Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიძლია თუ არა კრიზისი კოდორის ხეობაში


საქართველოს ხელისუფლება კოდორის ხეობაში დაძაბულობის განმუხტვაზე საუბრობს, არადა, აფხაზთა და რუსეთის სამხედროთა შენაერთებს კოდორის მიმართულებით გაძლიერებული პოზიციები ჯერ არ დაუთმიათ.

სოხუმი - ისევე, როგორც რუსეთის სამშვიდობო ჯარების სარდლობა - რუსეთის სამშვიდობოებისთვის კოდორის ხეობის მონიტორინგის უფლების მინიჭებას ითხოვს, საქართველოს მხარე ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

რამდენად საფუძვლიანიც უნდა იყოს იმის მტკიცება, რომ კოდორის ხეობაში დაძაბულობა განმუხტულია, ქართულ-აფხაზურ-რუსული ურთიერთობები მაინც დაძაბული რჩება. რუსეთის საინფორმაციო წყაროები, უწინდებურად, მონდომებით ავრცელებენ ინფორმაციას, კოდორის ხეობაში მოსალოდნელ ახალ საშიშროებასთან დაკავშირებით. რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობა კი კოდორის ხეობაში ცალმხრივი პატრულირების უფლებას ითხოვს და ეს მოთხოვნა საქართველოს მხარესთან მოლაპარაკების პირობად გამოაქვთ აფხაზ სეპარატისტებსაც. სააგენტო "ინტერ-პრესის" ინფორმაციით, სოხუმის რეჟიმი, უჭერს რა მხარს რუსეთის სამშვიდობო ძალთა სარდლობის მოთხოვნას, აღნიშნავს, რომ სამშვიდობო ძალების მიერ გაეროს სამხედრო დამკვირვებლებისგან დამოუკიდებლად კოდორის ხეობის პატრულირების ეს მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება 1994 წლის 14 მაისის შეთანხმებას. არძინბას გარემოცვაში იტოვებენ იმედს, რომ საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ ოთმხრივ შეხვედრაზე საქართველოს დელეგაცია ზემოთ მითითებული შეთანხმებით იხელმძღვანელებს და სამშვიდობო ძალების სარდლობის მოთხოვნას დაჰყვება. არადა, სწორედ რუსეთის დელეგაციის მოთხოვნა გახდა ჭუბურხინჯის ამასწინანდელი ოთხმხრივი მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი. ამ შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციამ აჩვენა, რომ გაუმართლებელ კომპრომისზე წასვლას აღარ აპირებს. 22 აპრილს ედუარდ შევარდნაძემაც დაგმო რუსეთის სამშვიდობო ჯარების სარდლობის მიერ ჭუბურხინჯში გამოვლენილი, აშკარად, დესტრუქციული ქმედება და რუსეთის მხარეს შეახსენა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის კონფლიქტის პროვოცირებით საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა ვერ მოხერხდება.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "რუსეთის დელეგაციის ქმედება ჭუბურხინჯის შეხვედრაზე დასაგმობია, მაგრამ, მე არა მგონია, რუსეთს ხელს აძლევდეს საქართველოში კონფლიქტის გაჩაღება, მით უფრო, რუსი სამხედროების მონაწილოებით. მას ძალიან კარგად ესმის, რომ ამით ვერავითარ ქულებს ვერ ჩაიწერს და ვერც საქართველოს სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას შეცვლის."

პრეზიდენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ კოდორის ხეობაში ვითარება უკვე სტაბილურია, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ახალ საშიშროებაზე აღარ საუბრობს და რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობასაც და სეპარატისტულ რეჟიმსაც განუმარტავს, რომ კოდორის ხეობის პატრულირებასთან დაკავშირებული სადაო საკითხები ერთადერთი პირობით, რუსეთის სამშვიდობოებისა და გაეროს სამხედრო დამკვირვებლების ერთობლივ პატრულირებაზე შეთანხმებით, შეიძლება გადაწყდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკმაოდ ბუნდოვანია, შეძლებენ თუ არა მხარეები საერთო ენის გამონახვას და მომდევნო ოთხმხრივი მოლაპარაკების რაიმე შედეგამდე მიყვანას. საქართველოს ხელისუფლების მტკიცება, რომ კოდორის ხეობაში, მესაზღვრეების გარდა, არავითარი შეიარაღებული ძალა არ დგას, აფხაზებისთვის კვლავ არაფერს ნიშნავს. ეს არის რომ, სეპარატისტთა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გივი აგრბა, კოდორის ხეობაში შეჭრის ნაცვლად, ხეობის ბლოკირებით იმუქრება და აცხადებს, რომ თუ საქართველოს შეიარაღებული ძალები კოდორში დარჩებიან, ხეობის ბლოკირებისთვის დამატებით ზომებს მიმართვას.
XS
SM
MD
LG