გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა თხოვნით, მხარი დაუჭიროს ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში მესამე, მიუკერძოებელი ძალის ჩართვას, რითაც ახლო აღმოსავლეთში მრავალეროვანი სამხედრო ძალების განთავსება იგულისხმება. ანანი ფიქრობს, რომ: [კოფი ანანის ხმა] ”ერთმანეთის პირისპირ დარჩენილ მხარეებს არ ძალუძთ უთანხმოების მოგვარება. ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ და ეფექტიან დახმარებას. ჩვენი ძალისხმევა უნდა წარიმართოს როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე კონფლიქტის ადგილას, რათა სისხლისღვრა შეწყდეს”.

ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭო ანანის ინიციატივაზე მსჯელობს (გაეროში ჩვენი კორესპონდენტი, რობერტ მეკმეჰონი გვაუწყებს, რომ ანანი გამოხმაურებას ”გამამხნევებლად” მიიჩნევს), ისრაელმა უარყოფითი პოზიცია გამოხატა. ის შიშობს, რომ მრავალეროვანი ძალები ტერორისტებისთვის ერთგვარად ფარად გადაიქცევა, რომ ტერორისტები არც უცხოელ სამხედროებზე თავდასხმას მოერიდებიან.

კიდევ ერთი ქვეყანა, რომლის რეაქციას ანანის ინიციატივასთან დაკავშირებით უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, არის შეერთებული შტატები და ის სიფრთხილეს იჩენს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ფილიპ რიკერმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი ემხრობა კონფლიქტში მესამე, მიუკერძოებელი მხარის ჩარევას. თუმცა, მისივე თქმით, ”გადაწყვეტილი ჯერ არაფერია”.
XS
SM
MD
LG